"იუვენტუსი" ფლობდა უპირატესობას და ასახა კიდეც ეს გოლებში, "ინტერმა" კი პირველი ხეირიანი დარტყმა მატჩის უკანასკნელ წუთზე განახორციელა და იქაც ჯანლუიჯი ბუფონი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. მოკლედ, "იუვემ" "ინტერი" დაჩაგრა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
იუვენტუსი
მასიმილიანო ალეგრიმ 3-5-2 ტაქტიკა აირჩია, დაცვის ცენტრში კი ანდრეა ბარძალის, ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის ტრიო ვიხილეთ. ამ უკანასკნელის ტრავმის გამო "ბაიერნთან" შეხვედრაში ალეგრიმ გუნდი 4-4-2-ზე გადააწყო, რამაც დიდად ვერ გაამართლა. მოკლედ, როდესაც "იუვე" 3 მცველით, ანუ თავდაცვისას 5 მცველით ირჯება, გუნდი გაცილებით თავდაჯერებულია. საგულისხმოა, რომ "ინტერთან" მატჩის პირველივე ტაიმში კიელინი დაშავდა და შესაცვლელი გახდა, თუმცა მწვრთნელმა ტაქტიკის შეცვლა არ ისურვა და თამაშში დანიელე რუგანი ჩართო. როგორც ჩანს, "იუვენტუსი" მიუნხენშიც 3-5-2 სქემით გაირჯება.
კიელინის ტრავმის სიმძიმე ჯერ უცნობია და დეტალური ანალიზის შედეგებს უახლოეს პერიოდში გავიგებთ. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, დიდია შანსი, ჯორჯომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გამოტოვოს. იქამდე დროა და ვნახოთ, რა მოხდება, "ინტერთან" მატჩის შემდეგ კი ტურინელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს...
მასიმილიანო ალეგრი: "რთული მატჩი იყო ძლიერ მეტოქესთან და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. რაც უფრო მეტ თამაშს მოვიგებთ, მით ნაკლები ბარიერი დაგვრჩება სკუდეტომდე. "ინტერმა" სივრცეები მოგვცა და ამით კარგად ვისარგებლეთ, რისთვისაც შეგირდებს მადლობა ეკუთვნით. მახსოვს, როდესაც იტალიის თასის ნახევარფინალში "ინტერს" 3:0 ვძლიეთ, მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი საქმე უკეთესობისკენ წავიდოდა".
ერნანესი: "ტურინში გადმოსვლამდე "ინტერში" ვთამაშობდი და ჩემთვის ეს მატჩი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. პირველივე წუთებზე გატანის კარგი შანსი მომეცა, უკვე ვემზადებოდი აღსანიშნავად, მაგრამ ბურთმა არ ინება კარის ხაზის გადაკვეთა. დიახ, მე ვაპირებდი "ინტერის" კარში გატანილი გოლის აღნიშვნას, რადგან ამ გუნდში კარიერის საუკეთესო წლები ნამდვილად არ გამიტარებია".
ჯანლუიჯი ბუფონი: "სერია A-ს ზედიზედ 8 თამაშში არ გავუშვი გოლი და მითხრეს, რომ ჯამში ეს 746 წუთია, რაც ჩემივე რეკორდის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. მთავარი გუნდის წარმატებაა და პირველ რიგში, ეს მახარებს, თუმცა პირადი მიღწევებიც სასიამოვნოა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, წინ კი დიდი ბრძოლები გველის".
ინტერი
"ინტერი" კრიზისშია და "იუვენტუსთან" თამაშმა ეს კიდევ ერთხელ დაგვანახვა. სკუდეტოზე აღარ არის ლაპარაკი და ისეთი პირი უჩანს, რომ მილანურ გრანდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც ძალიან გაუჭირდება. "ნერაძური" მკვეთრად ჩამორჩა ლიდერებს და მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს თანაქალაქელ "მილანს" – არადა, სეზონის პირველ ნახევარში, "ნერაძური" ლიდერობდა ჩემპიონატს, "როსონერი" კი ცხრილის შუაგულში იყო გაჭედილი. "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მანჩინის ნაცვლად, პიერო აუზილიო გამოცხადდა...პიერო აუზილიო (სპორტული დირექტორი): "მანჩინი მატჩის დაწყებამდეც გაციებული იყო, თამაშის მსვლელობისას კი ხმა დაკარგა. ამიტომ კომენტარს მე გავაკეთებ. არც კი მახსენდება გუნდი, რომელსაც ასეთ მოკლე დროში ამდენი ქულა გაენიავებინოს და ასე დაბლა დაშვებულიყოს სატურნირო ცხრილში. ჩვენ ვერ შევურიგდებით მე-5 ადგილზე ყოფნას და ბევრი შრომა მოგვიწევს იმისთვის, რომ ვითარება გამოვასწოროთ.
"იუვენტუს არენაზე" მარცხი სამარცხვინო არაა, მაგრამ რა ვუყოთ "კარპისთან", "ვერონასთან" და "სასუოლოსთან" განიავებულ ქულებს? – სიმართლე გითხრათ, ფეხბურთელებისგან მეტს ველოდი და ვფიქრობდი, რომ ისინი ღირსნი იყვნენ იმ პატივის, რასაც "ინტერის" მაისურით თამაში ჰქვია".
მაურო იკარდი: "ყველაფერი გავაკეთეთ სასურველი შედეგის მისაღწევად, მაგრამ მეტოქე უფრო ძლიერი გამოდგა. ტურინში სასურველი შედეგის მიღწევა ურთულესია და ეს კიდევ ერთხელ გამოვცადეთ საკუთარ ტყავზე. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"