ამ ზაფხულს, თითქოს, გარდაუვალი იყო, რომ ლომბარდიული გრანდის აქციების საკონტროლო პაკეტს ჩინელი ინვესტორები დაუფლებოდნენ, მაგრამ პროცესი ამჯერადაც გაიწელა და კლუბის მფლობელად ბერლუსკონი რჩება. შეთანხმება ჯერ კიდევ ივნისის შუა რიცხვებში უნდა შემდგარიყო, მაგრამ ეს თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, ბოლოს კი ვადამ 16 აგვისტომდე გადაიწია. თუმცა, გულშემატკივრებს აღარ სჯერათ, რომ ბერლუსკონი აქციების გაყიდვას თუნ
"მილანის" ულტრასები ბერლუსკონის ვილასთან ერთობ აგრესიულად მოქმედებდნენ და რამდენჯერმე ძალიან გამწვავდა ვითარება. ბოლოს, დონ სილვიომ გულშემატკივრებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და სამი მათგანი თავისთან, ვილაში იხმო. შეხვედრა თითქმის ერთი საათი გაგრძელდა, ერთ-ერთმა რჩეულმა ქომაგმა კი პრესასთან კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა:
"ბერლუსკონიმ დაგვიდასტურა, რომ ის კლუბის გაყიდვას აპირებს და ამ მიმართულებით სამუშაოები გრძელდება. პროცესი გაიწელა და როგორც განმარტა, ბიუროკრატიული მიზეზების გამო. ჩვენი სურვილია, რომ მოლაპარაკება მალე დასრულდეს და კლუბი ინვესტორების ხელში გადავიდეს, რომლებიც ტრანსფერებში დიდ ფულს დახარჯავენ. ასევე, მოვთხოვეთ ბერლუსკონის, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოსტიდან ადრიანო გალიანი, რომელიც წარუმატებლად უძღვება საქმეს. "მილანს" შველა სჭირდება და კმარა ეს გაუგებრობა".
სოსა და ძაძა სამიზნეში
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე, "მილანის" მესვეურები ორი მიმართულებით აწარმოებენ მოლაპარაკებას - "იუვენტუსიდან" სიმონე ძაძას გადაბირება სურთ, ხოლო "ბეშიქთაშიდან" - ხოსე სოსას. ორივე შემტევი ფეხბურთელია და აშკარაა, რომ ლომბარდიელებს თავდასხმის გაძლიერება აქვთ განზრახული. მით უმეტეს, დიდი ალბათობით, გუნდს კარლოს ბაკა დატოვებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე უნდა თამაში და ახალი კლუბის ძიებაშია.ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი პირადად შეხვდა სოსას და მასთან ხელშეკრულების დეტალები შეათანხმა.
31 წლის არგენტინელი შემტევი თანახმაა, რომ კლუბი შეიცვალოს და იტალიაში გააგრძელოს კარიერა. სოსას "ბეშიქთასთან" კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და თავად ფეხბურთელმა თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გამო ამ ხელშეკრულების ანულირება მოითხოვა - მართალია, ეს მოთხოვნა არც "ბეშიქთაშმა" დააკმაყოფილა და ფეხბურთელს არც უეფამ დაუჭირა მხარი, მაგრამ ხოსეს რომ თურქეთში აღარ სურს დარჩენა და ამ მოთხოვნის შემდეგ, დიდად აღარც დაედგომება, ესეც ფაქტია.
კულუარული ინფორმაციით, "მილანი" თურქულ კლუბს 5 მილიონ ევროს შესთავაზებს, მაგრამ რამდენად დათანხმდება "ბეშიქთაში" ამ შეთავაზებას, რთული სათქმელია. გასულ სეზონში, სოსამ 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი გააკეთა, რაც შემტევი ნახევარმცველისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია.
ამასობაში, "მილანი" სიმონე ძაძას გადაბირებას ცდილობს და "იუვენტუსთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. ტურინელებს თავდამსხმელის 25 მილიონ ევროდ გაყიდვა სურთ, "მილანს" კი ფორვარდის იჯარით აყვანა უნდა გამოსყიდვის პერსპექტივით. ძაძას მიმართ ინტერესს იჩენენ "რომა", "ვესტ ჰემი" და "ვოლფსბურგი", რომელთა შეთავაზებები "იუვენტუსის" მესვეურებისთვის ალბათ უფრო მისაღები იქნება, მაგრამ გასათვალისწინებელია თავად ფეხბურთელის სურვილი, რომელმაც ერთხელ უკვე განაცხადა, რომ ბავშვობაში "მილანის" თამაშით აღფრთოვანებული იყო და მისთვის ამ გუნდში გადასვლა ოცნების ახდენა იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"