ლიგა 1. XXI ტური: "ნიცას" ვეღარ აჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
ლიგა 1-ის XXI ტური სენსაციურად დაიწყო: ჩემპიონატის ლიდერმა მე-18 ადგილზე მყოფ გუნდს ვერაფერი დააკლო და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

"ლიონი" "ევიანთან" უპირობო ფავორიტად ითვლებოდა და როგორც ჩანს, მასპინძლები მეტოქეს აგდებულად მიუდგნენ, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც. უცნაური გადაწყვეტილებები მიიღო რემი გარდმაც, რომელმაც ლისანდრო ლოპესი სათადარიგო სკამზე დატოვა, ხოლო მატჩის მიმდინარეობისას მოედნიდან ბაფეტიმბო გომისი, იოან გურკუფი და სტიდ მალბრანკი გაიყვანა.

საბოლოოდ მატჩის ბოლო წუთებზე "ლიონმა" ერთი სახიფათო შეტევაც კი ვერ განახორციელა და მატჩი ფრედ დასრულდა.

სხვათა შორის,
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ეს გუნდი შინ აუტსაიდერთან ქულებს კარგავს - მე-17 ტურში "ლიონმა" შინ "ნანსის" ვერ მოუგო (1:1).

ვერ მოიგო "ლიონმა", სამაგიეროდ, იმარჯვა "მარსელმა" და კონკურენტთან სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს უამრავი წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავდათ (ესტრადა, სტამბული, მარვო, ბოკალი, აიტ-ფანა, ჟონშამი, ბელჰანადა, ელ-კაუტარი), ელი ბოპის გუნდს ძალიან გაუჭირდა და მატჩი სტუმართა მცველების დაუდევრობის გამო მოიგო - შეხვედრის 90-ე წუთზე დანიელ კონგრემ, მატიო ვალბუენას გადაცემა ჩაჭრა და ბურთის მოგერიება ქუსლით სცადა, მაგრამ ბურთი ჟინიაკს გაარტყა, რომელმაც საჩუქარი შეირგო და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა ანდრე აიუმ, რომელმაც მე-14 წუთზე ანგარიში გახსნა, 79-ეზე კი თავის ძმას გაატანინა. ამ გოლებს შორის ემანუელ ერერას და ჯონ უტაკას ბურთები იყო, რომელთა წყალობით "მონპელიე" იგებდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, რენე ჟირარის გუნდმა შინ არამარტო სამი, ერთი ქულაც კი ვერ წაიღო.

შეხვედრის შემდეგ "მონპელიეს" დამრიგებელი საკუთარი შეგირდების ასპარეზობით აღშფოთებული იყო: "ჩვენ სკოლის მოწაფეებივით ვითამაშეთ. "მარსელი" დღეს ჩვენი დახმარების გარეშე გოლებს ვერ გაიტანდა. ასე გაგრძელება არ შეიძლება - ორი გოლი გავიტანეთ და მაინც წავაგეთ, იმიტომ, რომ მეტოქეს გოლები ძალით გავატანინეთ. უკვე აღარ ვიცი, რამდენი უნდა გავიტანოთ, რომ შეხვედრა მოვიგოთ?! სამი, ოთხი, ხუთი გოლი?" - ლამის ყვიროდა ჟირარი.

როგორც იქნა, მოიგო "სენტ ეტიენმა", რომელმაც 6-მატჩიანი უიღბლო სერია დაასრულა. "ბრესტთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ბრანდაომ გაიტანა.

მორიგი მატჩი მოიგო "ნიცამ". კლოდ პუელის შეგირდებმა ამჯერად "ლილი" იმსხვერპლეს და ბოლო 11 შეხვედრაში მე-8 გამარჯვება მოიპოვეს. დარიო ცვიტანიჩს თავი არ გამოუჩენია; სამაგიეროდ, მეორე არგენტინელმა, რენატო სიველიმ გაიტანა, ხოლო შეხვედრის ბოლო წუთებზე ცვიტანიჩის მაგივრად გამოსულმა 16 წლის ნილ მოპემ ამ სეზონში უკვე თავისი მეორე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების შეხვედრებში უკვე ზედიზედ მეთორმეტედ მოხდა ისე, რომ მასპინძელმა გუნდმა ვერ მოიგო.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტური
ლიონი-ევიანი 0:0

სოშო-რეიმსი 1:0
გოლი: 1:0 პუჟოლი (15).

მარსელი-მონპელიე 3:2
გოლები: 1:0 ა. აიუ (14), 1:1 ერერა (15), 1:2 უტაკა (56), 2:2 ჯ. აიუ (79), 3:2 ჟინიაკი (90).

აიაჩო-ვალანსიენი 1:1
გოლები: 1:0 მუტუ (30), 1:1 ნგეტე (70).

ლორიანი-ტრუა 3:2
გოლები: 1:0 მონე-პაკე (20), 2:0 რეალი (27), 2:1 ბრეშე (66), 3:1 ბურიონი (83), 3:2 კამიუ (88).

ბრესტი-სტ. ეტიენი 0:1
გოლი: 0:1 ბრანდაო (50).

ტულუზი-ნანსი 2:1
გოლები: 1:0 ტაბანუ (57), 2:0 ტაბანუ (78), 2:1 კარაბუე (89).

ბასტია-რენი 0:2
გოლები: 0:1 ალესანდრინი (34), 0:2 ერდინჩი (61).

ლილი-ნიცა 0:2
გოლებიL0:1 სიველი (77), 0:2 მოპეი (86).

ბორდო-პსჟ 0:1

VideoSportall.Ge
ბორდო - პსჟ 0:1

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 18 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 12 - ცვიტანიჩი (ნიცა); 11 - გომისი (ლიონი); 9 - ბენ იედერი (ტულუზი), მოდესტი (ბასტია); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი), ბენ ბასატი (ბრესტი), ფერე (რენი), ალესანდრინი (რენი), გუფრანი (ბორდო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXI ტურის წინ: ბორდოში ტიაგოების გარეშე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული