მაროტას გეგმები - ევროპაში პირველობას ტოპ-ფეხბურთელები სჭირდება

AutoSharing Option
"იუვენტუსი" ყურადღების ცენტრში რჩება, მთავარი სასაუბრო თემა კი მოსალოდნელი ტრანსფერებია. ტურინული გრანდი ზედიზედ 5-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ ახერხებს, მომდევნო სეზონში კი სწორედ ეს იქნება პრიორიტეტული მიზანი.

ლიგის მოგებას გუნდის გაძლიერება სჭირდება, რაც არ იქნება იოლი და მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც "ვეკია სენიორას" წამყვან ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა. რა გეგმები აქვთ ტურინელებს ზაფხულში? - ამაზე "კორიერე დელო სპორტს" კლუბის სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა ესაუბრა:

"იტალიაში დიდი ხანია, პირველები ვართ, ევროპაში კი გაცილებით რთულია წარმატების მიღწევა. შესანიშნავი
ფეხბურთელები გვყავს და გუნდიც ძალიან ძლიერია, კიდევ უფრო გაძლიერება კი მხოლოდ ტოპ-ფეხბურთელების გადმობირებითაა შესაძლებელი, რაც იოლი არ იქნება. ამასთან, უნდა შევძლოთ და წამყვანი ფეხბურთელები შევინარჩუნოთ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლ პოგბას სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას იხდიან, ჩვენ მის გაშვებას არ ვაპირებთ. იგივე შემიძლია ვთქვა პაულო დიბალაზე, რომელიც გუნდის ლიდერად ყალიბდება. დიდი მოთხოვნაა ლეონარდო ბონუჩისა და კლაუდიო მარკიზიოზე, მაგრამ ისინი "იუვენტინოები" არიან და გვსურს, რომ კარიერის ბოლომდე ჩვენთან ითამაშონ.

რთული იქნება ალვარო მორატას შენარჩუნება, რადგან მისი გამოსყიდვის უპირატესი უფლებით მადრიდის "რეალი" სარგებლობს. ჩვენ შევთავაზებთ "რეალს" 20 მილიონ ევროს ამ ოფციის გაუქმების სანაცვლოდ და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან.

ფაქტია, რომ მორატას შენარჩუნება გაგვიჭირდება, მისი ალტერნატივა კი შესაძლოა, დომენიკო ბერარდი იყოს. ედინსონ კავანი ბრწყინვალე ფორვარდია და ჩვენ გვსურს მისი შეძენა - პსჟ-ის მესვეურებს აუცილებლად დაველაპარაკებით ურუგვაელის შესახებ და იმედია, მიზანს მივაღწევთ.

ხუან კუადრადო გუნდში კარგად ჩაეწერა და ჩვენ მზად ვართ, რომ კოლუმბიელი "ჩელსიდან" გამოვისყიდოთ. ვიცი, რომ ანტონიო კონტეს კუადრადო მოსწონს, რაც საქმე ართულებს, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით. ლონდონურ გუნდში კუადრადოს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და სჯობს, რომ ხუანი ჩვენთან დარჩეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული