მილანის "ინტერი": ვინ შეცვლის ჰანდანოვიჩს?

AutoSharing Option
დიდია შანსი, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "ინტერი" ძირითადმა მეკარემ დატოვოს.

სამირ ჰანდანოვიჩი წლებია აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში, მაგრამ "ინტერთან" ერთად მიზანს ვერაფრით მიაღწია.

სლოვენიელს გასულ ზაფხულსაც სურდა წასვლა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა, წელს კი აღარ მალავს, რომ მისი სურვილი ისეთ გუნდში გადაბარგებაა, რომელიც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს. 31 წლის მეკარემ ისიც დაამატა, რომ ყველაზე მეტად პრემიერლიგა იზიდავს.

"ინტერის" მესვეურები უკვე ეძებენ მეკარეს, რომელიც სამირ ჰანდანოვიჩს შეცვლის და თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, გამოიკვეთა კიდეც რამდენიმე კანდიდატი. ყველაზე
ხშირად სალვატორე სირიგუზე საუბრობენ, რომელმაც პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში დაკარგა ადგილი და თვითონაც სურს იტალიაში დაბრუნება.

29 წლის მეკარეს "ფიორენტინაც" უმიზნებს და მოკლედ, ასარჩევად აქვს საქმე. "ინტერისთვის" სათადარიგო ვარიანტი მატია პერინია, 23 წლის მეკარე, რომელიც "ჯენოაში" ასპარეზობს და იტალიაში მას ჯიჯი ბუფონის ერთ-ერთ მთავარ მემკვიდრედ მიიჩნევენ. გაიჟღერა ასევე ფრანჩესკო ბარდის გვარმა, რომელიც მიმდინარე სეზონში "ფროზინონეს" კარს იცავს და პერინის მსგავსად, ისიც ახალგაზრდაა.

კიდევ ერთი კანდიდატი სტივ მანდანდაა, რომელიც "მარსელში" ასპარეზობს და საფრანგეთში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ამპლუაში. მოკლედ, ჰანდანოვიჩს წასვლა აქვს გადაწყვეტილი და ვნახოთ, ვინ შეცვლის მას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული