დღეს მსოფლიო ფეხბურთი ისე მდიდარი ვეღარ არის ვარსკვლავებით, ოთხმოცდაათიანებში რომ იყო. აღარც კასანოს გაქანების ფეხბურთელები არიან ბლომად. ბლომად კი არა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მათი რაოდენობა თითებზეა ჩამოსათვლელი.
უდიდესი ნიჭის პატრონმა იტალიელმა მხოლოდ სანახევროდ შეძლო თავისი მართლაც რომ განსაკუთრებული პოტენციალის გამოვლენა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ის მსოფლიოს გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის ჩამდგარიყო.
ყველაფერი
"ბარი" უტევდა და ანტონიოც უტევდა - ქუჩაში გაზრდილმა ბიჭმა, უბრალოდ, არ იცოდა, რა იყო მოწინააღმდეგის რიდი. მაშინ კასანოს თამაში შიშველი ნიჭი იყო. ის უტევდა ინდივიდუალურად და გატაცებით. მაშინ სერია A-ში მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავები თამაშობდნენ. თავად ლიგა ტაქტიკური ნიუანსებით იყო გადატვირთული. კასანომ და "ბარიმ" ტაქტიკისა ბევრი არაფერი იცოდნენ.
ამ ბიჭებმა იცოდნენ ერთი - ხალხი სტადიონზე შემტევი ფეხბურთის სანახავად მოდის. მოდის იმისათვის, რომ დახარჯოს ბევრი ადრენალინი. კასანოს თამაშის ცქერისას ქომაგი ადრენალინის დიდ დოზას კარგავდა.
დიდებული ურთიერთშეხამება იყო. იმ დროს იყო მინდორზე ყველაზე ნამდვილი კასანო. კასანო, რომელიც არავის ემალებოდა და არც დიდი გუნდის მარწუხებში იყო მოქცეული. ყველაფერი მთავრდება და "ბარიც" დამთავრდა. ცხადია, ეს უსასრულოდ ვერ დასრულდებოდა.
მერე იყო "რომა". დიდებული პერიოდი "გლადიატორებში" და გადასვლა მადრიდის "რეალში". "სამეფო კლუბში" კასანოს არაფერი გამოუვიდა. იყო ტრავმები და დიდი ვარსკვლავები და კიდევ ერთი ფაქტორი: "რეალი" უცხო იყო იტალიელი ფეხბურთელებისათვის.
ანტონიო კასანო შეიქმნა მეორე იტალიელი კრისტიან პანუჩის შემდეგ, რომელმაც "რეალის" მაისური მოირგო. ეს ფაქტორი, ალბათ, უმნიშვნელო იყო, მაგრამ მაინც სათვალავში ჩასაგდები. მთავარი კი ანტონიოს ხასიათი იყო.
ეს ხასიათი მოდის მას შემდეგ, რაც ამ 33 წლის წინათ ბარიში ქვეყნიერებას ანტონიო კასანო მოევლინა. ის არასოდეს იცავს რეჟიმს. მას შეუძლია, თამამად გააკრიტიკოს კლუბის პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი. მას შეუძლია გამოლანძღოს პარტნიორი ერთი არასწორი პასის გამო.
ის მეგობრობს ბარის ძველბიჭობასთან და ამით ძალიან ამაყობს. მათ ანტონიო ძალიან უყვართ. კასანოს არაერთხელ გაუმართავს ხელი ძველი მეგობრებისათვის. კასანო ქუჩის ბიჭია. კარგიც და ცუდიც. მას ცხოვრებამ ასწავლა, რომ ქედი არასოდეს მოიხაროს.
სხვა საქმეა, რომ მისი ეს ხასიათი და ცხოვრების წესი მაგრად ვერ ეხამება ფეხბურთს. არადა, "რეალიდან" წასვლის შემდეგ ანტონიოს კიდევ ჰქონდა კარიერაში შესანიშნავი პერიოდი. ეს პერიოდი სწორედაც რომ "სამპდორიას" უკავშირდება.
"სამპაში" კასანომ ეგრევე ფურორი მოახდინა. გოლები, პასები და შედეგად, ათასობით ქომაგის დაპყრობილი გული. მას შემდეგ ანტონიომ მოიარა "მილანი", "ინტერი" და მივიდა "პარმაში", სადაც ერთობ ამბიციური პროექტი იწყებოდა.
საბოლოოდ, ამ პროექტმა ჩაილურის წყალი დალია.
მოტყუებულმა კასანომ მაგრად გამოლანძღა კლუბის შეფობა და დაისვენა. ახლა ისევ "სამპდორია", ისევ დიდი გამოწვევა და გუნდის ლიდერის მანტია, რომელიც ჩვენმა გმირმა უნდა მოისხას.
"სამპდორიას" აღარ ჰყავს სინიშა მიხაილოვიჩი, რომელიც "მილანს" გაწვრთნის. გუნდმა გასულ სეზონში ევროპალიგის საგზური მოიპოვა. ნეტავ არ მოეპოვებინა. ევროპალიგას "სამპა" უკვე დაემშვიდობა. ყველასათვის მოულოდნელად, გუნდი სერბულ "ვოევოდინასთან" დამარცხდა. ამას არავინ ელოდა.
გენუელებს არ აქვთ დიდი ფული და მათ საშველი კასანოს გადაბირებაში ნახეს. სერია A დღეს იმ დღეშია, რომ არ აქვს ფუფუნება, უარი თქვას თუნდაც 33 წლის ანტონიო კასანოს სამსახურზე. თავად ანტონიოს ძალიან მოენატრა ფეხბურთი. მას დაბრუნება სურს და ის უნდა დაბრუნდეს.
"სამპდორია", დიდი ალბათობით, წლეულს ვერ მოიგებს ტიტულს. თუ დავაკვირდებით კასანოს კარიერას, ის არასოდეს ყოფილა კარიერა ტიტულებისათვის. რას ვიზამთ, ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთი ბედი დაჰყვება ხოლმე.
ზოგადად, ფეხბურთში ტიტულები გვარიანად განსაზღვრავს მოთამაშის რაობას, მაგრამ ეს საყოველთაოდ ცნობილი პოსტულატი კასანოს შემთხვევაში უნდა უკუვაგდოთ და მოვიხმოთ ოდინდელი ჭეშმარიტება, რომლის მიხედვითაც, არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე.
კასანო არის ესპანეთის ჩემპიონი ისე, რომ ბევრი არ უთამაშია და იტალიის ჩემპიონი "მილანთან" ერთად. ასევე, მან მოიგო იტალიის სუპერთასი (ორჯერ). განა, ეს გადაწონის იმ დიდ სიხარულს და ვნებებს, რომლებიც ანტონიომ იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივარს მიანიჭა?!
იტალიის ნაკრების შემადგენლობაში კასანო ყოველთვის განსაკუთრებული შემართებით თამაშობდა. 39 მატჩი, 10 გოლი - ეს ურიგო სტატისტიკა როდია იმ ფეხბურთელისათვის, რომელიც მუდამ სკანდალებში იყო გახვეული. მის ნიჭს იტალიის ნაკრების ყველა მწვრთნელი აღიარებდა, მაგრამ ისევ და ისევ მისი ხასიათის გამო ყველა როდი იწვევდა "სკუადრა აძურაში".
იტალიის დღევანდელ ნაკრებს კასანო ძალიან სჭირდება. 33 წელი გვარიანი ასაკი კი არის ფეხბურთელისათვის, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს დასასრულს. ახლა მთავარია, ანტონიომ ოპტიმალური სათამაშო ფორმა აღიდგინოს და მერე ვნახოთ.
ჯერ ის ვიკმაროთ, რაც მოხდა - ფეხბურთს ანტონიო კასანო უბრუნდება, მისი უძღები შვილი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"