"იუვენტუსი" VS "ლაციო" - ვის დარჩება კოპა

AutoSharing Option
იტალიის თასის ფინალი 7 ივნისს უნდა გამართულიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ 6 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალია და იქ "იუვენტუსია" გასული, შიდაიტალიური დაპირისპირება 20 მაისს გადმოსწიეს.

დიახ, დღეს კოპა იტალიას ფინალია, რომელიც რომის ოლიმპიურ სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და რომელშიც ერთმანეთს "ლაციო" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდებიან...

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები ორივე გუნდს ჰყავს, მწვრთნელებმა მაინც თითქმის ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარეს თავი. სტეფანო პიოლი, სავარაუდოდ, 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს და წინა ხაზზე გამწესებულ მიროსლავ კლოზეს მოედნის სიღრმიდან სამ ფეხბურთელს დაახმარს: სტეფანო მაურის,
ანტონიო კანდრევას და ფელიპე ანდერსონს. დანილო კატალდი და ლუკას ბილია ტრავმირებულნი არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საყრდენ ხაზს მარკო პაროლო და კრისტიან ლედესმა გაამაგრებენ.

მასიმილიანო ალეგრი, სავარაუდოდ, იმ შემადგენლობას დაეყრდნობა, რომლითაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი დაიწყო - შეტევაში კარლოს ტევესი და ალვარო მორატა, ხოლო შუა ხაზში დიდი ოთხეული - პოლ პოგბას, არტურო ვიდალის, კლაუდიო მარკიზიოს და ანდრეა პირლოს შემადგენლობით. მიუხედავად იმისა, რომ ჯიჯი ბუფონი ჯანზეა, კარში მაინც მარკო სტორარი იდგება, რადგან იტალიის თასის პაექრობებში სწორედ ის იდგა კარში და მასიმილიანო ალეგრი ფინალშიც მას დაეყრდნობა.

მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსს" წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის, ხოლო "ლაციოს" ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლაში ორი გადამწყვეტი და ურთულესი პაექრობა, იტალიის თასის ფინალს ორივე გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მწვრთნელები შეგირდებს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდებენ. მით უმეტეს, "იუვენტუსს" დიდი ხანია, რაც თასი არ მოუგია, "ლაციოსთვის" კი ნებისმიერი ტროფეი უმნიშვნელოვანესია.

რომაელთა უპირატესობა საშინაო არენაა და ბუნებრივია, რომ "სტადიო ოლიმპიკოზე" "ლაციოს" გაცილებით მეტი გულშემატკივარი ეყოლება. "იუვეს" თავისი უპირატესობა აქვს - სკუდეტო დიდი ხანია, მოიპოვა და გასულ კვირას, "ინტერს" სანახევროდ მეორე შემადგენლობა დაუპირისპირა და ეს მაშინ, როდესაც "ლაციოს" ურთულესი მატჩი ჰქონდა "სამპდორიასთან" და წინ კიდევ უფრო რთული დაპირისპირება ელის დედაქალაქურ დერბიში.

მოკლედ, "ბიანკოჩელესტეს" უმძიმესი კალენდარი აქვს და ამად იყო, რომ რომაული კლუბის მესვეურებმა, სერია A-ს ეგიდით, "რომასთან" პაექრობის კვირიდან ორშაბათს გადატანა მოითხოვეს და "ლეგა კალჩომ" ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მოკლედ, "იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლამ არა მარტო იტალიის თასის ფინალის, არამედ რომაული დერბის თარიღიც შეცვალა და არც ისაა გამორიცხული, მომდევნო ტურში დაგეგმილი "ნაპოლი"-"იუვეს" ჯახიც კვირიდან ორშაბათს გადაიწიოს - ეს უკვე ნეაპოლელთა მოთხოვნაა, რომლებსაც არ უნდათ, რომ კონკურენტზე ერთი დღით ადრე ითამაშონ. გავცდით თემას, უმჯობესია, იტალიის თასის ფინალს დავუბრუნდეთ და კომენტარებს გავეცნოთ.

სავარაუდო შემადგენლობები
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, ჯენტილეტი, რადუ - პაროლო, ლედესმა - კანდრევა, მაური, ანდერსონი - კლოზე
იუვენტუსი (4-3-1-2): სტორარი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - პირლო, მარკიზიო, პოგბა - ვიდალი - ტევესი, მორატა

სტეფანო პიოლი ("ლაციოს" მწვრთნელი): "შესაძლოა, ბევრი ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. როდესაც "ლაციოში" მოვედი, ჩემი მიზანი ტიტულების მოგება იყო და როდესაც პირველ თასთან ასე ახლოს ვარ, უკან დახევას ნამდვილად არ ვაპირებ. ჩვენი მიზანი იტალიის თასის მოგება და გულშემატკივართა გახარებაა. შემადგენლობა? - ამაზე თამაშის შემდეგ ვისაუბროთ".

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ჩვენი მიზანი სამივე ტურნირის მოგებაა, რომლებშიც ვმონაწილეობთ და შესაბამისად, "ლაციოსთან" თავის დაზოგვას არ ვაპირებთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე საკმაო დროა დარჩენილი და გვაქვს საშუალება, რომ სრული კონცენტრაცია იტალიის თასის ფინალზე მოვახდინოთ. "ლაციოს" უპირატესობა "სტადიო ოლიმპიკოა", თუმცა ჩვენ ჩვენი პლუსები გვაქვს და მათ გამოყენებას შევეცდებით".

მიროსლავ კლოზე (ლაციო): "ფავორიტად "იუვენტუსს" მიიჩნევენ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თამაში "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება, ეს კი ჩვენ უპირატესობას გვაძლევს. ამასთან, ერთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შანსები თანაბარია. შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ბურთი გავაკონტროლოთ და ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა, თავადაც ხვდებით თუ რა რთული იქნება ტურინელთა ნახევარდაცვის დაჯაბნა. წინ დიდი მატჩია, რომლის პროგნოზირებას არავის ვურჩევდი, რადგან ეს ფუჭი საქმეა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ის მაინც არ უნდა იცოდე მორატა და მარკიზიო დისკვალიფიკაციის გამო რო ვერ ითამაშებენ...მაგარი ხარ ვიგაცა ხარ..
nika
12:12 20-05-2015
0
ნიკა
ეგ უნდა დამეწერა მეც ორივეს დისკვალიფიკაცია აქ, სავარაუდოდ 3-5-2 ითამაშებს ალეგრი ლორენტე და ბარძალი შეცვლის ამ ორს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული