ლიგა 1. პარასკევის მატჩის წინ: ტური საინტერესო მატჩით იხსნება

AutoSharing Option
ლიგა 1-ის 25-ე ტური პარასკევს, "ლილის" და "რენის" ძალიან საინტერესო დაპირისპირებით გაიხსნება. რუდი გარსიას გუნდის ფეხბურთელებმა წინა ტურში სტუმრად "ლიონს" მოუგეს და ამით 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.

"რენი" კი ბოლო დროს შესანიშნავად გამოიყურება და გუნდი უკვე მეხუთე პოზიციაზეა გადასული. მესამე ადგილზე მყოფ "მარსელს" ფრედერიკ ანტონეტის გუნდი მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. ასე რომ, ბრეტონელები ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელთა სიაში უნდა ჩავწეროთ. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საგზურის მოპოვების თეორიული შანსი "ლილსაც" შერჩა, ოღონდ ამ შანსის გასამყარებლად 15 თებერვალს აუცილებლად უნდა მოიგოს.

მასპინძლებს ამ შეხვედრაში რიო მავუბა არ ეყოლებათ, რომელიც ჯერ ვერ გამოჯანმრთელდა. "რენს" ერთ-ერთი ლიდერი, აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელი ჯონათან პიტროიპა დაუბრუნდა, მაგრამ "ფრანს ფუტბოლის" ინფორმაციით, ბურკინა ფასოს ნაკრების ფეხბურთელი ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

სტუმართა გუნდში შესანიშნავ ფორმაში არიან რომენ ალესანდრინი და მევლუთ ერდინჩი – ორივე ფეხბურთელმა ბოლო 4 შეხვედრაში 3-3 გოლი გაიტანა.

ბოლო წლებში, ამ გუნდების დაპირისპირებაში, უპირატესობას "ლილი" ფლობდა, რომელსაც წლევანდელ სეზონამდე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, მაგრამ პირველი წრის შეხვედრაში გამარჯვება "რენს" დარჩა. 28 სექტემბერს ბრეტონელებმა 2:0 მოიგეს, გოლები კი ჟულიენ ფერემ და რომენ ალესანდრინიმ გაიტანეს.

15 თებერვალი
ლილი-რენი 23:30

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. სტატისტიკური შეჯამება: უხვგოლიანი სეზონი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული