ძლიერდება ტურინის "იუვენტუსი" თუ პირიქით?

AutoSharing Option
გასული სეზონი "იუვენტუსისთვის" მეტად წარმატებული გამოდგა, ტურინულმა გუნდმა ხომ იტალიაში ყვლაფერი მოიგო და ამასთან, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. მასიმილიანო ალეგრიმ ანტონიო კონტეს დაწყებული საქმე კარგად გააგრძელა და შეკრა გუნდი, რომელმაც მთელი საფეხბურთო მსოფლიო გააკვირვა.

"ეს გუნდი ჩემს "იუვენტუსს" მაგონებს და მისი განვითარების გვირგვინი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება" - ეს მარჩელო ლიპის სიტყვებია, რომელმაც თავის დროზე, "ვეკია სენიორასთან" ერთად დიდ წარმატებებს მიაღწია.

"იუვეს" ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოსაგებად და თითქოს, მართლა მიზანმიმართულად მიიწევს ამ დიდი ტროფეისკენ - თუმცა,
ისიც ფაქტია, რომ ამ ზაფხულს გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტოვებს და მომდევნო სეზონში ჩვენ საფუძვლიანად განახლებულ "იუვეს" ვიხილავთ.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანდრეა პირლომ "ნიუ იორკ სიტის" მესვეურებს თანხმობა უთხრა და კარიერას ამერიკაში გააგრძელებს, კარლოს ტევესი კი უკვე ბუენოს აირესის გზას ადგას.

პირლომ თქვა: YES!
როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, ანდრეა პირლომ მყარად გადაწყვიტა, რომ კარიერა ამერიკაში გააგრძელოს და "ნიუ იორკ სიტის" მესვეურებს 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე დათანხმდა. პირლო MLS-ის გუნდს ივლისში შეუერთდება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, მისი წლიური ხელფასი კი 6 მილიონი ევრო იქნება.

ანდრეა ტურინში ბრუნდება, რათა "იუვენტუსთან" კონტრაქტის გაწყვეტის დეტალები შეათანხმოს და შემდეგ კვლავ ნიუ იორკში გაფრინდეს. პირლოს "ვეკია სენიორასთან" ხელშეკრულებით კიდევ ერთი წელი აკავშირებს, მაგრამ იტალიური გრანდის მესვეურებს ნათქვამი აქვთ, რომ თუ 36 წლის ფეხბურთელი წასვლას გადაწყვეტს, მას არ შეაფერხებენ. სხვაგვარად შეუძლებელია, ეს ხომ ანდრეა პირლოა, რომელსაც ძალით ვერავინ ვერსად გააჩერებს.

"გაძეტა დელო სპორტი" პირლოს ტრანსფერს სანაკრებო ჭრილშიც გამოეხმაურა და გვამცნო, რომ ანდრეას ნიუ იორკში გადაბარგებაზე მწვანე ანტონიო კონტემაც აუნთო - ანუ ამერიკაში თამაში "სკუადრა აძურას" მწვრთნელისთვის პრობლემა არაა და ის აუცილებლად დაეყრდნობა ლეგენდარულ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატზე.

ავტორიტეტული გამოცემა მიიჩნევს, რომ პირლოს ოკეანის მიღმა წასვლა უკეთესიცაა ნაკრებისთვის, რადგან ბებერი კონტინენტის პირველობაზე ანდრეა შედარებით დასვენებული ჩამოვა და არა გამოწურული, როგორც ევროპაში მოასპარეზე ფეხბურთელების დიდი ნაწილი. მოკლედ, პირლო ევროპას ტოვებს, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე მას ვიხილავთ...

ნედვედი: ტევესი შეუცვლელია
"იუვენტუსის" ტექნიკურმა დირექტორმა პაველ ნედვედმა "გაძეტა დელო სპორტს" შემდეგი განუცხადა:

"კარლოს ტევესმა არგენტინაში დაბრუნება გადაწყვიტა და უახლოეს მომავალში, "ბოკა ხუნიორსთან" ხელშეკრულებას გააფორმებს. ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ, კარლოსის გადაწყვეტილებას კი პატივი უნდა ვცეთ. ვინ შეცვლის ტევესს? - კარლიტოსი შეუცვლელია, რადგან ის "იუვენტუსის" გამოკვეთილი ლიდერი გახლდათ და თამაშობდა მისი, სრულიად განუმეორებელი სტილით.

მოედანზე უდიდეს სამუშაოს ასრულებდა და ეფექტური იყო როგორც სიღრმიდან, ისე დამაგვირგვინებელ ფაზაში. თანაბარი წარმატებით შეეძლო დასწრებაზე თამაში და შორი მანძილიდან ყუმბარისებური დარტყმა. შესანიშნავად ხედავდა მოედანს და არც პასი ეშლებოდა. ის არის ფორვარდი, რომელსაც სეზონში 25 და მეტი გოლის გატანა შეუძლია.

პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვყავს ის ფეხბურთელი, რომელიც ტევესის როლს შეასრულებს - ჩვენ უნდა გადავაწყოთ გუნდი და სხვა პლუსები ავამოქმედოთ. ეს უკვე მასიმილიანო ალეგრის საქმეა და დარწმუნებული ვარ, რომ ოპტიმალურ გამოსავალს მოძებნის".

განახლებული "იუვე"
"იუვენტუსს" ტოვებს კარლოს ტევესი, ანდრეა პირლო და შესაძლოა, პოლ პოგბაც. სამაგიეროდ, ტურინელებმა დაიმატეს სამი ხედირა, პაულო დიბალა და მარიო მანჯუკიჩი. გარდა ამისა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ ტურინულ გრანდში გააგრძელებს კარიერას სიმონე ძაძა. აი, ფერნანდო ლორენტე კი, დიდი ალბათობით, დატოვებს იტალიას.

მოკლედ, სახეცვლილ "იუვეს" ვიხილავთ და ჯერჯერობით, მეტად რთული სათქმელია, ეს გაძლიერებაა და შესაბამისად, კიდევ ერთი ნაბიჯი იმ ლოგიკური ფინალისკენ, რაზეც მარჩელო ლიპი საუბრობდა თუ პირიქით, გზას ასცდება ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. ქვემოთ, ორ საინტერესო კომენტარს გავეცნოთ "იუვენტუსში" მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით...

ჯუზეპე მაროტა ("იუვენტუსის" სპორტული დირექტორი): "რამდენიმე ფეხბურთელი უკვე დავიმატეთ და კიდევ რამდენიმე მიმართულებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. არის ძალიან საინტერესო ვარიანტები, რომელთა შესახებ ჯერ პრესაში არ თქმულა და მეც თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან. გამომდინარე იქიდან, რომ ორი-სამი წამყვანი ფეხბურთელი გვტოვებს, სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაა საჭირო და ასეც არის. გულშემატკივრები მშვიდად უნდა იყვნენ, რადგან "იუვე" კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე იყო".

მარჩელო ლიპი: "ტევესის და პირლოს წასვლა დიდი დანაკლისია, მაგრამ ტურინელებს აქვთ რესურსი, რომ გუნდი არ დაასუსტონ. მარიო მანჯუკიჩი კარგი შენაძენია - ის ტიპური ცენტრფორვარდია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალეგრი გუნდს 4-3-3 სქემაზე გადააწყობს. რეალურად, "იუვეს" არ ჰყავს გარემარბები და მათ შეძენას არც აპირებენ.

"იუვენტუსი" ძველი ტაქტიკით ითამაშებს, ფორვარდებს კი როტაცია შეეხებათ. გაძლიერდა თუ დასუსტდა "იუვე"? - სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და იმედი მაქვს, რომ ტურინელები კიდევ დაიმატებენ ფეხბურთელებს, ჯერჯერობით კი გაძლიერებაზე ლაპარაკი ცოტა გადამეტებულია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული