ტურინის "იუვენტუსი" - ძალიან საშიში ქალბატონი

AutoSharing Option
მსოფლიოს ბევრი საშიში ქალბატონი ახსოვს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საშიში, ალბათ, ტურინის "იუვენტუსი" იქნება. ტურინელებს აქამდეც შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავდათ და ახლა ხომ საერთოდ... უმჯობესია, თანმიმდევრობით მივყვეთ.

წავა თუ დარჩება?
პოლ პოგბა "იუვენტუსის" ფანებს დაჰპირდა, რომ ის გუნდში რჩება. არადა, მანამდე მისი ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაწყვეტილ საქმედ მოსჩანდა. რაღა შეხსენება გჭირდებათ, რომ პოგბა "იუნაიტედის" აღზრდილია და თავის დროზე "ოლდ ტრაფორდი" იმად დატოვა, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა მასში დიდი ტალანტი ვერ ამოიცნო.

როგორიც უნდა იყოს პოგბას მომავალი, "იუვე" ევროპული მომავალ სეზონში ყველა ტურნირის
ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. მასიმილიანო ალეგრის ხელში ხომ მართლაც დიდებულმა შემსრულებლებმა მოიყარეს თავი.

ახლები
მეჰდი ბენატია
მაროკოს ნაკრების ლიდერი "იუვენტუსში" განათხოვრების წესით ითამაშებს. მიუნხენის "ბაიერნში" ბენატიას სათამაშო პრაქტიკა აკლდა. წესით, არც "იუვეს" ძირითად შემადგენლობაში უნდა გაუადვილდეს დამკვიდრება. ტურინელებს ხომ წლების განმავლობაში აწყობილ - შედუღაბებული დაცვა ჰყავთ.

მირალემ პიანიჩი
"იუვენტუსმა" ბოსნიელი ნახევარმცველის გადაბირებით ორი კურდღელი დაიჭირა. ჯერ ერთი, კონკურენტ "რომას" წაართვა ლიდერი. მეორეც - შუა ხაზში შეიძინა ფეხბურთელი, რომელიც "ბებერი ქალბატონის" თამაშს უფრო კონსტრუქციულს გახდის. პიანიჩს დიდუბულად შეუძლია საჯარიმო დარტყმების შესრულება და ეს ამ შესანიშნავი ნახევარმცველის კიდევ ერთი პლუსია.

გონსალო იგუაინი
"იუვეს" სჭირდებოდა სუპერფორვარდი და მან ის მიიღო. გონსალო იგუაინში კლუბმა 90 მილიონი ევრო გადაიხადა. "ნაპოლიში" იგუაინს ყველა დაეუბრა, მაგრამ არგენტინელს ახლა ეს ყველაზე ნაკლებად ანაღვლებს. მას მოენატრა ტიტულების მოგება და ამისთვის "იუვე" ზედგამოჭრილი ადგილია. ეგაა, "პიპიტა" უდიდეს წნეხში იქნება, რადგან მასში მართლაც ზღაპრული თანხაა გადახდილი.

მარკო პიაცა
თინეიჯერ ხორვატს, ვინც ტურინულ გრანდში ზაგრების "დინამოდან" მივიდა, მართლაც რომ ჯოჯოხეთური კონკურენციის დაძლევა მოუწევს, რათა "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს. რამდენად შეძლებს ის ამ წნეხთან გამკლავებას, ამას ყველა ერთად ვნახავთ.

დანი ალვეში
კაცი უდიდესი გამოცდილებით და ძალიან ბევრი საკლუბო ტიტულით. ბოლო დროს ისე ჩანდა, რომ "ბარსელონაში" საკუთარი თავი ამოწურა. ვფიქრობთ, "იუვენტუსში" სხვანაირი მოტივაციით დაიწყებს თამაშს. გუნდისათვის უდიდესი სარგებლობის მოტანა შეუძლია.

გრიგორის კასტანოსი
ყველას გაუკვირდა თინეიჯერი კვიპროსელი შემტევი ნახევარმცველის, გრიგორის კასტანოსის მოხვედრა "იუვენტუსის" ძირითად გუნდში. და მაინც, "პარალიმნის" ყოფილი ფეხბურთელი ალბათ მეორე გუნდში ითამაშებს. მალე ყველა ერთად ვნახავთ, რეალურად ნიჭიერი კვიპროსელი, თუ მის ტრანსფერში სხვა გათვლაა ჩადებული.

როლანდო მანდაგორა
კიდევ ერთი თინეიჯერი, ამჯერად "ჯენოადან". იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტები მასში დიდ ნიჭს ხედავენ. ბოლოს "პესკარაში" იყო განათხოვრებული და სწორედ იქედან აიყვანა "იუვენტუსმა".

რა სჭირდება?
თანამედროვე "იუვენტუსი" თითქმის იდეალურადაა დაკომპლექტებული. ერთადერთი, თუ გუნდიდან პოლ პოგბა წავიდა, მაშინ "ბებერ ქალბატონს" აუცილებლად დასჭირდება ერთი მაღალი კლასის ნახევარმცველი, რათა გუნდიდან პოგბას წასვლით გამოწვეული ვაკუუმი მეტნაკლებად შეავსოს.

სუსტი რგოლი
გუნდი იმდენად თანაბრადაა დაკომპლექტებული, რომ სუსტი რგოლი პრაქტიკულად არ ჩანს. სასურველია, გუნდმა თავიდან აირიდოს ტრავმები. ასეთ შემთხვევაში მას იდეალურთან მიახლოვებული შემადგენლობა ეყოლება.

მიზნები
რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობა იტალიის ჩემპიონატში გამარჯვებას გეგმავს. კაცმა რომ თქვას, ფურცელზე "იუვენტუსს" სერიოზული კონკურენტი არც ჰყავს. "რომას" ხელს ალბათ ისევ არასტაბილურობა შეუშლის. "ნაპოლიმ" უდიდესი ძალა დაკარგა გონსალო იგუაინის სახით და, საკითხავია, რამდენად შეცვლის მას არკადიუშ მილიკი. "ინტერს" ნაღდად არ ჰყავს საჩემპიონო შემადგენლობა.

"მილანი" სულ სხვა სალაპარაკო თემაა და, ალბათ, ამ თემას ცალკე წერილი მოუხდება.

ჩემპიონთა ლიგაზე რაიმეს გადაჭრით წინასწარმეტყველება ძალიან რთულია, მაგრამ სადაც სამართალია, "იუვენტუსი" ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე ძალიან შორს უნდა წავიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბავარიამ მარტლა მაგარი ტრანსფერები გააკე
თა ცენტრში ჰუმელსი ბოა ეყოლება ური უძლიერესი მცველი ისიც მაგარია რენატო სანჩეში 18 წლის ბიჭს პორტუგალიის თამაში მიყავდა
vazha
07:27 08-08-2016
0
არა ძმა ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ბაიერნს ყავს და ჩემთვის მთავარი ფავორიტია ლიგის მოგების.მთავარია ტრამვები აიცილოს თავიდან.
0

სიახლეები პოპულარული