სერია A-ს საუკეთესო თერთმეტეული ჟურნალისტების ვერსიით

AutoSharing Option
იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა საშობაო პაუზით ისარგებლეს და სერია A-ს განვლილი ტურების მიხედვით, სიმბოლური ნაკრები შეადგინეს.

მართალია, ჩემპიონატს ეკვატორი ჯერ არ გადაულახავს, მაგრამ ამ გუნდს პირველი წრის სიმბოლური ნაკრებიც შეგვიძლია ვუწოდოთ.

მეკარე
სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი)
"ინტერმა" 17 შეხვედრაში მხოლოდ 11 გოლი გაუშვა და ბუნებრივია, რომ ამაში ლომის წილი სამირ ჰანდანოვიჩს მიუძღვის. "ნერაძურის" მეკარე ბრწყინვალეა როგორც კარის ხაზზე თამაშისას, ისე გამოსვლებზე, საიმედოობით კი, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო იტალიაში, მთელ ევროპაში. ისიც დავამატოთ, რომ ჰანდანოვიჩი თერთმეტმეტრიანების მოგერიების ოსტატია.

მარჯვენა მცველი
ანდრეა ბარძალი
(იუვენტუსი)

ანდრეა ბარძალი 34 წლის არის, თუმცა დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო "იუვენტუსში", არამედ სერია A-ში და თუნდაც ევროპაში. მიმდინარე სეზონშიც ბრწყინვალედ ასპარეზობს და ამად არის, რომ ტურინული გრანდის მესვეურებმა კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს. ამასთან, ბარძალი უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა და არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მაგალითად, მიმდინარე სეზონში რამდენიმე მატჩი მარჯვენა მცველად ჩაატარა და სიმბოლურ ნაკრებშიც ამ პოზიციაზე მოხვდა.

ცენტრალური მცველი
ჟოაო მირანდა (ინტერი)

ლეგენდარულმა მცველმა ჯუზეპე ბერგომიმ "ინტერის" დღევანდელი დაცვა იმ ბუნკერს შეადარა, სადაც ომის დროს იმალებიან და შესაბამისად, იქ შეღწევა ურთულესი საქმეა. ამ დაცვაში მთავარი ფიგურა ჟოაო მირანდაა, რომელიც, გარდა იმისა, რომ თვითონ თამაშობს ბრწყინვალედ, თანაგუნდელებსაც დირიჟორობს და ნამდვილ ლიდერად გვევლინება. 1988-89 წლების სეზონში, "ინტერმა" სეზონი მხოლოდ 17 გაშვებული ბურთით დაასრულა და იმ დროს დაცვაში სწორედ ბერგომი ბრწყინავდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მაშინ სერია A-ში ნაკლები გუნდი მონაწილეობდა და შესაბამისად, თამაშიც ნაკლები იყო, ჯერჯერობით, ამ ფორმაციის "ინტერსაც" დაახლოებით მსგავსი შედეგი აქვს.

ცენტრალური მცველი
ფრანჩესკო აჩერბი (სასუოლო)

გასულ სეზონში, "სასუოლომ" 57 გოლი გაუშვა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი იყო, მიმდინარე სეზონში კი ჯერ მხოლოდ 15 გოლი აქვს გაშვებული და ამ კომპონენტში, საუკეთესო 5 გუნდს შორის არის. ამაში ლომის წილი ფრანჩესკო აჩერბის მიუძღვის, რომელიც მეტწილად დაცვის ცენტრში ასპარეზობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, სხვა პოზიციებსაც ამაგრებს. ისიც ვთქვათ, რომ აჩერბის კარგი ასპარეზობა ანტონიო კონტემაც დაუფასა და რამდენჯერმე გამოიძახა იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

მარცხენა მცველი
მარკოს ალონსო (ფიორენტინა)

გასულ სეზონში, მარკოს ალონსო არასტაბილურად ასპარეზობდა და რამდენჯერმე უხეირო თამაშისთვის ფლორენციელი გულშემატკივრების სტვენაც დაიმსახურა. სამაგიეროდ, მიმდინარე სეზონშია შეუდარებელი და "ფიორენტინას" წარმატებებში წონადი წვლილი შეაქვს. ახალი მწვრთნელი ალონსოს ხან დაცვაში იყენებს და ხანაც ნახევარდაცვაში, თუმცა ორივე პოზიციაზე თანაბრად ნაყოფიერია. მარკოს ალონსოს შესანიშნავი ასპარეზობა ევროპული ფეხბურთის გრანდებს არ გამოჰპარვიათ და პრესაში სულ უფრო ხშირად იწერება მისი ესპანეთში შესაძლო დაბრუნებასა თუ ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგების შესახებ.

მარჯვენა ნახევარმცველი
ალეჰანდრო გომესი (ატალანტა)

სიმბოლური ნაკრების მოულოდნელი სტუმარი ბერგამოდან, რომელიც ასევე გამოირჩევა უნივერსალური თვისებებით და თანაბარი წარმატებით თამაშობს როგორც ნახევარდაცვაში, ისე გარემარბის პოზიციაზე. გომესი იმდენად კარგად ასპარეზობს, რომ მისი ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ანტონიო კონტემ განიზრახა. მართალია, ალეჰანდრო არგენტინელია, მაგრამ "სკუადრა აძურაში" ორიუნდების გამოძახება არავის უკვირს.

ცენტრალური ნახევარმცველი
ბორხა ვალერო (ფიორენტინა)

კიდევ ერთი ესპანელი და ისევ "ფიორენტინადან". ბორხა ვალეროს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, რადგან უკვე წლებია, ფლორენციული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ბორხა გუნდის თამაშს წარმართავს, პასებს არიგებს და არც გოლების გატანაზე ამბობს უარს. პაულო სოუზა მას ხშირად იყენებს შეტევით ფაზაში, თუმცა ესპანელი უფრო მაინც ნახევარდაცვის ცენტრში უნდა მოვიაზროთ. იმაზე, რომ "ფიორენტინა" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ბორხას დიდი წვლილი მიუძღვის.

მარცხენა ნახევარმცველი
ჯაკომო ბონავენტურა (მილანი)

მიმდინარე სეზონში, ჯაკომო ბონავენტურამ 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და 4 გოლი გაიტანა, რაც ყველაზე კარგად მეტყველებს, რომ "მილანის" ნახევარმცველი შესანიშნავად ასპარეზობს. ჯაკომომ რამდენიმე მატჩი გარემარბის პოზიციაზეც ჩაატარა და იქაც კარგად წარმოჩინდა. მას შემდეგ, რაც სინიშა მიხაილოვიჩმა 4-4-2 ტაქტიკაზე გააკეთა აქცენტი, ბონავენტურა მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ირჯება და გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება.

გამთამაშებელი
რიკარდო საპონარა (ემპოლი)

ბევრს ეგონა, რომ მაურიციო სარის წასვლის შემდეგ "ემპოლის" ჩავარდნა დაეწყებოდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა - მარკო ჯამპაოლოს ხელში, ტოსკანური გუნდი კიდევ უკეთესად ათამაშდა და ევროპალიგის საგზურს დაუმიზნა. ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი რიკარდო საპონარაა, რომელიც გამთამაშებლის პოზიციაზე ასპარეზობს, უხვად არიგებს საგოლე გადაცემებს და არც თვითონ ამბობს უარს გოლების შეგდებაზე. საპონარა კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ იტალიაში მაინც განსაკუთრებულად უყვართ გამთამაშებლის (ტრეკვატრისტა) პოზიცია და სხვა ტოპ-ლიგებისგან განსხვავებით, სერია A-ში კიდევ შეხვდებით ამ ამპლუის ფეხბურთელებს.

თავდამსხმელი
ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა)

მიმდინარე სეზონის კიდევ ერთი აღმოჩენა, რომელიც ფლორენციელებმა "დნიპროდან" გადაიბირეს და ამ ტრანსფერს ტოსკანელი გულშემატკივრები სულაც არ შეხვდნენ აღფრთოვანებით. საფეხბურთო ექსპერტები კალინიჩს ძმები დელა ვალეების მორიგ წარუმატებელ ტრანსფერად მიიჩნევდნენ, მაგრამ მოულოდნელად, ნიკოლა ათამაშდა და თანაც ისე, რომ მეტოქე გუნდებისთვის ნამდვილ რისხვად იქცა. გოლები გოლებად და კალინიჩი მოედანზე კოლოსალურ შავ სამუშაოს ასრულებს. თამაშის მანერით, ნიკოლას მისსავე თანამემამულე ალენ ბოკშიჩს ადარებენ, რომელიც ასევე ბრწყინავდა სერია A-ში.

თავდამსხმელი
გონსალო იგუაინი (ნაპოლი)
სტატისტიკა ყველაფერზე ნათლად მეტყველებს - სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში გონსალო იგუაინმა 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 16 გოლი გაიტანა. არგენტინელი ფორვარდი ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას და ისეთი პირი უჩანს, რომ პირველობას არავის დაუთმობს. ზაფხულში იგუაინი ნეაპოლიდან აბარგებას ლამობდა, მაგრამ მაურიციო სარისთან საუბრის შემდეგ დარჩენა გადაწყვიტა და როგორც ჩანს, სწორადაც მოიქცა. ვერ გეტყვით, რამდენად არის იგუაინი ევროპის საუკეთესო ცენტრფორვარდი, მაგრამ იტალიაში რომ ბადალი არ ჰყავს, ცხადზე უცხადესია.

მწვრთნელი
მაურიციო სარი (ნაპოლი)
ვისღა ახსოვს დიეგო მარადონას სიტყვები, რომელმაც სეზონის წინ "ნაპოლის" მესვეურები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მაურიციო სარის ხელში გუნდი წარუმატებლობისთვის იყო განწირული. სარი ჯერჯერობით ამართლებს და მერე როგორ - გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ ყველაფერი წინაა და თუ თამაშის ხარისხს გავითვალისწინებთ, სამხრეთელებს სკუდეტოს მოპოვების არავისზე ნაკლები შანსი არ აქვთ. მაურიციო სარიმ დაამტკიცა, რომ "ემპოლიში" მისი წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

ალტერნატიული შემადგენლობა
(4-3-3): სორენტინო (ატალანტა) - ვიდმერი (უდინეზე), კულიბალი (ნაპოლი), მურილიო (ინტერი), მანოლასი (რომა) - ბერნარდესკი (ფიორენტინა), მისიროლი (სასუოლო), ალანი (ნაპოლი) - ილიჩიჩი (ფიორენტინა), ინსინიე (ნაპოლი), დიბალა (იუვენტუსი)

სუსტების ნაკრები
(4-3-3): პადელი (ტორინო) - სანტონი (ინტერი), რუდიგერი (რომა), მაურისიო (ლაციო), დე შილიო (მილანი) - კონდოგბია (ინტერი), ერნანესი (იუვენტუსი), ანდერსონი (ლაციო) - იტურბე (რომა), მორატა (იუვენტუსი), ჯეკო (რომა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული