ანტონიო კონტე: დროა, ბირთვი გამოიკვეთოს

AutoSharing Option
დღეს, 17 ნოემბერს, იტალიის ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს და ბოლონიაში რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

აპენინურ სპორტულ პრესაში ვარაუდობენ, რომ ანტონიო კონტე შემადგენლობას გადაახალისებს და იმ ფეხბურთელებს მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას, რომლებსაც ბელგიასთან შეხვედრაში ან საერთოდ არ უთამაშიათ, ან ცოტა დრო მიეცათ.

"გაძეტას" პროგნოზით, დაცვის ფლანგებზე მატეო დარმიანისა და მატია დე შილიოს ნაცვლად, ლორენცო დე სილვესტრის და ლუკა ანტონელის ვიხილავთ. აქვე ვთქვათ, რომ დე შილიომ მსუბუქი ტრავმა მიიღო და უკვე დატოვა სანაკრებო შეკრება.

დაცვის ცენტრში ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის
ნაცვლად, სავარაუდოდ, ანდრეა ბარძალი და დავიდე ასტორი გაირჯებიან. თუმცა, არის მეორე ვერსია, რომლის მიხედვითაც, კონტე 3-5-2 ტაქტიკას დაეყრდნობა და დაცვის ცენტრში ბარძალი-ბონუჩი-კიელინის ტრიოს გამოიყენებს.

ნახევარდაცვაში რიკარდო მონტოლივოს და ჯაკომო ბონავენტურას გამოჩენას უნდა ველოდოთ, რომლებსაც ბელგიელებთან თამაშის საშუალება არ მისცემიათ, შეტევის წინა ხაზზე კი მეტ დროს მიიღებენ სიმონე ძაძა, სტეფან ელ შაარავი და სტეფანო ოკაკა.

ახალი ტაქტიკური მონახაზების და ფეხბურთელების გამოცდა პრიორიტეტული მიზანია, მაგრამ არც შედეგია უმნიშვნელო - თანაც, იტალიამ ბელგიაში მარცხი იწვნია და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე. კონტე წინასამატჩოდ შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"გეგმის მიხედვით ვემზადებით და მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელები საქმეს სწორად უდგებიან და მათი შემართება მომწონს. რუმინეთთან შეხვედრაში სიახლეები იქნება, თუმცა მათ გამხელას არ ვაპირებ. შედეგი არ არის პრიორიტეტული, მაგრამ ჩვენ იტალია ვართ და ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებისთვის ვიბრძვით".

კრიტიკა
იტალიელმა ჟურნალისტებმა ანტონიო კონტეს კრიტიკისთვის მოიცალეს და "სკუადრა აძურას" მწვრთნელს სელექცია დაუწუნეს. კონტემ 28-კაციან განაცხადს მიღმა რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი დატოვა, რომლებიც ჟურნალისტთა აზრით, იმსახურებდნენ გამოძახებას.

პირველ რიგში, საუბარია ლორენცო ინსინიეზე, რომელიც "ნაპოლიში" ბრწყინვალედ ასპარეზობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ასევე, რიკარდო საპონარა "ემპოლიდან", რომელიც გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობს და საუცხოოდ ირჯება.

კონტე იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ ბელგიასთან შეხვედრაში რიკარდო მონტოლივოს არ მისცა თამაშის საშუალება - და ეს მაშინ, როდესაც არც ანდრეა პირლო ჰყავდა და არც მარკო ვერატი. ლოგიკა გასაგებია - როდესაც ორი კრეატიული ნახევარმცველი არ გყავს, მესამეს მაინც უნდა მისცე თამაშის საშუალება. კონტემ ცენტრი კლაუდიო მარკიზიოს და მარკო პაროლოს ჩააბარა - ორ მოძრავ და მებრძოლ შუახაზელს, თუმცა თამაშის წარმართვა და დირიჟორობა მათი საქმე ნამდვილად არაა.

"ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ დროა დარჩენილი და ყველას მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება, ვინც ამას დაიმსახურებს. ინსინიეს დისციპლინასთან დაკავშირებით ჰქონდა გარკვეული პრობლემები და ისედაც, ორი-სამი გოლის გატანა არაა ნაკრებში გამოძახებისთვის საკმარისი.

რაც შეეხება საპონარას, ყურადღებით ვაკვირდები და თუ ასე გააგრძელებს თამაშს, შანსი მასაც მიეცემა. ამასთან, დროა, რომ გამოიკვეთოს ის ბირთვი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე დავეყრდნობი. რუმინეთთან მატჩის შემდეგ უკვე გვეცოდინება ის 14-15 ფეხბურთელი, რომლებიც საფრანგეთში წამოვლენ. თუმცა, ჯერ მხოლოდ რუმინეთთან მატჩზე ვფიქრობ და ნუ გავასწრებთ წინ მოვლენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თამაშის წარმართვა მარკიზიოს საქმე თუა რაა აბა მონტოლივოს საქმეა? პირლოს საქმეს იუვეში მარკიზიო აკეთებს დიდი ხანია და კიდე დიდხანს გააკეთებს, უნივესრალი მოთამაშეა მარკიზიო, ევროპის ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველი
მარკიზიო
11:26 17-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული