ჯოვანი ტრაპატონი: იტალია სწორი გზით მიდის

AutoSharing Option
იტალიურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს საკუთარი მოსაზრებები ლეგენდარულმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ გაუზიარა. მაესტრო "სკუადრა აძურას" ბოლო თამაშები შეაფასა და ზოგადად, ნაკრებზე ბევრი ისაუბრა.

იტალია-ესპანეთი
დარჩა შთაბეჭდილება, რომ ესპანელებმა უკეთ იცოდნენ, თუ რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე. ძირითადად მეტოქე ფლობდა ბურთს და მომენტებიც ბუფონის კართან იქმნებოდა.

უნდა ვაღიაროთ, რომ ესპანეთმა უკეთ ითამაშა, მაგრამ იყო ერთი დიდი პლუსი, რომელსაც ვერ ავუვლით გვერდს - მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები უკეთ ირჯებოდნენ, იტალიის ნაკრებმა მონახა ძალა და გაშვებული გოლის შემდეგ, უპირატესობას დაეუფლა. შედეგად, გაათანაბრა ანგარიში და
მოგებაც შეეძლო. ეს ბევრს ნიშნავს და იმაზე მიუთითებს, რომ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს.

მაკედონია-იტალია
თუ არ ჩავთვლით 10-წუთიან მონაკვეთს მეორე ტაიმის სტარტზე, იტალიის ნაკრები სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულად მოიგო. კარგად წარმოჩინდნენ ანდრეა ბელოტი და ჩირო იმობილე - გამოჩნდა, რომ ჯამპიერო ვენტურას შეტევაში დიდი რეზერვი აქვს და თამამად შეუძლია როტაციას მიმართოს.

საგულისხმოა, რომ ესპანეთთან მატჩისგან განსხვასვებით, ვენტურამ ნახევარდაცვაც მთლიანად შეცვალა, თუმცა ამ რგოლში პრობლემებმა იჩინა თავი - რამდენიმე ფეხბურთელს გაუჭირდა შესაძლებლობების წარმოჩენა. მთლიანობაში, იტალია ჯობდა მეტოქეს და დამსახურებულად მოიგო.

პელეს საქციელი
გრაციანო პელემ მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა და ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ადამიანები ვართ და ემოციურ ნიადაგზე ხშირად ვუშვებთ შეცდომებს.

მოგვიანებით, პელემ ბოდიში მოიხადა და სწორად მოიქცა. ჩემს არაერთ შეგირდს გამოუხატავს უკმაყოფილება შეცვლის გამო ცხელ გულზე, მაგრამ შემდეგ, ყოველთვის იხდიდნენ ბოდიშს და მთავარიც ესაა. გრაციანო არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც ემოციებს აჰყვა და მას უნდა გავუგოთ. ჩემი აზრით, პელე უნდა დაბრუნდეს ნაკრებში და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება.

ვენტურას კრიტიკა
როდესაც მწვრთნელი ხარ, კრიტიკას უნდა შეეგუო. იტალიის ნაკრებმა ვერ აჩვენა ისეთი გამართული თამაში, როგორც განვლილ ორ შეხვედრაში და შესაბამისად, ვენტურაც გააკრიტიკეს.

ეს ბუნებრივია და ამაში გასაკვირი არაფერია. სენიორ ჯამპიერო ჭკვიანი სპეციალისტია და აუცილებლად გააკეთებს დასკვნებს და ხარვეზებსაც აღმოფხვრის. ვფიქრობ, ვენტურა ეძებს ახალ ფეხბურთელებს, ვისაც დაეყრდნობა და ეს გამოჩნდა მაკედონიასთან შეხვედრაში - რთული პროცესია, მაგრამ სწირი. ვფიქრობ, იტალიის ნაკრებს ვენტურას ხელში კარგი მომავალი აქვს.

იტალიური კლუბები ევროარენაზე
ვფიქრობ, "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, "ნაპოლის" კი სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია. პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ იტალიური კლუბები ევროპალიგაზეც წარმატებით იასპარეზებენ.

დღემდე რომ მწვრთნელად ვმუშაობდე, ევროპალიგის მატჩი ჩემთვის ისეთივე მნიშვნელობის იქნებოდა, როგორც სერია A-სა თუ ჩემპიონთა ლიგის პაექრობა. ძლიერ კლუბებს ორი სრულფასოვანი შემადგენლობა ჰყავთ და ამიტომ, ყველა ფრონტზე მაქსიმალური მიზნებისთვის უნდა იბრძოლონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული