მომავალი
სიმართლე გითხრათ, მომენატრა დატვირთული სამუშაო გრაფიკი და ამიტომ, ახალი სამსახურის ძიებაში ვარ. კარგა ხანი ეროვნულ ნაკრებებში ვიმუშავე და დადგა დრო, რომ საკლუბო ფეხბურთს დავუბრუნდე. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ უკეთესი ვარიანტს ველოდები. იტალიურ გუნდში მუშაობა? - სიამოვნებით. იტალიაში დიდი ხანია, არ მიმუშავია და თუ საინტერესო წინადადება მექნება, აუცილებლად დავთანხმდები.
რაც შეეხება ფავორიტებს, "რომა", "ინტერი’ და "იუვენტუსი" უნდა გამოვარჩიო, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბრძოლაში "ნაპოლიც" ჩაერთოს.
ნეაპოლელებს კარგი შემადგენლობა ჰყავთ და თუ მწვრთნელი დროზე შეკრავს გუნდს, დიდ მიზნებს შეეჭიდებიან. "მილანი"? - ამ გუნდის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცნობილია და გული მწყდება, რომ "მილანი" ღრმა კრიზისში ჩაეფლო. მართალია, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კლუბის მესვეურებმა იაქტიურეს, მაგრამ ჯერ შორია ძველი დიდების დაბრუნებამდე.
"იუვეს" კრიზისი
"იუვენტუსში" ძირეული ცვლილებები მოხდა და ბუნებრივია, რომ ამან გუნდს დიდი დარტყმა მიაყენა. "ვეკია სენიორა" არტურო ვიდალმა, ანდრეა პირლომ და კარლოს ტევესმა დატოვეს, მათი შეცვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ, მასიმილიანო ალეგრიმ ახალი გუნდი უნდა გააკეთოს და ამას დრო სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ალეგრიმ სწორად შეაფასოს ის რესურსი, რომელის მას გააჩნია. ბევრჯერ წავიკითხე, რომ "იუვეს" ლიდერი პაულო დიბალა უნდა გახდეს, ერეთხელ კი ის ლიონელ მესის შეადარეს. უნდა გვახსოვდეს, რომ მესი 17 წლის ასაკში საოცრებებს აკეთებდა, დიბალას კი ჯერ ბევრი უკლია მის თანამემამულემდე.
პაულოს გამოყენება კარგად შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ მისი რეალური პოტენციალი სწორად შეფასდება და მწვრთნელი იმას არ მოითხოვს, რისი გაკეთებაც უბრალოდ არ შეუძლია. "იუვეს" აქვს შანსი, რომ მიმდინარე წელსაც იბრძოლოს სკუდეტოსთვის და ეს დიდწილად, მწვრთნელზეა დამოკიდებული.
იტალიური ფეხბურთი
ჩვენ ფეხბურთში არის სასიკეთო ძვრები და ეს ძალიან მახარებს. როგორც იქნა, კლუბებმა დახარჯეს ფული ტრანსფერებში და ეს უდაოდ წაადგება სერია A-ს. ვიცი, რომ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებს უფრო მეტ ქვეყანაში გადასცემენ, ვიდრე ბოლო სამ-ოთხ სეზონში და ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ გუნდებს უფრო ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავთ. "იუვენტუსსაც" ეკუთვნის მადლობა, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და გვაჩვენა, რომ იტალიური საკლუბო ფეხბურთი ისევ მაღალ დონეზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"