მილანის "ინტერის" ზამთრის სატრანსფერო გეგმები

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტმა" "ინტერის" ზამთრის სატრანსფერო გეგმების შესახებ საინტერესო მასალა გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უკვე შეადგინა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებსაც სხვა გუნდში მოუწევთ კარიერის გაგრძელება.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, მანჩინი ერთბაშად სამი მცველის გაშვებას აპირებს - ლაპარაკია 29 წლის იუტო ნაგატომოზე, 27 წლის დანილო დამბროიზიოსა და 24 წლის მარტინ მონტოიაზე.

ეს უკანასკნელი თურმე ვერაფრით მოერგო ახალ გუნდს და ვარჯიშებზე საშინლად გამოიყენება; შესაბამისად, მიმდინარე სეზონში ჯერ ერთ თამაშშიც არ მიუღია მონაწილეობა. რაც შეეხებათ დამბროზიოს და ნაგატომოს, მათი
გაშვება მანჩინის ზაფხულშიც სურდა, მაგრამ თვითონ ფეხბურთელებმა ყველა შეთავაზებაზე უარი თქვეს, მოქმედი კონტრაქტით ისარგებლეს და გუნდში დარჩნენ. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის გაშვებაც "ინტერის" მესაჭეს სურს, 24 წლის ადემ ლიაიჩი გახლავთ.

მილანელებმა სერბი შემტევი "რომადან" იჯარით აიყვანეს და სურვილის შემთხვევაში, მისი გამოსყიდვა 11 მილიონ ევროდ შეუძლიათ. თუმცა, რომელ გამოსყიდვაზეა ლაპარაკი, როდესაც მანჩინის მისი მოშორება ზამთარშივე სურს.

საქმე იმაშია, რომ მწვრთნელს შეგირდის საქმისადმი მიდგომა არ მოსწონს, რაც დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემებით და ვარჯიშებზე ფეხბურთელის ქცევით გახლავთ განპირობებული. მოკლედ, დიდია შანსი, რომ ლიაიჩი "ჯალოროსიში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გააბრუნონ.

ითქვა ისიც, რომ "ინტერის" მესვეურები ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს იჯარით გაუშვებენ, რომ მათ სათამაშო პრაქტიკა მიიღონ - 19 წლის ასანე გნუკურის გადაბირება "ფროზინონეს" სურს, 17 წლის ფედერიკო დიმარკოს სამსახურით კი სერია B-ს რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ზამთარში "ინტერი" ორი-სამი მაღალი კლასის ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება, თუმცა სავარაუდო კანდიდატების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მანჩინი ერთბაშად სამ მცვლთან აპირებს გამოთხოვებას, ალბათ უკანა ხაზის გაძლიერებას შეეცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული