106-წლიანი ისტორიის მანძილზე, "კარპიმ" პირველად მოიპოვა ელიტარული ლიგის საგზური და რა გასაკვირია, რომ ამ პატარა ქალაქში ეს მნიშვნელოვანი მოვლენა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. ერთი ეგაა, "კარპის" საშინაო არენა სერია A-ს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ სად იასპარეზებს გუნდი მომდევნო სეზონში.
გემახსოვრებათ, "კარპისთან" დაკავშირებით პატარა სკანდალიც აგორდა, როდესაც "ლაციოს" პრეზიდენტმა და "ლეგა კალჩოს" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კლაუდიო ლოტიტომ ასეთი განცხადება გააკეთა:
"ისეთი გუნდების აღზევება, როგორიც "კარპია", კიდევ უფრო დაამძიმებს იტალიური საკლუბო ფეხბურთის ვითარებას. როგორ უნდა გავუწიოთ კონკურენცია ინგლისის პრემიერლიგას, როდესაც გუნდებს სტადიონი არ აქვთ. ან რომელი ტელევიზია იყიდის მატჩის ტრანსლირების უფლებას, როდესაც თამაში ასეთ სტადიონებზე ტარდება".
მოკლედ, ლოტიტოს "კარპი" თვალში არ მოუვიდა, მის განცხადებას კი დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. უმეტესობამ ამ პატარა ქალაქის გუნდს მხარი დაუჭირა და ლოტიტო დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. მაშინ "კარპი" იბრძოდა ელიტაში აღზევებისთვის, დღეს კი მიზანი მიღწეულია. ბოლოს, სიტყვა გუნდის მთავარ მწვრთნელს, 60 წლის ფაბრიციო კასტორის გადავცეთ:
"2010/11 წლების სეზონში "კარპი" ლიგა პრო B-ში ასპარეზობდა, მომდევნო სეზონს კი სერია A-ში გავატარებთ. დაუჯერებელი ისტორიაა, რომლის სრულად გააზრებას დიდი დრო დასჭირდება. ჩვენი ქალაქისთვის ეს უდიდესი მოვლენაა, რადგან "კარპის" სერია A-ში არასდროს უთამაშია. დღეს ზეიმის დროა, ხვალიდან კი შრომა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მიზანია, რომ ელიტარულ ლიგაში საუკეთესოდ ვითამაშოთ და მთელი საფეხბურთო ევროპა გავაოცოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.....
-რა ენა წახდეს ერი დაეცესო - ბრძენკაცი ამბობს! ამ უბედურებს (ყველას არ ეხება, მხოლოდ ვაი ჟურნალისტებს) ეტყობა არაფერი აქვთ წაკითხული, სრულ უწიგნურობას ამჟღავნებენ ....