ფრანჩესკო ტოტი: კიდევ მინიმუმ 10 წელი სიამოვნებით ვითამაშებდი

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტმა" სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზით ისარგებლა და ფრანჩესკო ტოტისთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. სულ რამდენიმე დღის წინ, "რომას" ლეგენდარული კაპიტანი 40 წლის გახდა და ბუნებრივია, რომ დღეს, ის იტალიური ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავია.

- "ტორინოს" კარში გატანილი გოლი 250-ე იყო სერია A-ში. როგორც ჩანს, არ ხუმრობდით, როდესაც თქვით, რომ სილვიო პიოლას რეკორდის დამხობა გსურთ, რომლის ანგარიშზეც 274 გოლია...
- ხშირად ვხუმრობ, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. დიახ, ეს არის ჩემი მიზანი და ეს მიუხედავად იმისა, რომ რეკორდის დამხობა თითქმის შეუძლებელია. ზოგადად,
ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის გუნდის ინტერესები იყო და ასეა ამჯერადაც. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო, ჩემი გოლები კი სწორედ ამისთვის მჭირდება და არა პირადი რეკორდების გასაუმჯობესებლად.

- "ტორინოსთან" დამარცხდით და საერთოდ, გუნდს არასტაბილურობა ახასიათებს...
- ვფიქრობ, "რომა" სწორი გზით მიდის, თუმცა არის სირთულეები და ბევრს ვშრომობთ, რომ ყველა პრობლემა გადავლახოთ. თუ ჩვენი თამაში არ მიგვდის და ბურთს ვერ ვაკონტროლებთ, რთულ ვითარებაში ვვარდებით და მეტოქე დიდ უპირატესობას ეუფლება. გუნდს ყოველთვის უნდა ჰქონდეს რამდენიმე სქემა და სტრატეგია, უნდა იყოს მოქნილი და მანევრული. ვფიქრობ, "რომა" მოუმატებს და გაცილებით უკეთ ათამაშდება.

- იქნებ "რომას" ერთი დიდი გამარჯვება სჭირდებოდა და "ინტერის" ძლევა ყველაფერს შეცვლის...
- "ინტერის" დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამაში ორი აზრი არ არსებობს, თუმცა მხოლოდ ერთი მატჩი ვითარებას ვერ გამოასწორებს. გვჭირდება გამარჯვებათა მთელი სერია, რომ ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების. უნდა დავიჯეროთ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა და "იუვენტუსის" ჰეგემონიის დამხობა შეგვიძლია. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს, "რომა" ასეთ გუნდად არ გამოიყურება და იმედია, ვითარება შეიცვლება.

- და მაინც, "რომას" მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა?
- პირადად მე, მაქსიმალისტი ვარ და ყველა სეზონს ვიწყებ იმ მოტივით, რომ სკუდეტოს დავეუფლო. ადრეა პროგნოზების კეთება ოქტომბერში, რადგან მთელი სეზონი წინაა და კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. ვფიქრობ, მარტი-აპრილში გამოიკვეთება იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა იმისთვის, რომ "იუვენტუსს" და "ნაპოლის" ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ.

- ალბათ ამის შესახებ არაერთხელ გისაუბრიათ და მაინც, რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო და როგორ ახერხებთ 40 წლის ასაკში ასე თამაშს?
- თუ სწორად ცხოვრობ, რეჟიმს იცავ და თავდაუზოგავად შრომობ, ასაკი ვერ მოგერევა. შესაძლოა, ჩემს კარიერაში იყო სკანდალური მომენტები მოედანზე, მაგრამ მოედანს მიღმა ყოველთვის მშვიდი ცხოვრება მქონდა და რეჟიმი არასდროს დამირღვევია. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე მეთამაშა და ამან შედეგი გამოიღო. ამასთან, გვერდში მედგა ოჯახი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებული სტიმულია. როდესაც იცი, რომ სახლში მოსაყვარულე მეუღლე და ბავშვები გელოდებიან, საქმეც უფრო კარგად გამოგივა.

- თუ გაქვთ სურვილი, რომ თქვენი შვილი კრისტიანი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდეს და 40 წლამდე ითამაშოს?
- ერთი მხრივ კი, რადგან ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და მინდა ჩემ შვილსაც მოედანზე ვხედავდე. თანაც, კრისტიანი გიჟდება ფეხბურთზე, სულ ბურთითაა და ვხედავ, რომ ამაში მე დამემსგავსა. თამაშიც კარგად გამოსდის და პოტენციალი აშკარად აქვს. მეორე მხრივ, არ მსურს, რომ ფეხბურთელი გახდეს, რადგან ზურგზე ტოტი უნდა ეწეროს, ეს კი უდიდესი წნეხი და პასუხისმგებლობა იქნება. მას ყოველთვის შეახსენებენ ვისი შვილია და რა თქმა უნდა, შეადარებენ მამას. ვფიქრობ, ეს ნეგატიურ გავლენას მოახდენს მასზე, როგორც პიროვნებასა და როგორც ფეხბურთელზე.

- კრისტიანი 11 წლისაა და თქვენ თავს თუ გაგონებთ მის ასაკში?
- ხანდახან ვუყურებ და ჩემი თავი მახსენდება, მაგრამ უნდა ვიყო სამართლიანი და აღვნიშნო, რომ მის ასაკში, მე უკეთესად ვთამაშობდი. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ზოგი შეიძლება მოგვიანებით გაიხსნას და გაცილებით უკეთ ათამაშდეს. "რომას" ბავშვთა აკადემიაში, ბევრი ტალანტი იყო, რომლებმაც დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშეს და იყვნენ ისეთებიც, ვისგანაც არაფერს ელოდნენ, მაგრამ დღეს სერია A-ს სხვადასხვა გუნდებში ასპარეზობენ.

- ბავშვობაში თუ ფიქრობდით იმაზე, რომ ფეხბურთს 40 წლამდე ითამაშებდით?
- არა, ასეთი თამამი მიზნები არ მქონია. 40 წლის ასაკში, კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ, "რომას" კაპიტნის სამკლავური მიკეთია და ზურგზე 10 ნომერი მაწერია; ეს ფანტასტიკური რეალობაა, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო.

- მიმდინარე სეზონში, განსაკუთრებული გოლის გატანას თუ გეგმავთ?
- იმედია, ევროპალიგის ფინალში გავალთ და თუ გამიმართლებს, იქ გადამწყვეტ გოლს სიამოვნებით გავიტან. "რომასთან" ერთად, საერთაშორისო ტროფეი არასდროს მომიგია და ეს ტურნირი ჩემთვის შანსია.

- რა იქნებოდა თქვენთვის საუკეთესო საჩუქარი 40 წლის იუბილეზე?
- 10 წლის მოკლება და ეს მართლაც საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა. არ მბეზრდება ფეხბურთის თამაში და ეჭვი მაქვს, რომ კიდევ მინიმუმ 10 წელი სიამოვნებით ვითამაშებდი. სამწუხაროდ, ჩემი საიუბილეო სურვილი უტოპიაა.

- იუბილე ათასობით გულშემატკივარმა მოგილოცათ და თქვენ რისი თქმა გსურთ მათთვის?
- მე თვითონ ვარ "რომას" გულშემატკივარი, სიგიჟემდე მიყვარს გუნდის ფერები და ამიტომ, კარგად მესმის მათი. როდესაც მოედანზე გავდივარ, ვცდილობ, რომ გულშემატკივრებისთვის მაქსიმუმი გავიღო და მათი ცხოვრება ჩვენი გამარჯვებით შევამსუბუქო. დიახ, როდესაც "რომა" იგებს, გუნდის თითოეული ქომაგისთვის ცხოვრება უფრო მსუბუქი ტვირთია და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

"ჯალოროსის" გულშემატკივრებს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ და ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული