მილანის "ინტერი": ვინ შეცვლის ფრანკ დე ბურს

AutoSharing Option
საყოველთაო მოლოდინით, ფრანკ დე ბურს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდი დღე არ უწერია და მას უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ჰოლანდიელ სპეციალისტს იმ შემთხვევაშიც კი გაუშვებენ, თუ მისი გუნდი სერია A-ს უახლოეს ტურში "ტორინოს" დაამარცხებს, სხვა შედეგი კი დე ბურისთვის პირდაპირი განაჩენია. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელის თავკაცობით, "ინტერმა" 12 მატჩი გამართა და აქედან 6 წააგო, რის შედეგადაც გუნდი სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.

არადა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მილანელებმა იაქტიურეს და საკმაოდ დიდი თანხაც დახარჯეს გუნდის გასაძლიერებლად. იგივე, "მილანისგან" განსხვავებით, რომლის
მესვეურებმაც ჩააგდეს სატრანსფერო ფანჯარა, თუმცა მათი გუნდი სატურნირო ცხრილის სამეულშია. ბუნებრივია, "ნერაძურის" წარუმატებლობებში მთავარ დამნაშავედ დე ბური შეირაცხა და მისი გათავისუფლებაც გარდაუვალი ჩანს.

კანდიდატი ბევრია
იტალიურ სპორტულ მედიაში ფრანკ დე ბურის სავარაუდო შემცვლელთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. "გაძეტა დელო სპორტში" ოთხი ყველაზე რეალური კანდიდატი სახელდება: ლორან ბლანი, მარსელო ბიელსა, ლუი ვან გაალი და ანდრე ვილაშ-ბოაში. არც ერთ მათგანს წარდგენა არ სჭირდება და მხოლოდ ის დავძინოთ, რომ ამ ეტაპზე, ოთხივე უმუშევარია - მარსელო ბიელსა ბოლოს "მარსელს" წვრთნიდა, ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედს", ანდრე ვილაშ-ბოაში "ზენიტს", ლორან ბლანი კი პსჟ-ს.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ამ კანდიდატებიდან კლუბის პრეზიდენტის, ერიკ ტოჰირის სიმპათია ბიელსასკენ იხრება, რომელიც გასულ ზაფხულს "ლაციოში" დანიშვნასთან იყო ახლოს, მაგრამ ბოლოს უარი განაცხადა.

არის კიდევ ერთი, საინტერესო ვერსია, რომლის მიხედვითაც, "ინტერის" მესვეურები დიეგო სიმეონეს შეუთანხმდებიან და არგენტინელ მწვრთნელს მომავალი სეზონისთვის დაიბევებენ, იქამდე კი "ნერაძურის" დროებითი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში: ფრანჩესკო გვიდოლინი, სტეფანო პიოლი, ანდრეა მანდორლინი ან ლეონარდო. გაიჟღერა გუს ჰიდინკის გვარმაც, რომელიც ბოლოს დროებით მწვრთნელად "ჩელსიში" მუშაობდა.

მოკლედ, კანდიდატი ბევრია და სცენარიც არაერთი განიხილება, ფრანკ დე ბურს კი ჯერ კიდევ სჯერა, რომ "ტორინოსთან" მატჩმა შეიძლება მისი სკამი გადაარჩინოს და გააგრძელოს მუშაობა "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე...

მანჩინი არ უნდა გაეშვათ
"ინტერის" კრიზისს კლუბის საპატიო პრეზიდენტი მასიმო მორატი გამოეხმაურა და ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"კლუბის ახალმა მესვეურებმა და რობერტო მანჩინიმ საერთო ენა ვერ გამონახეს, რამაც საბოლოო ჯამში, გუნდი დააზარალა. მანჩინი რომ "ინტერის" მწვრთნელი იყოს, გუნდი ასეთ კრიზისში არ იქნებოდა. ფრანკ დე ბური კარგი სპეციალისტია, მაგრამ სრულიად უცხო გარემოში მოხვდა და ასეთ მოკლე დროში გაუჭირდებოდა შესაძლებლობების წარმოჩენა.

ჩემი რჩევა იქნება კლუბის მესვეურების მიმართ, რომ ყოველთვის და ყველგან, პირველ ადგილზე გუნდის ინტერესები დააყენონ. ჩემი პრეზიდენტობის დროს ბევრ რამეზე დამიხუჭავს თვალი, რადგან საქმეს ასე სჭირდებოდა. ვის ვისურვებდი "ინტერის" მთავარ მწვრთნელად? - ფრანკ დე ბური ჯერ კიდევ "ინტერის" მწვრთნელია და შესაბამისად, მინდა მას წარმატება ვუსურვო, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული