ჯერჯერობით, სპორტულ პრესაში მეტწილად იმ ფეხბურთელებზე საუბრობენ, რომლებმაც შესაძლოა, დატოვონ "ვეკია სენიორა", თუმცა, ბოლო ცნობებით, ტურინელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ წამყვანი ფეხბურთელები შეინარჩუნონ. ქვემოთ ბოლო ინფორმაციებს გავეცნოთ ტურინული ბანაკიდან.
130 ათასი გირვანქა კვირაში
იტალიურ და ინგლისურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსი" არ აპირებს პოლ პოგბას ასე იოლად გაყიდვას და ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს. ლაპარაკია ჯუზეპე მაროტა: "პრესაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება პოგბას ინგლისში გადაბარგების შესახებ, მაგრამ პოლი ჯერ "იუვენტუსის" ფეხბურთელია და ჩვენ მისი გაშვება არ გვსურს. კოლოსალური სატრანსფერო თანხა, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ, არ გვიღირს პოგბას გაშვებად და დანარჩენი უკვე ფეხბურთელზეა დამოკიდებული. მჯერა, რომ პოლი ჩვენთან დარჩება".
მინო რაიოლა: "პოგბა არ ჩქარობს ტურინის დატოვებას, რადგან "იუვენტუსში" თავს შესანიშნავად გრძნობს და არც მოტივაციის ნაკლებობას უჩივის. ჩვენ განვიხილავთ ყველა შეთავაზებას, მაგრამ დიდია შანსი, რომ პოლი "ვეკია სენიორაში" დარჩეს. ყველაფერი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გაირკვევა".
რუგანი არ იყიდება
"იუვენტუსის" 21 წლის მცველის, დანიელე რუგანის გადაბირება არაერთ ევროპულ კლუბს სურს და მათ შორის, პრემიერლიგის ბინადრებს. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "ევერტონი" მზადაა, რომ რუგანის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. გასულ სეზონში რუგანიმ "იუვეს" შემადგენლობაში 21 მატჩი გამართა და მასზე არა მარტო ტურინში, ზოგადად, იტალიაში უდიდეს იმედებს ამყარებენ.ჯუზეპე მაროტამ ამ თემაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ რუგანი, უბრალოდ, არ იყიდება და მისი სხვა გუნდში გადასვლა გამორიცხულია. მაროტამ დანიელეს "იუვენტუსის" და იტალიური ფეხბურთის მომავალი უწოდა.
გაუმჯობესებული კონტრაქტი ბონუჩის
ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ცნობები ლეონარდო ბონუჩის "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით. ინგლისური კლუბი მზადაა, რომ 29 წლის იტალიელი მცველის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, თვითონ ფეხბურთელს კი წელიწადში 8 მილიონი ევრო უხადოს. მართლაც მაცდური წინადადებაა როგორც კლუბისთვის, ისე ბონუჩისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, "იუვენტუსის" მესვეურები ფეხბურთელის შენარჩუნებას ცდილობენ."გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "იუვენტუსი" მზადაა, რომ წამყვან მცველს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის ფარგლებში, ბონუჩი წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. ცნობისთვის, ამჟამინდელი ხელშეკრულებით, ლეონარდოს წლიური გასამრჯელო მხოლოდ 3,7 მილიონი ევროა. ბონუჩის არც აქამდე გამოუთქვამს "იუვეს" დატოვების სურვილი და დიდი ალბათობით, ის დარჩება ტურინულ გრანდში.
ალეგრის დიდი მიზნები
შვებულების შემდეგ პრესასთან პირველად გამოჩნდა "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი და ჟურნალისტთა კითხვებსაც უპასუხა. ალეგრი ახალ სეზონს ენთუზიაზმით ელოდება და დიდ მიზნებს ისახავს...- დანი ალვეშის და მირალემ პიანიჩის სახით ახალი ფეხბურთელები გყავთ. რას იტყვით მათზე?
- ორი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი დავიმატეთ, რომლებიც ჩვენს თამაშს აუცილებლად გააძლიერებენ. დანი ალვეშს მთელი ფლანგის კონტროლი შეუძლია, პიანიჩს კი - თამაშის წარმართვა და შეტევების დირიჟორობა. ჩვენ მიზნობრივი სატრანსფერო პოლიტიკა გვაქვს და ვიცით, ვინ გვჭირდება და როგორი ტიპის ფეხბურთელი უნდა დავიმატოთ.
- დანი ალვეშის ტრანსფერი შტეფან ლიხტშტაინერის წასვლას ნიშნავს?
- თუ გვინდა, რომ ყველა ფრონტზე წარმატებისთვის ვიბრძოლოთ, ამისთვის თითო პოზიციაზე ორი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი უნდა გვყავდეს. ვისურვებდი, რომ მარჯვენა ფრთაზე ალვეშის და ლიხტშტაინერის კონკურენცია ვიხილო, თუმცა გასათვალისწინებელია თავად შტეფანის სურვილი და პოზიცია.
- ალვარო მორატა "რეალში" გადავიდა და რამდენად დიდი დანაკლისია ეს გუნდისთვის?
- მორატას სახით "იუვენტუსმა" უმაღლესის კლასის ფორვარდი დაკარგა და ბუნებრივია, რომ ამ დანაკლისს ანაზღაურება სჭირდება. ჩვენ მოგვიწევს აქტიურობა სატრანსფერო ბაზარზე და ახალი თავდამსხმელის მოყვანა. კონკრეტული გვარების დასახელებისთვის არ ვარ მზად, თუმცა შეტევის გაძლიერება რომ გვმართებს, ეს ცხადია.
- გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის მოგებას ელოდებიან...
- ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, რომელსაც თავისი სპეციფიკა აქვს. შესაძლოა, მთელი სეზონი ბრწყინვალედ თამაშობდე, მაგრამ სადღაც, ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ფეხი დაგიცდეს და თამაშგარეში დარჩე. გასულ სეზონში "ბარსელონა" დაფრინავდა და საბოლოოდ, ლიგა "რეალმა" მოიგო.
რთულია, ვინმეს დაჰპირდე, რომ აუცილებლად მოიგებ ლიგას, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, ჩვენ გვეყოლება გუნდი, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს ტოლ-სწორად ეპაექრება. ჩვენი მიზანია მოვიგოთ ყველაფერი იტალიაში და მაქსიმალურად კარგად ვიასპარეზოთ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"