პარიზი, ბექჰემის არჩევანი

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გელექსიდან" წამოსვლის შემდეგ ბექჰემი ინგლისში ჩავიდა, სადაც ლონდონის "არსენალთან" ერთად ვარჯიშობდა. ჟურნალისტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ 37 წლის ფეხბურთელი კარიერას "მეთოფეთა" რიგებში გააგრძელებდა, მაგრამ...

დევიდ ბექჰემი საფრანგეთის დედაქალაქში გაემგზავრა და "ლა პიტიე სალპეტრიერის" საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმება გაიარა, ხოლო ადგილობრივი დროით 17:00 საათზე "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტთან, ნასერ ალ-ხელაიფისთან და კლუბის სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან ერთად, ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

იქამდე კი ინგლისელის ტრანსფერზე საკუთარი მოსაზრება ძალიან ბევრმა ადამიანმა დააფიქსირა. მათ შორის იყო დიდიე დეშამიც, რომელმაც განაცხადა, რომ ბექჰემის პსჟ-ში ჩარიცხვა ლიგა
1-ის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს და საფრანგეთის ჩემპიონატი ამით მხოლოდ იხეირებს.

საკუთარი მოსაზრება დევიდის მეგობარმა, გარი ნევილმაც გამოთქვა: "ის ახლაც საოცარ ფიზიკურ ფორმაშია. ასე რომ, ჩემი აზრით, დევიდი გუნდს რეალურად დაეხმარება. მას საკმაოდ დიდი მოტივაცია აქვს შერჩენილი და მაღალ დონეზე თამაში სურს".

ინგლისელის პრეზენტაციაზე პირველი სიტყვით ალ-ხელაიფი გამოვიდა. აი, რა განაცხადა პსჟ-ის პრეზიდენტმა: "დევიდი ჩვენი დიდი გეგმის ნაწილია. ჩვენ გვსურს, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გავხდეთ და დევიდი ამაში დაგვეხმარება. მას მთელი მსოფლიოდან უამრავი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ უარი განაცხადა და ჩვენთან გადმოვიდა, რითაც უზომოდ კმაყოფილები ვართ".

ამის შემდეგ დადგა მთავარი მომენტი და სიტყვით საღამოს გმირი გამოვიდა.
"ფრანგულად სკოლის შემდეგ არ მისაუბრია, ამიტომ თავიდან ცოტათი გამიჭირდება. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან 37 წლის ვარ და იმდენი შემოთავაზება მქონდა, რამდენიც მთელი კარიერის განმავლობაში არ მქონია," - განაცხადა ინგლისელმა.

Sportall.Ge

ისევ ბექჰემი: "რატომ პსჟ? იმიტომ, რომ მთელი კარიერის განმავლობაში წარმატებულ და ძლიერ კლუბებში ვთამაშობდი. ინგლისურ გუნდში გადასვლა კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფაქტორის გამო არ მსურდა".

ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ასევე საკუთარ სათამაშო ფორმაზე და ანჩელოტი-ლეონარდოზე ისაუბრა: "მიუხედავად იმისა, რომ 37 წლის ვარ, სისწრაფე არ დამიკარგავს, რადგან სწრაფი არც არასდროს ვყოფილვარ. რაც შეეხება კარლოს და ლეოს: მათ საკმაოდ კარგად ვიცნობ, რადგან ჩვენ რამდენიმე თვე "მილანში" ერთად ვიმუშავეთ".

"მე ხელფასი საერთოდ არ მექნება, მთელი თანხა ადგილობრივ ბავშვთა საქველმოქმედო ფონდს ჩაერიცხება და ამის გამო ძალიან ამაყი ვარ," – განაცხადა ბექჰემმა პრესკონფერენციის ბოლოს.

ვეტერანმა ინგლისელმა პარიზულ კლუბთან 5-თვიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონის ბოლომდე 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევიდ ბექჰემი კარიერას "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული