დიეგო მარადონა: მაურო იკარდი მოღალატეა

AutoSharing Option
დიეგო მარადონამ კარიერის საუკეთესო წლები "ნაპოლიში" გაატარა და ბუნებრივია, რომ ის დღემდე რჩება იტალიურ ფეხბურთში აქტიურ პერსონად - ხშირად საუბრობს კალჩოში მიმდინარე მოვლენებზე და საინტერესო მოსაზრებებსაც აფიქსირებს.

დროა, სიტყვა ლეგენდარულ არგენტინელს გადავცეთ:

სერია A
პირადად ჩემთვის, სერია A რჩება ყველაზე საინტერესო ჩემპიონატად და ეს მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებთან შედარებით, დონე მკვეთრად დაცემულია. თუ სამშობლოში ჩემი გული "ბოკა ხუნიორსს" ეკუთვნის, ევროპაში "ნაპოლის" ვგულშემატკივრობ და მინდა, რომ ამ გუნდმა ჩრდილოელთა ჰეგემონია დაამხოს.

"იუვენტუსი" ძალიან ძლიერია და სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტია, მაგრამ ვფიქრობ,
რომ სწორედ "ნაპოლია" ის გუნდი, რომელიც ტურინულ გრანდს კონკურენციას გაუწევს. პირადად მე უმრავლესობის პოზიციას არ ვიზიარებ და ჩემპიონობისთვის დიდ ბრძოლას ველოდები.

ნაპოლი
როდესაც "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარი დაინიშნა, კლუბის მესვეურები გავაკრიტიკე და მათი გადაწყვეტილება დავიწუნე, თუმცა, საბედნიეროდ, შევცდი და სარი აღმოჩნდა ის სპეციალისტი, რომელსაც გუნდის დიდ წარმატებამდე მიყვანა შეუძლია.

"ინტერი" და "რომა" ტრანსფერებში მეტ ფულს ხარჯავენ, მაგრამ "ნაპოლი" უფრო მძლავრ და სტაბილურ ფეხბურთს თამაშობს, რაც მწვრთნელის დამსახურებაა. მჯერა, რომ "ნაპოლის" წარმატებით შეუძლია ასპარეზობა როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე.

გონსალო იგუაინი
არ მაქვს პრეტენზიები გონსალო იგუაინთან, რადგან ნებისმიერი ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ პასუხს აგებს მასზე. იგუაინმა გადაწყვიტა, რომ "იუვენტუსში" გაეგრძელებინა კარიერა და დღეს უკვე ტურინული გუნდისთვის იტანს გოლებს.

თუ ასე უფრო ბედნიერად გრძნობს თავს, მე რა უფლება მაქვს, რომ მისი ეს ნაბიჯი დავგმო. თუმცა, მე "ნაპოლიდან" "იუვენტუსში" არასდროს გადავიდოდი. რთულია, სკუდეტო მოიგო "ნაპოლისთან" ერთად და დაამხო "იუვეს" ჰეგემონია, თუმცა არსებობს მარტივი გზა - გადახვიდე "იუვენტუსში" და გახდე ჩემპიონი. მე რთული გზით მიყვარდა სიარული.

არკადიუშ მილიკი
ძალიან დასანანია ის, რაც მილიკს შეემთხვა. ფეხბურთი ხშირად უსამართლოა და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. მილიკი იდეალურად შეეწყო ახალ გუნდს და "ნაპოლისაც" ძალიან სჭირდებოდა მილიკი, თუმცა ტრავმა მიიღო და ნახევარი წლით მოუწევს დასვენება. ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, დაძლევს ამ რთულ პერიოდს და კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება, "ნაპოლის" კი ფორვარდის დამატება მოუწევს, რომ მისი დანაკლისით გამოწვეული ვაკუუმი შეავსოს.

ფრანჩესკო ტოტი
ფრანჩესკო ტოტის შეუძლია, რომ 50 წლამდე ითამაშოს ფეხბურთი, რადგან იდეალურ ფორმაშია და არ ბერდება. სერია A-ს 40 ფეხბურთელის საუკეთესო თვისებები უნდა აიღო, რომ ერთი ტოტი ააწყო. პირადად მე, ფრანჩესკოს განსაკუთრებულ პატივს ვცემ, რადგან მთელი კარიერა ერთ გუნდში გაატარა.

როგორც უკვე აღვნიშნე, მე რთული გზით სიარული მიყვარს, ტოტი კი სწორედ ასეთი გამოდგა. მან უარი თქვა ტიტულებსა და იოლ გამარჯვებებზე, თუმცა ამით მიიღო კიდევ უფრო დიდი აღიარება და პატივისცემა. იმედია, ტოტი კიდევ ბევრ გოლს გაიტანს, თუმცა არა სერია A-ს მომდევნო ტურში, რადგან "რომა" "ნაპოლის" შეხვდება.

მაურო იკარდი
არაფერი მაქვს სალაპარაკო მოღალატეებზე, მაურო იკარდი კი სწორედ ასეთია. მე არ გავკიცხავ ფეხბურთელს იმის გამო, რომ კლუბი შეიცვალა, რადგან ეს მისი არჩევანი იყო, მაგრამ უღალატო მეგობარს... ამას ვერასდროს გავიგებ. იკარდი ნაკრებში გამოიძახეს და თუ ქვეყნის სახელით გოლებს გაიტანს, მხოლოდ გამიხარდება, მაგრამ პირადად მისი გულშემატკივარი არასდროს ვიქნები. იკარდი მოღალატეა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

იკარდის პასუხი მარადონას
დიეგო მარადონას განცხადებას მაურო იკარდი გამოეხმაურა და ვრცელი კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ იკარდის მოღალატის იარლიყი მიაკერეს მას შემდეგ, რაც მაქსი ლოპესის მეგობარ გოგოსთან გააბარა რომანი და შემდეგ ცოლად შეირთო.

როდესაც იკარდი "ინტერში" გადავიდა სათამაშოდ, მაშინ მაქსი ლოპესი "მილანის" ღირსებას იცავდა, ახალგაზრდა თანამემამულეს კი ადაპტაციის გავლამდე, გარკვეული პერიოდით, თავის სახლში ცხოვრება შესთავაზა - სწორედ იქ დაიწყო რომანი მაურო იკარდისა და ვანდა ნარას შორის, რომელიც ოჯახის შექმნით დასრულდა, ვანდა კი დღეს 23 წლის ფორვარდის პირადი აგენტიცაა.

"როდესაც ხავიერ ძანეტის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო მატჩზე შევხვდი მარადონას, არც კი მომსალმებია, შემდეგ კი განაცხადა, რომ მე მოღალატე ვარ. არ ვიცი, რა დავუშავე პირადად მას, მაგრამ ფაქტია, რომ ამითვალწუნა.

მარადონა უდიდესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მოედანს მიღმა არასდროს ყოფილა სამაგალითო. თვითონ დიეგოს არ უცხოვრია ისე, რომ სხვებს ჭკუა დაარიგოს და მათ მოღალატე უწოდოს. ჯერ თვითონ უნდა იყო სამაგალითო, რომ სხვების განკითხვის უფლება გქონდეს. მე ჩემი ცხოვრება მაქვს - ვთამაშობ ფეხბურთს და მყავს მოსიყვარულე ოჯახი, ჩემი მეუღლისთვის კი არასდროს არაფერი დამიძალებია; არჩევანი თავად გააკეთა. ეს ჩემი ბოლო კომენტარია ამ თემაზე, რადგან სალაპარაკოც არაფერია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული