კარლო ტავეკიო: დღეს იტალიური ფეხბურთი სუფთაა

AutoSharing Option
კარლო ტავეკიო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სათავეში დიდი გეგმებით და ამბიციებით მივიდა, თუმცა ჯერჯკერობით, დაპირებების შესრულება უჭირს.

ტავეკიო სერია A-სა და B-ში გუნდების რაოდენობის შემცირებას აპირებდა, რასაც ჩემპიონატის საერთო დონე უნდა აემაღლებინა. ამასთან, სენიორ კარლოს ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესება სურდა, რათა იტალიელ ფეხბურთელებს მეტი გასაქანი მისცემოდათ.

უკვე ორი წელი გავიდა, რაც ტავეკიო ფედერკალჩოს პრეზიდენტია და დაპირებული რეფორმები არ გატარებულა. ტავეკიომ განვლილი პერიოდი შეაჯამა და აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

მთავარი მიზანი
როდესაც ფედერკალჩოს პრეზიდენტად ამირჩიეს, ჩემი მთავარი მიზანი იყო იტალიურ ფეხბურთში სუფთა თამაშის წესების დამკვიდრება.
ყველამ კარგად ვიცით, რომ კალჩოში დიდი სიბინძურე ტრიალებდა, დღეს კი ვითარება განსხვავებულია.

ბოლო ორი წელია, წარმატებით ვებრძვით კორუფციას, გარიგებულ თამაშებს და სხვა მანკიერ გამოვლინებებს, რომელიც ასე ორგანულია ზოგადად საფეხბურთო სამყაროსთვის. ვფიქრობ, დღეს იტალიური ფეხბურთი ისეთი სუფთაა, როგორც არასდროს. ეს არის მონაპოვარი, რომლითაც უნდა ვიამაყოთ.

გუნდების რაოდენობის შემცირება
ჩემი სურვილი იყო და დღესაც არის, რომ სერია A-ში, B-სა და ლიგა პროში გუნდების რაოდენობა შემცირდეს. ვფიქრობ, უმაღლეს ლიგაში 18 გუნდი უნდა თამაშობდეს, მეორე დივიზიონში 20, ხოლო ლიგა პრო ორ დივიზიონად უნდა გაიყოს და თითოში 20 გუნდი ასპარეზობდეს. გუნდების რაოდენობის შემცირება მკვეთრად გაზრის საერთო დონეს და იტალიური საკლუბო ფეხბურთო უფრო ყურებადი გახდება.

ამაზე ვსაუბრობ ფედერკალჩოში მოსვლის დღიდან, მაგრამ რეალური ნაბიჯების გადადგმა რთული გამოდგა. უახლოეს დღეებში, კიდევ ერთხელ მომიწევს "ლეგა კალჩოს" მესვეურებთან შეხვედრა და ამ თემას აუცილებლად წამოვჭრი. სამწუხაროდ, ეს რეფორმა ვერ გატარდება ერთ წელიწადში და ჩვენ 4-5-წლიანი გეგმა უნდა შევიმუშავოთ. მოკლედ, დროა საჭირო და ამას ვერსად გავექცევით.

ლიმიტი ლეგიონერებზე
ჩემი აზრით, ლეგიონერებზე აუცილებლად უნდა დაწესდეს ლიმიტი, რათა იტალიელ ფეხბურთელებს მეტი გასაქანი მიეცეთ. სწორედ ასე იყო მაშინ, როდესაც სერია A ევროპაში საუკეთესო იყო და ჩვენი კლუბები ევროთასებს იგებდნენ.

ამით, ეროვნული ნაკრებიც მწვრთნელებსაც შევიწყობთ ხელს, რომლებიც მუდმივად საკადრო პრობლემების წინაშე დგანან. არ შეიძლება, რომ სერია A-ში ლეგიონერები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე იტალიელი ფეხბურთელები და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ვფიქრობ, ამ რეფორმას უფრო ადრე გავატარებთ, ვიდრე ლიგებში გუნდების რაოდენობის შემცირებას.

სერია A
ვფიქრობ, სერია A-ს მიმდინარე გათამაშება იმაზე უფრო დაძაბული იქნება, ვიდრე წინა წლებში. და ეს მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ბაზარზე "იუვენტუსი" გაძლიერდა და კონკურენტებს საუკეთესო ფეხბურთელები წაართვა. ფეხბურთი მოულოდნელობებითაა სავსე და ინგლისის გასული ჩემპიონატი ამის ნათელი მაგალითია. ჩემთვის არაფერი იქნება გასაკვირი იმაში, თუ "ნაპოლი", "რომა" და "ინტერი" "იუვენტუსს" ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ და ბრძოლას ბოლო ტურამდე გაუმართავენ.

იტალიის ნაკრები
ძალიან დასანანია, რომ ევროპის ჩემპიონატს მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოვეთიშეთ, რადგან მეტი შეგვეძლო. ანტონიო კონტემ ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა და საფრანგეთში იდეალურად მომზადებული გუნდი ჩაიყვანა.

რომ არა დიდი დანაკლისი ნახევარდაცვაში, გერმანიას გავცდებოდით და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ვფიქრობ, ჯამპიერო ვენტურა დაწყებულ საქმეს არანაკლებ კარგად გააგრძელებს და იტალიის ნაკრები მუნდიალზე გაემგზავრება. დიახ, დღეს ესაა ჩვენი მიზანი და მთავარია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული