დიახ, პროგნოზები "ინტერის" სასარგებლოდ მეტყველებდა, გუნდის, რომელმაც წინა ხუთი მატჩი მოიგო და ამ უაღრესად მნიშვნელოვან პაექრობამდე უდანაკარგოდ მივიდა. "იუვენტუსის", "რომას" და "ნაპოლის" არასტაბილური ასპარეზობის ფონზე, "ინტერი" სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად შეირაცხა და მილანური გრანდი "ფიორენტინასთან" ჯახს უკვე ამ სტატუსით შეხვდა.
როდესაც მეხუთე ტურში "ვერონასთან" გამარჯვების
"არის, ოღონდ "ფიორენტინასთან" მატჩამდე" - მანჩინიმ, თითქოს, იწინასწარმეტყველა ის, რამაც "ნერაძურის" საჩემპიონო ამბიციებს მძლავრი დარტყმა მიაყენა.
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ "ინტერი"-"ფიორენტინას" ბედი პირველ ნახევარ საათში გაირკვა და გაცხადდა, რომ სამ ქულას ფლორენციული გუნდი მოიპოვებდა. "ფიორემ" სამი გოლი გაუტანა მეტოქეს და პლუს, "ინტერი" კაცნაკლული დარჩა, როდესაც ჟოაო მირანდა გააძევეს მოედნიდან. ეს იყო უკვე ის უპირატესობა, რომელსაც პაულო სოუზას შეგირდები არაფრით გაუშვებდნენ ხელიდან.
მეორე ტაიმში მილანურმა გრანდმა გაიბრძოლა, ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა სტუმრებმა მყისვე აღადგინეს სტატუს-კვო და საბოლოოდ - 4:1 "ფიორენტინას" სასარგებლოდ.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მატჩი "ფიორენტინას" სრული უპირატესობით წარიმართა და შეიძლებოდა, რომ ანგარიში კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო.
ფლორენციელებმა ბურთი დაუმალეს მეტოქეს და საგულისხმოა, რომ ამ "ტიკი-ტაკას" ესპანელი ნახევარმცველი, ბორხა ვალერო დირიჟორობდა. ბორხას სხვებმაც აუბეს მხარი და "ფიორენტინამ" ბურთზე ტოტალური კონტროლი დააწესა. აქვე, "ვიოლას" შემტევი ტანდემი უნდა შევაქოთ იოსიპ ილიჩიჩის და ნიკოლა კალინიჩის შემადგენლობით - ამ უკანასკნელმა სულაც სამი გოლი შეაგდო და ლომის წილი დაიდო სტუმართა გამარჯვებაში.
პაულო სოუზა (ფიორენტინა): "ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ დადებითი შედეგი გვქონდეს და ბედნიერი ვარ, რომ ამ შრომის ნაყოფს ვხედავ. ფეხბურთელებს სწორი მიდგომა აქვთ საქმისადმი და ეს არის წარმატების მთავარი ფორმულა. ბრწყინვალე შეხვედრა იყო და სრულიად დამსახურებულად მოვიგეთ. იბრძოლებს თუ არა "ფიორენტინა" სკუდეტოსთვის? - მოდი, ვიყოთ რეალისტები და უბრალოდ, მივადევნოთ ჩემპიონატს თვალი. სხვა კლუბებმა კოლოსალური თანხები დახარჯეს და სწორედ სკუდეტოს უმიზნებენ, ჩვენ კი მათთან ბრძოლაში არაფერს დავთმობთ. დღეს მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ".
რობერტო მანჩინი (ინტერი): "ამ მარცხს ყველა თავისებურად შეაფასებს, მე კი მგონია, რომ ეს იყო ერთი ჩაგდებული თამაში, რომელშიც იღბალმა ზურგი გვაქცია და რომელსაც გაგრძელება არ ექნება. სწრაფი გოლი გაგვიტანეს, შემდეგ კიდევ გავუშვით და მალევე კაცნაკლულნი დავრჩით. ასეთი დარტყმის შემდეგ თამაშში დაბრუნება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.
მოხარული ვარ "ფიორენტინას" გამო, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. დავეშვით თუ არა მიწაზე? - ჰაერში არც არასდროს დავფრინავდით და მიწაზე აქამდეც მყარად ვიდექით. ჩემპიონატის დასრულებამდე ძალიან დიდი დროა და კიდევ ბევრჯერ შეიცვლება ვითარება".
ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა): "ბრწყინვალე მატჩი იყო და ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში. ჰეთ თრიკი დიდი ხანია, არ შემისრულებია და საოცარია, რომ ეს ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მოვახერხე. "ფიორენტინაში" ბრწყინვალე ატმოსფეროა, აქ ძალიან თბილად მიმიღეს და ამიტომ ადაპტაციისთვის დრო არ დამჭირვებია. იმედი მაქვს, რომ ფლორენციულ გუნდთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევ".
17 წლის შემდეგ...
სერია A-ს სატურნირო ცხრილს "ფიორენტინა" უდგას სათავეში და ეს მართლაც უჩვეულო ამბავია. არა "იუვენტუსი", "მილანი", "ინტერი", "ნაპოლი", "რომა" ან თუნდაც "ლაციო" - არამედ, "ფიორენტინა". ბოლოს ფლორენციული გუნდი იტალიის ელიტარულ ლიგას 17 წლის წინათ, 1998 წლის თებერვალში ედგა სათავეში, მას შემდეგ კი ასე მაღლა არასდროს ასულა. არადა, ამ პერიოდში ტოსკანელებს ბევრი სირთულე გადახდათ, გაკოტრდნენ, სამოყვარულო ლიგაში დაქვეითდნენ და შემდეგ წლები დასჭირდათ, რომ ელიტაში დაბრუნებულიყვნენ.
დღეს "ფიორენტინა" სერია A-ს ლიდერია და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ბაზარზე, თითქოს, დიდად არ გაძლიერებულა. პირიქით, მოჰამედ სალაჰი გაუშვა "რომაში", მარიო გომესი კი - "ბეშიქთაშში". მართალია, ტოსკანელებმა კუბა ბლაშჩიკოვსკი და ნიკოლა კალინიჩი დაიმატეს, მაგრამ ამ ტრანსფერებს უმეტესობა სკეპტიკურად შეხვდა.
"ფიორენტინას" მთავარი იარაღი, ალბათ, მაინც პაულო სოუზაა, რომელმაც გასულ ზაფხულს ჩაიბარა გუნდი და მყისვე დაატყო თავისი ხელი. სოუზას საფეხბურთო ფილოსოფია ბურთის კონტროლი და პირველ ნომრად თამაშია, ზემოთ კი უკვე მოგახსენეთ, რომ ფლორენციელებმა "ინტერის" ფეხბურთელები მთელი 90 წუთი უბურთოდ არბენინეს. რთული სათქმელია, როგორ გააგრძელებს სოუზა, მაგრამ კარგად რომ დაიწყო, ეს უკვე ფაქტია...
ნოსტალგია
17 წლის წინანდელი "ფიორენტინა" ვახსენეთ და თუ იმ გუნდის შემადგენლობას გავიხსენებთ, იტალიური ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს, უდავოდ, ნოსტალგია მოგეძალებათ. 1998 წლის შემოდგომაზე, სერია A-ს მესამე ტურში "ფიორენტინა" "მილანს" ესტუმრა და დამაჯერებლად გაიმარჯვა - 3:1. იმ მატჩში გაბრიელ ბატისტუტამ გაიბრწყინა, რომელმაც ჩემპიონატში სულ 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მარსიო ამოროზოს ჩამორჩა, რომელიც "უდინეზეში" ბრწყინავდა.
ბატისტუტას გაბომბარდირებაში ტრავმამ შეუშალა ხელი, რომლის გამოც არგენტინელმა ერთი თვე გამოტოვა. საგულისხმოა, რომ სწორედ მის არყოფნაში დაკარგა ფლორენციულმა გუნდმა ლიდერობა, რომელიც სწორედ "მილანის" ძლევით მოიპოვა და შემდეგ ვეღარც დაიბრუნა. საბოლოოდ, "ფიორენტინამ" მესამე ადგილი დაიკავა და ეს საუკეთესო შედეგი იყო მას შემდეგ, რაც კლუბის მეპტრონე ცნობილი მედიამაგნატი ვიტორიო ჩეკიგორი გახდა.
ბატისტუტას გარდა, იმ გუნდში შემდეგი ფეხბურთელები ირიცხებოდნენ: ფრანჩესკო ტოლდო, იორგ ჰაინრიხი, მანუელ რუი კოშტა, მორენო ტორიჩელი, კრისტიან ამოროზო, გილიერმო ამორი, აბელ ბალბო, ენრიკო კიეზა, ედმუნდო და სხვები.
ედმუნდო კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა - მასზე უდიდეს იმედებს ამყარებდნენ და შესაძლებლობების ნახევარი მაინც რომ გამოევლინა, "ფიორენტინას" სკუდეტოს მოპოვების გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა.
ხსენებულ სეზონში, ბრაზილიელმა მხოლოდ 8 გოლი შეაგდო და უფრო მეტ სკანდალში გაეხვა - ზამთარში ბრაზილიაში დაიკარგა და შემდეგ გაცხადდა, რომ კარნავალს გადაჰყვა, მარტში კი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა და 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
კინაღამ გამოგვრჩა, იმ "ფიორენტინას" თვით ჯოვანი ტრაპატონი ედგა სათავეში, რომელიც სამშობლოში მიუნხენის "ბაიერნიდან" დაბრუნდა, "ვიოლას" შემდეგ კი იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. საინტერესო დრო იყო, ვერაფერს იტყვი...
ალეგრის წყალი შეუდგა
მას შემდეგ, რაც "იუვენტუსს" მასიმილიანო ალეგრი ჩაუდგა სათავეში, გუნდი ღრმა კრიზისში პირველადაა და შესაბამისად, მწვრთნელის შესაძლო გათავისუფლებაზეც ალაპარაკდნენ. მართალია, ტურინული გრანდის მესვეურებმა მხარი დაუჭირეს ალეგრის, მაგრამ "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, მასიმილიანოს წყალი შეუდგა და თუ ორ უახლოეს შეხვედრაში სასურველ შედეგს ვერ "დადებს", პოსტის დატოვება მოუწევს. აქვე ვთქვათ, რომ "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიას" უმასპინძლებს, სერია A-ში კი "ბოლონიას" შეებრძოლება. ალეგრი სიმშვიდეს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ კლუბის მესვეურებისგან სრულ მხდარდაჭერას გრძნობს, უახლოეს შეხვედრებში კი სულ სხვა "იუვენტუსს" ვიხილავთ. მასიმილიანოს თქმით, გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული, ეს კი კრიზისის დაძლევის უმთავრესი წინაპირობაა.
უიღბლო დაბადების დღე
გასულ უქმეებზე, "რომამ" "კარპის" "გადაურბინა", მაგრამ დედაქალაქელებს გამარჯვება ბოლომდე არ შეერგოთ - საქმე ისაა, რომ "ჯალოროსის" ერთბაშად სამი ფეხბურთელი დაშავდა: სეიდუ კეიტა, ედინ ჯეკო და ფრანჩესკო ტოტი. საგულისხმოა, რომ ტოტის დაბადების დღე ჰქონდა და, როგორც თავად აღნიშნა, ტრავმამ სადღესასწაულო განწყობა გაუფუჭა:
"39 წლის გავხდი და ფეხბურთს ისევ უმაღლეს დონეზე ვთამაშობ, რაც თავდამსხმელის შემთხვევაში, მართლაც იშვიათი მოვლენაა. ეს "რომას" დამსახურებაა, გუნდის, რომელშიც მთელი კარიერა გავატარე. კარგი განწყობა მქონდა, თანაც თამაში მოვიგეთ და ყველაფერი ტრავმამ გააფუჭა. მითხრეს, რომ ერთი თვე უნდა დავისვენო, რასაც ვერაფრით ვეგუები. უკეთეს დაბადების დღეს ვისურვებდი, მაგრამ რა გაეწყობა, დროს უკან ვერ დავაბრუნებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"