ალეჰანდრომ შესანიშნავი გოლი გაიტანა და მთლიანობაში, ბრწყინვალედ გაისარჯა, "ატალანტამ" კი მეტოქეს სამი უპასუხო გოლი შეუგდო.
რამდენიმე თვის წინ ალეჰანდრო გომესმა იტალიის მოქალაქეობა მიიღო, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მას არასდროს უთამაშია და შესაბამისად, ვენტურას მისი გამოძახება უპრობლემოდ შეუძლია. მიმდინარე სეზონში გომესმა "ატალანტას" შემადგენლობაში 11 მატჩი გამართა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა
ბერგამოში გადაბარგებამდე ალეჰანდრომ "კატანიაში" ასპარეზობით დაგვამახსოვრა თავი, სადაც 3 წელი გაატარა, 106 მატჩი გამართა და 16 გოლი გაიტანა.
მას შემდეგ, რაც სიცილიური გუნდი სერია B-ში დაქვეითდა, გომესი ერთი წლით უკრაინაში, ხარკოვის "მეტალისტში" გადაბარგდა, თუმცა მალევე იტალიაში დაბრუნდა და "ატალანტას" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდა. ფეხბურთელმა უკვე განაცხადა, რომ მისთვის ვენტურას ყურადღების სფეროში მოქცევა დიდი პატივია და იტალიის ნაკრებში სიამოვნებით ითამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"