მუნდიალი 2018. შესარჩევი. III ტურის წინ: ევრო 2016-ის რემატჩი ჰანოვერში

AutoSharing Option
დღეს ეგრეთ წოდებული სანაკრებო პაუზა სრულდება - კიდევ სამ ჯგუფში გაიმართება მუნდიალის შესარჩევი მატჩები და III ტურიც სრულყოფილად მორჩება. მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია შინ ჩრდილოეთ ირლანდიას გამოცდის, ხოლო ინგლისი სლოვენიაში ჩავა...

გერმანია და ჩრდილოეთ ირლანდია ევრო 2016-ზე გადაეყარნენ ერთმანეთს (სხვათა შორის, მაშინაც C ჯგუფში), "პარკ დე პრენსზე" მარიო გომესის ერთადერთი გოლით გერმანიამ 1:0 იმარჯვა და ჯგუფიდან გამარჯვებულის სტატუსით გავიდა. შემდეგ ეტაპზე გავიდნენ ჩრდილოირლანდიელებიც. დღევანდელი მატჩი ჰანოვერშია.

ბუნდესგუნდმა შესარჩევი ციკლი ორი 3:0-ით დაიწყო და ორივეჯერ (ნორვეგია და ჩეხეთი) დუბლი შეასრულა თომას მიულერმა.
გერმანია 6 ქულით აზერბაიჯანთან ერთად ლიდერობს, მაგრამ, ბუნებრივია, აზერბაიჯანი მისი რეალური კონკურენტი ვერ იქნება. აი, ჩრდილოირლანდიელებს აქვთ ამაზე პრეტენზია და ამის გამო კიდევ უფრო გაუჭირდებათ ჰანოვერში.

მოგეხსენებათ, გერმანელთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ევრო 2016-ზე მიულერის ცუდი ფორმა იყო, ახლა კი ის ათამაშდა. აი, როგორ ხსნის ამას იოახიმ ლიოვი: "ფორვარდებს კარიერაში აქვთ ფაზები, როცა გოლების გატანა უჭირთ, ამ დროს მათ ძირითადად, ფორტუნა აქცევს ხოლმე ზურგს.

ასე იყო ევრო 2016-ზე მიულერისთვის, მაგრამ მას რომ გატანა შეუძლია, ის ახლაც ამტკიცებს. 2010 წლის მუნდიალიდან მოყოლებული, თომასს ბევრი გააქვს, როგორც "ბაიერნში", ასევე ნაკრებში".

გერმანიის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ბოლო 15 დაპირისპირებიდან 9-ში გამოვიდა გამარჯვებული. 1983 წლის ნოემბრის შემდეგ ჩრდილოირლანდიელებს გერმანიისთვის არ მოუგიათ. ლიოვის განკარგულებაში რჩებიან ბოატენგი, ჰექტორი და დრაქსლერი, რომლებიც ჩეხებთან თამაშში კი დაშავდნენ, მაგრამ მათი ტრავმები სერიოზული არ გამოდგა.

"ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები ძალიან მონდომებული გუნდია. ფეხბურთელები დიდი გულით თამაშობენ. იმ გუნდის დიდი ნაწილი, რომელმაც ევრო 2016-ზე ითამაშა, ჰანოვერში იქნება, ამიტომ იოლ გასეირნებას არ ველით", - განაცხადა გერმანელთა თავკაცმა.

მაიკლ ონილი (ჩრდილოეთი ირლანდია): "მეტოქეს ევრო 2016-ზე ვეთამაშეთ და ეს ჩვენთვის პლუსია. ფეხბურთელები მზად არიან, მათ კარგად იციან მეტოქის შესაძლებლობა და ისიც, რომ გერმანიის წინააღმდეგ თამაში შეუძლიათ".

ამ ჯგუფში თანალიდერი აზერბაიჯანი ჩეხეთს სტუმრობს და თუ იქაც იყოჩაღა...

* * *
სხვა ჯგუფებსაც შევეხოთ - E ჯგუფში დღეს მთავარი დაპირისპირება დანიაშია, სადაც ადგილობრივი გუნდი ჩერნოგორიას მასპინძლობს. რუმინეთი ყაზახეთს სტუმრობს, ხოლო არკადიუშ მილიკის გარეშე დარჩენილი პოლონეთი კი სომხეთის ნაკრებს დაუხვდება, რომელიც ძალიან სუსტად გამოიყურება.

* * *
F ჯგუფში სლოვენია-ინგლისია. აღსანიშნავია, რომ გარეთ საუთგეიტმა ამ მატჩის განაცხადიდან ამოიღო კაპიტანი უეინ რუნი.

ბევრი ამბობს, რომ ამით რუნის ერა "სამ ლომში" დასრულდა. საუთგეიტმა ამ მატჩისთვის ნაკრების კაპიტანად ჯორდან ჰენდერსონი დანიშნა, რომლის თამაშითაც ის აღფრთოვანებულია. სლოვენიელებს არ ეყოლებათ კევინ კამპლი, რომელმაც განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს.

სლოვენიაში დამარცხებული სლოვაკეთი, რომლის რიგებიდან ვლადიმირ ვაისი უმცროსი მოკვეთეს, შოტლანდიას მასპინძლობს, რომელმაც შინ თავი შეირცხვინა და ლიტვასთან კინაღამ წააგო. თავის მხრივ, ლიტვა მალტას ეთამაშება.

სამშაბათი. 11 ოქტომბერი
C ჯგუფი
ჩეხეთი-აზერბაიჯანი 22:45
გერმანია-ჩრ. ირლანდია 22:45
ნორვეგია-სან მარინო 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 2 2 0 0 6-0 6
2. აზერბაიჯანი 2 2 0 0 2-0 6
3. ჩრ. ირლანდია 2 1 1 0 4-0 4
4. ჩეხეთი 2 0 1 1 0-3 1
5. სან მარინო 2 0 0 2 0-5 0
6. ნორვეგია 2 0 0 2 0-4 0

E ჯგუფი
ყაზახეთი-რუმინეთი 20:00
დანია-ჩერნოგორია 22:45
პოლონეთი-სომხეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. რუმინეთი 2 1 1 0 6-1 4
2. ჩერნოგორია 2 1 1 0 6-1 4
3. პოლონეთი 2 1 1 0 5-4 4
4. დანია 2 1 0 1 3-3 3
5. ყაზახეთი 2 0 1 1 2-7 1
6. სომხეთი 2 0 0 2 0-6 0

F ჯგუფი
ლიტვა-მალტა 22:45
სლოვაკეთი-შოტლანდია 22:45
სლოვენია-ინგლისი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 2 2 0 0 3-0 6
2. შოტლანდია 2 1 1 0 6-2 4
3. სლოვენია 2 1 1 0 3-2 4
4. ლიტვა 2 0 2 0 3-3 2
5. სლოვაკეთი 2 0 0 2 0-2 0
6. მალტა 2 0 0 2 1-7 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული