"ეკიპი" ამტკიცებს, რომ პსჟ-მა ნეიმართან ყველაფერი შეათანხმა

AutoSharing Option
ნეიმარის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით უცნაური სიტუაციაა - ფეხბურთელი საუკეთესოა "ბარსელონას" შემადგენლობაში საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, სადაც გოლი გოლზე გააქვს... და, რაც დრო გადის სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ იგი "ბარსელონაში" გამჩერებელი არ არის...

პირველი ნიშანი ის არის, რომ "ბარსელონას" წარმომადგენლები ვერ უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ათასგვარ ინფორმაციებს, მათ ამის საფუძველი არა აქვთ - "ბარსას" თავკაცი ერნესტო ვალვერდე აცხადებს, რომ ისიც კარგია, რომ ნეიმარი "ჯერჯერობით" "ბარსელონაშია.

დუმს თავად ბრაზილიელი ფეხბურთელიც - სოციალურ ქსელში ის ისევ აქტიურობს, მაგრამ არაფრით ეხება მთავარ თემას - "ფსკერი
დან დავიწყე და აი, ახლა აქ ვარ", - წერს ნეიმარი სულ ბოლოს და აქვეყნებს თავის ფოტოს, რომელიც "ნაიკის" ბუცების რეკლამაა.

* * *
ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერთან დაკავშირებით, მთავარი წყარო ფრანგული გამოცემა "ეკიპია", რომელიც სულ უფრო დარწმუნებით წერს ტრანსფერზე - ბოლო ინფორმაციით, 25 წლის ფორვარდმა აბსოლუტურად ყველაფერი შეათანხმა პსჟ-სთან და იგი 5-წლიან ხელშეკრულებას აფორმებს პარიზულ კლუბთან.

ახლა პარიზელების მთავარი მისია "ბარსელონასთან" მოლაპარაკებაა. ნეიმარის გამოსასყიდი თანხა 222 მილიონი ევროა, თუ ამდენს გადაიხდიან, "ბარსასთან" მოლაპარაკება საჭიროც არ არის, მაგრამ პარიზული კლუბის ბოსებს ეიმედებათ, რომ "ბარსას" გადააფიქრებინებენ და გამოსასყიდ თანხას დააკლებინებენ. რაც უნდა იყოს "ფულის ტომარა" პსჟ-ისთვისაც 222 მილიონი ევრო სერიოზული ფულია.

ნეიმარი წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება ტრანსფერს, ის შემდეგ კვირაში გამოცხადდება, მას მერე, რაც "ბარსელონა" "რეალთან" მაიამიში ითამაშებს. ბრაზილიელს სურს, რომ კლასიკოთი დაასრულოს კატალონიური კარიერა.

"ეკიპი" ამტკიცებს, რომ ნეიმარმა წასვლაზე ფიქრი სერიოზულად მას მერე დაიწყო, რაც 30 წლის მესიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა "ბარსასთან" და 2021 წლამდე დარჩა კლუბში.

პსჟ-ს ბოსები გამალებით მუშაობენ, რომ ყველა დეტალი სავარაუდო ტრანსფერის კარგად მოიფიქრონ და აგვისტოს დასაწყისში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარონ.

* * *
"ნეიმარი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ამიტომაც ჩვენ ეს ფეხბურთელი არ გვეთმობა. მისი კონტრაქტი კიდევ 4 წელია ძალაში, მე ამას მეტს ვერაფერს დავამატებ. ყველამ კარგად იცის, რომ საბოლოოდ მაინც ფეხბურთელები წყვეტენ, რჩებიან თუ მიდიან. "ბარსას" სჭირდება ნეიმარი, რადგან გამარჯვებებს დიდი ფეხბურთელები იხვეჭენ", - განაცხადა "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ.

* * *
უკვე ითქვა, რომ "ბარსელონა" "ლივერპულის" შემტევ ფილიპე კოუტინიოს გაურიგდა და ახლა ტრანსფერის დამბრკოლებელი მხოლოდ ინგლისური კლუბია. კატალონიური ტაბლოიდი "სპორტი" ამტკიცებს, რომ მერსისაიდელები "ბარსას" ბოსებს შეუთვალეს, რომ კოუტინიო მათთვის 150 მილიონი ევრო ღირს. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" 80 მილიონ ევროდ აპირებდა ბრაზილიელის შეძენას, მაგრამ ინგლისელებისგან უარი მიიღო. ამ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება პსჟ-ც, რომელსაც ასევე სურს კოუტინიოს შეძენა.

* * *
საინტერესოა, ესპანელი მკითხველების აზრი ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით. "მარკამ" გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, რომელი უფრო მართებულია, პსჟ-ში გადასვლა თუ "ბარსელონაში" დარჩენა, ფანების 63%-მა უპასუხა, რომ დარჩენა მართებული გადაწყვეტილებაა. მკითხველთა 56% "ბარსელონას" ადგილზე ბოლომდე მოითხოვდა გამოსასყიდ თანხას და პსჟ-სთან დაკლებაზე არ დაილაპარაკებდა.

ნეიმარის გაყიდვით შემოსული თანხით, მკითხველი პრიორიტეტულად მიიჩნევს პაულო დიბალას ყიდვას "იუვენტუსისგან" - ასე უპასუხა 35%-მა. ფილიპე კოუტინიოს შეძენას მხარი 27%-მა დაუჭირა, მაგრამ უფრო მეტი მომხრე ჰყავს მარკო ვერატის შეძენას - 29%. 3% პაულინიოს შეძენას ითხოვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული