საფრანგეთი. ლიგა 1. XVII ტურის შეჯამება: ცარიელ სტადიონზე

AutoSharing Option
მარსელის "ოლიმპიკმა" კორსიკაზე, ცარიელი ტრიბუნების წინაშე ("ბასტია" ქომაგების ცუდი ქცევის გამო დასჯილია) ურთულესი მატჩი მოიგო და ლიდერთან სხვაობა შეამცირა.

სტუმრებმა მატიო ვალბუენას და ანდრე აიუის გოლების წყალობით იმარჯვეს.

"ბორდოს" და "ბლექბერნის" ყოფილმა ფორვარდმა ანტონი მოდესტემ სხვაობა კი შეამცირა, მაგრამ "ბასტიას" დრო აღარ ეყო და "მარსელმა" გასვლაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო ელი ბოპი: "მაყურებლის გარეშე თამაში ძალიან უცნაური იყო. დღეს საკმაოდ კარგად გავისარჯეთ, მაგრამ პირველ ტაიმში მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. უკანასკნელ პერიოდში სტუმრად კარგად ვთამაშობთ, რაც
კარგია, მაგრამ სახლში ასეთივე თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ. წარმატების მისაღწევად საჭიროა სტაბილურობა, რაც ბოლო დროს აშკარად გვაკლია".

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ლიონში, სადაც "სტად ჟერლანზე" სათამაშოდ საფრანგეთის ყველაზე სუსტი გუნდი ჩავიდა. "ნანსის" ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი გამარჯვება (პირველ ტურში "ბრესტთან") აქვს მოპოვებული.

მიუხედავად ამისა და მიუხედავად "ლიონის" კარგ ფორმაში ყოფნისა, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს (ჟორდან ლოტიე).

მასპინძლებმა მიშელ ბასტოსის გოლით წონასწორობა კი აღადგინეს, მაგრამ მეორე გოლის გატანა ვერ შეძლეს და დაუგეგმავი ქულები დაკარგეს, რითაც "პარი სენ ჟერმენს" და "მარსელს" სატურნირო ცხრილში მიახლოვების საშუალება მისცეს.

"დღეს ბიჭებმა ისე ვერ ითამაშეს, როგორც შეუძლიათ, მაგრამ გარდა ამისა, ასევე, არ გაგვიმართლა. საგოლე მომენტებს თავი რომ დავანებოთ, ორი დაუგეგმავი ცვლილების განხორციელება მომიხდა - რევეიეს გარდა, პირველი ტაიმის დასრულებისთანავე ლაკაზეტიც ტრავმის გამო შევცვალე. რთული სათქმელია, შეძლებენ თუ არა ისინი კვირას "პარი სენ ჟერმენთან" თამაშს". - განაცხადა მატჩის შემდეგ "ლიონის" მწვრთნელმა რემი გარდმა.

საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო, მე-18 ტური ამ შაბათ-კვირას გაიმართება და როგორც უკვე მიხვდით, ტურის ცენტრალური შეხვედრა "პარკ დე პრენსზე" შედგება, სადაც პსჟ "ლიონს" უმასპინძლებს, თუმცა ამაზე ვრცლად 15 დეკემბრის ნომერში ვისაუბრებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული