მჩ 2018: შეიძლება ისინი მუნდიალს დააკლდნენ...

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ევროპულ ნაწილში (სხვაგან მეტიც) გზის ნახევარი უკვე გავლილია. გამოიკვეთნენ გუნდები, რომელთაც რუსულ სტადიონებზე ასპარეზობა თითქმის გარანტირებული აქვთ, მაგრამ არიან ნაკრებებიც, რომლების სამუნდიალო მომავალიც, რბილად რომ ვთქვათ, ბუნდოვანია.

არადა, ამ გუნდებში ბევრი ძალიან მაღალი რანგის ვარსკვლავი თამაშობს და მომავალ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი არყოფნა ტურნირს აშკარად გააღარიბებს.
მოდით, გადავავლოთ თვალი ამ არცთუ სახარბიელო პერსპექტივას...

დავიდ ალაბა (ავსტრია, 25 წლის)
ავსტრიის ნაკრები ჯგუფში საქართველოსთან ერთად არის და კარგად ვხედავთ, როგორც უჭირს. მარსელ კოლერის გუნდი მე-4 ადგილზეა და 4
ქულით ჩამორჩება გალიდერებულ სერბეთსა და ირლანდიას. ავსტრიის ნაკრების დღევანდელი თაობა უდავოდ ნიჭიერია, თუმცა ევროპის ბოლო ჩემპიონატზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

ახლაც, კოლერის გუნდს სრული მობილიზება დასჭირდება სირთულეების დასაძლევად, მათ შორის - გუნდის ლიდერებსაც, კერძოდ კი, დავიდ ალაბას, რომელიც კარგ ფორმაშია და მსოფლიოს ჩემპიონატზე ოცნებობს.

გარეთ ბეილი (უელსი, 27)
კიდევ ერთი ნაკრები D ჯგუფიდან, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს. უელსს ავსტრიაზე უკეთესი შანსი არ აქვს, მასაც ძალიან გაუჭირდება რუსეთის ბილეთის შოვნა. შესაბამისად, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატი "რეალის" ერთ-ერთი ლიდერის, გარეთ ბეილის გარეშე დარჩეს.

ტიმ კეჰილი (ავსტრალია, 37)
ვეტერანი ფეხბურთელი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ ერთ მუნდიალზე იასპარეზოს. უკვე 9 გოლიც აქვს მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაგრამ ერთი ფეხბურთელის ძალისხმევა საკმარისი ვერ იქნება "კენგურუებისთვის", რომლებიც აზიის B ჯგუფში მესამე ადგილზე არიან.

ედინ ჯეკო (ბოსნია, 31)
ბოსნიის ნაკრებისა და "რომას" ფორვარდი ბრწყინვალე სეზონს ატარებს - სერია A-ში 21 გოლი აქვს გატანილი და ეროვნულ გუნდსაც გვარიანად ეხმარება, მაგრამ... ბოსნია ჯერჯერობით მესამე ადგილზეა ჯგუფში და ბელგია-საბერძნეთთან ერთად პირველ-მეორე ადგილებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩაბმული.

რიად მაჰრეზი (ალჟირი, 26)
"ლესტერის" ერთ-ერთი ლიდერი და შარშანდელი საჩემპიონო ტრიუმფის ერთ-ერთი შემოქმედი. წელს მას ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში კვლავ კარგად გამოიყურება როგორც საშინაო, ისე საგარეო ფრონტზე. ალჟირის ნაკრები კი თავის საკვალიფიკაციო ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა და ძალიან რისკავს, რომ ვერ მოხვდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

სადიო მანე (სენეგალი, 25)
"ლივერპულის" ფორვარდმა ამ სეზონში ყველა გააკვირვა. მან "წითლების" თავდასხმაში მყარად დაიმკვიდრა ადგილი, თუმცა მისი სენეგალი ვერ ყოჩაღობს - ჯერჯერობით, "ლომები" ჯგუფში მესამე ადგილზე არიან. არადა, საინტერესო იქნებოდა მანეს ნახვა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

არიენ რობენი (ჰოლანდია, 33)
არიენ რობენი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო "ვინგერად" რჩება, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატი შეიძლება მის გარეშე ჩატარდეს - ჰოლანდიის ნაკრებს ძალიან ცუდად მისდის საქმეები. ბულგარეთთან წაგების (0:2) შემდეგ დაითხოვეს მთავარი მწვრთნელი დენი ბლინდი, რომლის შემცვლელი ჯერჯერობით არ ჩანს. "ტიტებს" მეოთხე ადგილი უკავიათ A ჯგუფში.

ალექსის სანჩესი (ჩილე, 28)
ფეხბურთელებს ინდივიდუალურად რომ უშვებდნენ მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ალექსის სანჩესს ბევრი ვერ გაუწევდა კონკურენციას. ის ბრწყინვალე ფორმაშია და როგორც შეუძლია, ისე "მიათრევს" მხრებით "არსენალსა" და ჩილეს ნაკრებს. ეს უკანასკნელი სამხრეთ ამერიკის ზონაში მე-6 ადგილზეა და ძალიან მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს რუსეთის საგზურის მოსაპოვებლად.

Sportall.Ge

კასპერ შმეიხელი (დანია, 31)
დიდი პიტერ შმეიხელის ვაჟს ნამდვილად დამშვენდებოდა მუნდიალზე თამაში. ის ერთ-ერთი მთავარი ინსპირატორი იყო "ლესტერის" წარმატებებისა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე საქმე ვერ მისდის კარგად - დანიის ნაკრები მთელი 6 ქულით ჩამორჩება პოლონეთს, რომელიც E ჯგუფში პირველ ადგილზეა და საგზური თითქმის ხელში უჭირავს.

დანიელებს კი მეორე პოზიციისთვის რუმინეთთან და ჩერნოგორიასთან მოუწევთ ბრძოლა, თუმცა აქაც რომ ივარგონ, კიდევ ერთი ბარიერი ექნებათ გადასალახავი პლეი ოფის სახით.

არდა თურანი (თურქეთი, 30)
"ატლეტიკოდან" "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ მისი საქმეები ისედაც ცუდად წავიდა, ახლა კი ვერც ნაკრებთან ერთად აქვს კარგი პერსპექტივა იმისთვის, რომ თავის პირველ მუნდიალზე ითამაშოს. თურქეთის ეროვნული გუნდი მე-4 ადგილზეა ჯგუფში და კონკურენცია უწევს ხორვატიის, ისლანდიისა და უკრაინის ნაკრებებთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გია, კი, მარტალი ხარ. ჩილე მე-4 ადგილზეა, არგენტინა მე-5-ზე, მე-6-ზე ეკვადორია. ასეა მაშ!!! ნინიძის ბიჭო!!
zako
16:23 31-03-2017
0
ყველაზე მთავარი გამოგრჩათ!!! რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მართლა შეიძლება ვერ მოხვდეს რუსეთში ამაზე თავად პუტინიც დარდობს! და თუ მართლა ეგრე მოხდა მაშინ პირადად ჩემი აზრით რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის ყურებას აზრი ეკარგება! მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თუ არ იქნება აბა ეგ რა ჩემპიონატი გამოდის???
guro
20:39 31-03-2017
1

სიახლეები პოპულარული