მასიმილიანო ალეგრი: "იუვენტუსი" გაძლიერდება

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდა, განვლილ სეზონზე შთაბეჭდილებები გაუზიარა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ბუნებრივია, აქცენტი სატრანსფერო კამპანიაზე გაკეთდა. ამ ყველაფერზე ქვემოთ...

განვლილი სეზონი
სეზონი იმაზე უფრო წარმატებული გამოვიდა, ვიდრე ამას გულშემატკივრები, ჟურნალისტები და საფეხბურთო ექსპერტები მოელოდნენ. სერია A-ში ბევრი "რომას" თვლიდა ფავორიტად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე ხომ საერთოდ არ იყო ლაპარაკი.

სწორად გადავანაწილეთ ძალები, საჭირო მომენტში მოვუმატეთ და სეზონი ორი ტიტულით დავასრულეთ. მიჯრით მეოთხე სკუდეტო ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩვენი ახალი მიზანი ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა. ასევე,
მნიშვნელოვანი იყო იტალიის თასის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოგება და ბუნებრივია, ძალიან ბევრს ნიშნავდა ლიგის ფინალში გასვლა. "იუვენტუსი" ევროპაში დაბრუნდა და იქ ჩვენ ისევ პატივს გვცემენ.

გადაწყვეტი მომენტი? - თითოეული მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სწორედ ამ მიდგომით მივაღწიეთ დიდ წარმატებას. ისე კი, მადრიდის "რეალთან" დუელს გამოვყოფდი, რადგან სწორედ ესპანური გრანდის ძლევით დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.

ფინალი? - მატჩის დიდი ნაწილი, უპირატესობას "ბარსელონა" ფლობდა, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ინიციატივა ჩვენ ხელში გადმოვიდა და შეგვეძლო მეტოქისთვის გადამეწყვეტი დარტყმა მიგვეყენებინა. საბოლოოდ, მოხდა ის, რაც მოხდა, მე კი მჯერა, რომ "ბარსას" დამარცხება შეგვეძლო.

ტრანსფერები
ჩვენი მიზანია, რომ გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდეს და ამას აუცილებლად მივაღწევთ. არაა გამორიცხული, რომ ერთმა, ან ორმა ფეხბურთელმა დაგვტოვოს, მაგრამ მოვლენ ახლები, რომლებიც სრულფასოვნად შეცვლიან წასულებს. ალვარო მორატა კიდევ მოუმატებს, მისი სატრანსფერო ფასი კი ჩემი აზრით, 70-80 მილიონი ევროა. ჩვენი სურვილია, რომ მორატა ტურინში დარჩეს, თუმცა "რეალს" აქვს საშუალება, რომ ფეხბურთელი გამოისყიდოს. ბუნებრივია, ბევრი რამ თავად მოთამაშის სურვილზეა დამოკიდებული.

პოლ პოგბა? - თუ პრესაში გავრცელებული ცნობები მართალია და პოგბას სანაცვლოდ კლუბები 100 მილიონ ევროს იხდიან, რთული იქნება ამაზე უარის თქმა. პირადად ჩემი სურვილია, რომ ფრანგი დარჩეს, მაგრამ ასეთი წინადადების დროს, მთავარი სიტყვა მაინც კლუბის მესვეურებს ეთქმით.

რაც შეეხება გაძლიერებას, პაულო დიბალა და სამი ხედირა უკვე დიდი ძალაა, თუმცა ჩვენ ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. კიდევ რამდენიმე მიმართულებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, თუმცა დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, ვინ დაგვტოვებს, ან დაგვტოვებს თუ არა ვინმე. ნებისმიერ შემთხვევაში, "იუვე" კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე წინა წლებში.

მომდევნო სეზონი
როგორც უკვე აღვნიშნე, მომდევნო სეზონში ჩვენი მიზანი სკუდეტოს მიჯრით მეხუთედ მოპოვება იქნება. კონკურენტები ძლიერდებიან და დარწმუნებული ვარ, რომ მიზნის მიღწევა კიდევ უფრო რთული იქნება. თამასა ძალიან მაღლა ავწიეთ და იტალიის თასის მოგებისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ.

ერთ-ერთი ტროფეიც რომ დავთმოთ, წინა სეზონთან შედარებით, გაუარესებული შედეგი გვექნება. ამიტომ, სრული კონცენტრაცია და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას - ამ ტურნირზე დიდი გამოცდილება დავაგროვეთ, რაც წინ დაგვხვდება. ჩვენი მიზანი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგებაა და ეს უნდა გავაკეთოთ.

მანჯუკიჩი "იუვეს" სამიზნეში
ამასობაში, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა "კორიერე დელო სპორტმა", რომლის მიხედვითაც "იუვენტუსის" მესვეურებმა მარიო მანჯუკიჩთან მოლაპარაკება გამართეს და მასთან შეთანხმებას მიაღწიეს. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, 29 წლის ხორვატი ფორვარდი მზადაა, რომ კარიერა ტურინულ გრანდში გააგრძელოს და ეს ასეც მოხდება თუ კლუბები მოილაპარაკებენ ერთმანეთში. მადრიდელებს მარიოს გაშვება არ სურთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ყველაფერს და ყველას თავისი ფასი აქვს.

ხედირა განმარტავს
სამი ხედირა კიდევ ერთხელ გაესაუბრა ჟურნალისტებს და განმარტა, თუ რატომ მიიღო მადრიდის "რეალის" დატოვების გადაწყვეტილება და რატომ გადაბარგდა "იუვენტუსში":

"გული მწყდება, როდესაც ვკითხულობ, რომ "რეალი" ფულის გამო დავტოვე, რადგან "იუვენტუსმა" უკეთესი პირობები შემომთავაზა. რეალურად, მეტი სათამაშო დრო მინდიდა და "სამეფო კლუბში" ამის რეალური პერსპექტივა არ ჩანდა. რატომ შევაჩერე არჩევანი "იუვეზე"? - იმიტომ, რომ ფანტასტიკური გუნდია და ეს განვლილ სეზონში ნათლად გამოჩნდა. ტურინელებს დიდი გეგმები აქვთ და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული