იტალიის ნაკრები: ბერარდი ვენტურას სქემას ვერ ერგება

AutoSharing Option
ჯამპიერო ვენტურას იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია, მაგრამ უკვე კრიტიკის ობიექტია. მედია და ექსპერტები გაკვირვებულები დარჩნენ 68 წლის სპეციალისტის კომენტარებით დომენიკო ბერარდისთან დაკავშირებით.

ეს უკანასკნელი "სასუოლოს" ფორვარდია. 2012 წლიდან ბერარდიმ ამ გუნდთან ერთად ბევრი იშრომა (129 მატჩი, 51 გოლი), იტალიური ფეხბურთის ელიტაში რომ დაედო ბინა. ოცნება 2015 წლის გაზაფხულზე ახდა, როცა მოდენას პროვინციის პატარა ქალაქის გუნდმა სერია A-ში თამაშის უფლება მოიპოვა.

22 წლის ბერარდის არც იტალიის მთავარ ლიგაში შეურცხვენია თავი - "სასუოლოსთან" ერთად ბრწყინვალე სეზონი
ჩაატარა, გრანდების ყურადღებაც მიიპყრო, მაგრამ ანტონიო კონტემ ევროპის ჩემპიონატზე მაინც არ იახლა - ჯერ ადრეაო. ადრე გამოძახებული კი ჰყავდა ორი შესარჩევი მატჩისთვის, მაგრამ ტრავმის გამო დებიუტი ვერ შედგა.

ვენტურა კონტეს დანატოვარზე აპირებს "ახალი იტალიის მშენებლობას". უცვლელი რჩება საბაზისო სქემა: 3-5-2. დაცვის ხაზი ისევ ტურინული "რკინაბეტონისგან" იქნება აგებული, აი, წინ კი...

...წინ თურმე ბერარდის ადგილი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა ვენტურამ პრესკონფერენციაზე და ჟურნალისტები პირდაღებული დატოვა. ბერარდი ვერ ჩაჯდება 3-5-2-ში, რადგან მწვრთნელი დიდად არ სწყალობს ფლანგის შემტევებს, ის აქცენტს მებრძოლ შუახაზელებზე აკეთებს და ეს ჩანს კიდეც კვირას დასახელებული შემადგენლობიდან.

ისე, ბერარდი ვერც იქნებოდა ვენტურას სიაში, ტაქტიკურ მოთხოვნებს სულაც იდეალურად რომ აკმაყოფილებდეს, რადგან სერია A-ს მეორე ტურში ტრავმა მიიღო. თუმცა "სასუოლოს" პრეზიდენტი ჯორჯო სკუინცი, რომელმაც ვენტურა მკაცრად გააკრიტიკა, იმედოვნებს, რომ "სკუადრა აძურას" თავკაცი აუცილებლად შეიცვლის აზრს, როცა დაინახავს გუნდში ბერარდის ყოფნის აუცილებლობას.

"დომენიკო უძლიერესი იტალიელი ფეხბურთელია, რომელსაც შეტევის ხაზში ყველანაირი ფუნქციის შესრულება შეუძლია - იქნება ეს ფლანგზე თუ ცენტრფორვარდის უკან. ამიტომ ვენტურას მოსაზრება აბსურდულად მეჩვენება, თუმცა იმედი მაქვს, ის შეიცვლის აზრს... ახლა კი მე უფრო ბერარდის ტრავმა მაღელვებს. მეუბნებიან, რომ დომენიკოს დაახლოებით სამი კვირა გაუცდება. არადა, ის ბრწყინვალე ფორმაში იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული