- დღეს თქვენ არ გყოფნიდათ ჟინი, გამბედაობა და კლასი - აჯახა ჟურნალისტმა ფეხბურთელს.
- მოდით შემდეგ კვირას ჩვენს ვარჯიშზე და ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა დავამარცხოთ "აიაქსი". ჟინსაც ნახავთ და თავდადებასაც. თუ ჩაერთვებით საწვრთნელ პროცესში, გპირდებით, რომ მთელი ვერ გამოხვალთ - იყო პასუხი.
- მე მოვალ, რადგან მიწვევთ, მაგრამ დღეს "ფეიენოორდის" ქომაგები იმედგაცრუებულნი არიან 1:2 წაგების გამო...
- მე
- გისმენთ.
- რომელ გუნდს ქომაგობთ?
- არც ერთს.
- მგონი, "აიაქსის" გულშემატკივარი ხართ.
- თქვენ ფეხბურთელი ხართ და თქვენი საქმე თამაშია. რატომ გგონიათ ასე?
- კარგით, დავანებოთ ამას თავი.
- არა, მაინც რატომ ფიქრობთ ასე?
- თქვენ "აიაქსის" ფანის სახე გაქვთ...
მეორე დღეს გრაციანო პელეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. ამის მიზეზი იყო არა ზემოთმოყვანილი ინტერვიუ, არამედ ის, რომ მან ფეხი ჩაარტყა ამსტერდამელთა მცველს, ჟოელ ველტმანს.
ცოტა ხნის წინ "საუთჰემპტონის" თავდასხმის ლიდერი ინგლისურ პრემიერლიგაში თვის ფეხბურთელი გახდა. მან შემდეგი თქვა: "თამაშის მერე ფეხები სულ ლურჯი მაქვს. ინგლისელ მცველებს მათსავე იარაღით უნდა ებრძოლო. სხვანაირად არაფერი გამოდის".
მიმდინარე სეზონის დასაწყისი პელესათვის მართლაც დიდებული იყო. მან სასტარტო 8 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
"წმინდანების" თავდამსხმელს კარში დარტყმა ბაბუა პიპემ ასწავლა. შვილიშვილს ის მთელი დღე ავარჯიშებდა და მიმინოს გამოცდილი მგეშავივით ჩასძახოდა ყურში - "არ დაარტყამ, ვერ გაიტან".
პიპე პელე 7 წლის წინათ გარდაიცვალა. ის ვერ მოესწრო დროს, როცა მისი შვილიშვილი იტალიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფორვარდი გახდა. უფროსი პელე ცოლზე დარდს გადაჰყვა.
ერთი წლის წინათ იტალია გასვლაზე ეთამაშა მალტას. ის შეხვედრა "სკუადრა აძურასათვის" კარგი არ იყო. ეგაა, ეროვნული გუნდის ახალმა ფორვარდმა ბურთი მალტელთა კარში არ გაჭედა.
გადის თითქმის ერთი წელი. ისევ მალტასთან მატჩი. პელეს ისევ გააქვს. ამჯერად - მხრით. იტალიურ პრესაში ბევრია სარკაზმული სათაური: "იტალია პელეს ხელში", "პელემ იტალიას ხელი გაუწოდა" - წერენ გაზეთები...
ჟურნალისტმა დონატელ სკარნატიმ ინტერვიუს დაწყების წინ თქვა, რომ გრაციანო 39 წლისაა.
"მე არც ასეთი მოხუცი ვარ. - გაიცინა ფეხბურთელმა - მე მაქვს შანსი, ევროთასებზე ვითამაშო და მსოფლიოს ჩემპიონატიც დავაჭაშნიკო"...
პელეს დედა დორიანა ადრე ქორეოგრაფად მუშაობდა. მისი უმცროსი და ფაბიანა კი 10 წლის ასაკში უკვე იმდენად მაღალი იყო, რომ მისთვის პარტნიორის მოძებნა ჭირდა. პელე ახლა 1,94 სანტიმეტრია.
მაშინაც მაღალი იყო, მაგრამ დას ვერ სწვდებოდა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იცვამდა. რამდენიმეწლიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ მათ ლათინურ ცეკვებში მოიგეს კონკურსი.
პელემ 11 წლის ასაკში დაანება თავი ფეხბურთს. მან შინ განაცხადა, რომ არ სიამოვნებდა მწვრთნელის მოსმენა და ეზოში ძმა-ბიჭებთან ერჩივნა ბურთის გორება. "მწვრთნელი ბიძაჩემი იყო და მე არ ვუსმენდი მას", - გაიხსენა პელემ მოგვიანებით.
გრაციანოს მეორე მწვრთნელი "ლეჩეს" საფეხბურთო სკოლაში, რობერტო რიცო მიიჩნევს, რომ პელეს ძალიან ეხმარება ცეკვის გაკვეთილები. "დააკვირდით მის თამაშს მოწინააღმდეგის საჯარიმოში და თქვენ აღმოაჩენთ მოცეკვავეს", - ამბობს ის.
გრაციანო მაინც დაუბრუნდა ფეხბურთს...
ათი წლის წინათ იტალიის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ბერეტინიმ პელე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ძირითადად, მისი აკრობატული თვისებების გამო წაიყვანა.
ის ამ ტურნირზე დიდებული იყო. მისი მონაგარია დუბლი კანადასთან, გოლები ამერიკელებთან და მაროკოელებთან. იმ მუნდიალზე პელეზე მეტი მხოლოდ მესიმ, ლორენტემ და ალიევმა გაიტანეს. სამაგიეროდ, მერე ნახევარი წელი ისე მიილია, რომ პელეს დიდ ფეხბურთში... ერთი გოლიც კი არ გაუტანია...
21 წლისამ პელემ კვლავ შეახსენა თავი საზოგადოებას. მან იტალიის რანგით მეორე ლიგაში "ჩეზენას" შემადგენლობაში 10 გოლი გაიტანა. 2007 წელს იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პიერლუიჯი კაზირაგიმ ის ევროპის პირველობაზე წაიყვანა.
შეტევაში მის გარდა იყვნენ პაცინი, ჯუზეპე როსი და პალადინო. მან მიიღო შანსი და ოლიმპადაზე გასასვლელ მატჩში პანენკას სტილში შეასრულა 11-მეტრიანი. ამას ყველა როდი გაბედავდა. პელეს რისკმა გაამართლა.
იანვარში, როცა "საუთჰემპტონმა" პელესთან ერთად გასვლაზე დაამარცხა "მანჩესტერი", ლუი ვან გაალმა გაიხსენა, თუ რატომ სთხოვა 2007 წლის ევროპირველობის დასრულების შემდეგ პელეს ყიდვა "ალკმაარის" შეფობას.
"პელეს კარგად შეუძლია შექმნა. საგოლე ალღოსთან ერთად, მისი დადებითი თვისება ისაა, რომ თავისუფალ პარტნიორს შესანიშნავად ამჩნევს. ამით ის ვან პერსის ჰგავს".
"ვან გაალი ნაღდი მესია მწვრთნელებს შორის. მან არაერთი უცნობი ფეხბურთელი აღმოაჩინა - მე, ლენსი, სიგტორსონი, ელ ჰამდაუი..." - ამბობს პელე. ერთ სეზონში აზ-ში მან 16 ბურთი შეაგდო და ხშირად ვერ უწევდა კონკურენციას მისგან ზემოთ ნახსენებ შემტევებს.
მერე "ალკმაარი" რონალდ კუმანმა ჩაიბარა. ის პელეს ენდობოდა. "რომ არა ვან გაალი და კუმანი, ან ყავას გავყიდდი, ან ქუჩაში ჩავიკარგებოდი" - ამბობს პელე.
ჰოლანდიაში გატარებული პერიოდის შემდეგ ის იტალიაში დაბრუნდა. "პარმას" მთავარმა მწვრთნელმა ფრანკო კოლომბამ ის ჩემპიონატის ორ სასტარტო მატჩში გამოუშვა მინდორზე და მერე აღარ ენდო. ჩვენმა გმირმა ტრავმა მიიღო და შეტევაში ადგილი ფლოკარის დაუთმო.
ერთხელ ზდენეკ ზემანმა თქვა, რომ მას განსაკუთრებით უყვარს სერია B-ს ფეხბურთელები, რადგან ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ და ცოტას გამოიმუშავებენ. პელეზე ეს სენტენცია ზედგამოჭრილია.
ის ისევ დაბრუნდა რანგით დაბალ ლიგაში. ამ დროს ფეხბურთელს 27 წელი შეუსრულდა.
გრაციანო იბიცაზე წავიდა დასასვენებლად. იქ ის რონალდ კუმანის შვილს შეხვდა და შეიტყო, რომ "ფეიენოორდი" თავდამსხმელს ეძებდა, რადგან იონ გუიდეტი "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნდა.
სწორედ ჰოლანდიაში დაიწყო ზღაპარი, რომელიც დღემდე გრძელდება. გრაციანო პელე "საუთჰემპტონშიც" მაგარია და იტალიის ნაკრებშიც!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"