მაურიციო სარი: "ნაპოლი" ისევ კარგია, მაგრამ...

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნაპოლის" მცირე ჩავარდნა აქვს - მაურიციო სარის გუნდმა ჯერ "იუვენტუსთან" წააგო, შემდეგ "ვილიარეალთანაც" დამარცხდა ევროპალიგაზე და ორშაბათს "მილანთან" დაკარგა ქულები.

თანაც, "იუვენტუსის" წაფორხილების ფონზე, ნეაპოლელებს სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის დაბრუნების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ხელიდან გაუშვეს. თავის მხრივ, "მილანიც" უფრო დაშორდა კონკურენტებს, თუმცა ნეაპოლში აუცილებელ მოგებას სინიშა მიხაილოვიჩს ვერავინ მოსთხოვდა. მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარები გაკეთდა.

მაურიციო სარი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "ბოლო მატჩებში არ გაგვიმართლა და შედეგიც არასახარბიელოა. "იუვენტუსს" და "ვილიარეალს" არაფერში ჩამოვრჩით, მაგრამ დავმარცხდით; "მილანს" კი ვაჯობეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ.
რვა რეალური საგოლე მომენტი გვქონდა, მეტოქეს კი მხოლოდ ერთი, თუმცა თამაში ფრედ დამთავრდა. ასეთი რამეები ხდება ფეხბურთში, თუმცა ჩვეულ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ შრომა და შედეგი აუცილებლად მოვა".

სინიშა მიხაილოვიჩი ("მილანის" მწვრთნელი): "რვა მატჩია, რაც წაგების გემო არ ვიცით და ეს მიუხედავად იმისა, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ვეთამაშეთ "ფიორენტინას", "ინტერს" და "ნაპოლის". "სტადიო სან პაოლოზე" მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან იქ არანორმალური ატმოსფეროა და ეს ფეხბურთელებზეც შესაბამისად აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე დომინირებდა და მეტი მომენტი შექმნა, გავუძელით და გატანა ჩვენც შეგვეძლო. კმაყოფილი ვარ შეგირდების გარჯით, ისინი უფრო ცივსისხლიანები გახდნენ და ეს მახარებს. ევფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ მესამე ადგილისთვის".

ჯანლუიჯი დონარუმა
("მილანის" მეკარე): "ნეაპოლთან ახლოს დავიბადე და პირველად დიდ ფეხბურთს სწორედ "სტადიო სან პაოლოზე" ვუყურე. ამ სტადიონზე თამაში ჩემთვის განსაკუთრებული პატივი და ემოციაა. ნეაპოლში საოცარი გულშემატკივრობა იციან და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ჩვენი მიზანი პირველ ნომრად თამაში იყო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ არ გამოგვივიდა. თუმცა, ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ და არ წავაგეთ ისეთ თამაშში, სადაც უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა. ეს ქულა ძალიან გამოგვადგება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული