საფრანგეთის ლიგის თასი. 1/4-ფინალი: მწვანეები ნახევარფინალში

AutoSharing Option
საფრანგეთის 10-გზის (რეკორდი) ჩემპიონმა საკუთარ "ჟოფრუა გიშარზე" პსჟ-ს უმასპინძლა და პენალტების სერიაში მოუგო.

ეს გუნდები ერთმანეთს მე-10 ტურში, "პარკ დე პრენსზე" შეხვდნენ და იმ მატჩში გამარჯვება "მწვანეებს" დარჩათ. შესაბამისად, პარიზელები რევანშისთვის იყვნენ მომართულნი.

მთელმა შეხვედრამ სტუმართა უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ შესანიშნავად ირჯებოდა მასპინძელთა მეკარე სტეფან რუფიე, რომელმაც საკუთარი გუნდი რამოდენიმე ეპიზოდში აშკარა გოლისგან იხსნა.

ყველაზე რეალური მომენტი პარიზელებს დამატებულ დროში, 104-ე წუთზე შეექმნათ, როდესაც ფრანსუა კლერმა საოცარი შეცდომა დაუშვა და ბურთი ესეკილ ლავეცის ჩააბარა. ამ უკანასკნელმა კი ზლატან იბრაჰიმოვიჩს გადააწოდა, მაგრამ
პასი ოდნავ ძლიერი გამოუვიდა და რუფიემ ბურთის დაუფლება შეძლო.

შეხვედრის ბოლო რეალური შანსი სტუმართა მცველ სილვენ არმანს ჰქონდა, მაგრამ რუფიეს მანაც ვერ აჯობა. საბოლოოდ, "მწვანეების" მეკარემ მატჩის გმირის სტატუსი უკვე პენალტების სერიაში განიმტკიცა, როდესაც ტიაგო სილვას დარტყმული 11-მეტრიანი მოიგერია.

აღსანიშნავია, რომ "სენტ ეტიენმა" პენალტების სერიაში 1/16-ფინალშიც მოიგო, როდესაც სტუმრად "ლორიანი" დაამარცხა და მაშინაც შეხვედრის გმირი რუფიე გახდა.

მატჩის შემდეგ მწვრთნელები განსხვავებულ ხასიათზე იყვნენ:
კარლო ანჩელოტი (პსჟ): "გოლის გატანა ვერაფრით მოვახერხეთ. არადა, მეტოქეს ვჯობდით და საგოლე მომენტიც ბევრი შევქმენით. ფეხბურთელების ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, რადგან 120 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით.

რუფიე ძალიან კარგი მეკარეა და საერთოდ, "სენტ ეტიენი" შესანიშნავი გუნდია, რომელსაც წარმატებას ვუსურვებ".


კრისტოფ გალტიე (სენტ ეტიენი): "შესანიშნავი საღამო გამოვიდა. "პარი სენ ჟერმენის" დამარცხება კიდევ ერთხელ მოვახერხეთ, მაგრამ დღეს წინა შეხვედრაზე მეტად გაგვიჭირდა.

რა თქმა უნდა, ისინი უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ჩვენზე ძლიერი მეტოქე პენალტების სერიაში დავამარცხეთ. ძალიან ბედნიერი ვარ და ნახევარფინალს მოუთმენლად ველი".


აქვე გეტყვით, რომ "სენტ ეტიენი" საფრანგეთის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა (ბოლოს 1981 წელს), ხოლო თასი კი 6-ჯერ მოიგო (ბოლოს 1977 წელს), მაგრამ ლიგის თასზე, რომელიც ამ ფორმატით 1995 წლიდან ტარდება, არასდროს გაუმარჯვია.

სტ. ეტიენი-პსჟ 0:0 პენ. 5:3
სენტ ეტიენი (4-3-2-1): რუფიე - კლერი, პერენი, ბაიალი, გულამი - კლემანი, ლემუანი (კოადი 88), გილავოგი - ამუმა (ა. ალონსო 83), ობამეიანი - გრადელი (ბრანდაო 65).
პსჟ (3-4-2-1): დუშეზი - ტიაგო სილვა, არმანი, სახო - ჟალე, შანტომი, მატუიდი, მაქსველი - მენეზი (ნენე 79), ლავეცი - იბრაჰიმოვიჩი.
პენალტების სერია: 1:0 კოადი, 1:1 იბრაჰიმოვიჩი, 2:1 გულამი, 2:2 ნენე, 3:2 ბრანდაო, 3:2 ტიაგო სილვა (მეკარე), 4:2 პერენი, 4:3 არმანი, 5:3 ობამეიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული