ლიგა 1. XXXI ტური: სხვაობა ისევ შვიდი ქულაა

AutoSharing Option
მორიგი მატჩი მოიგო "პარი სენ-ჟერმენმა" და "მარსელთან" 7-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. კარლო ანჩელოტიმ ძირითად შემადგენლობაში დააყენა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც 90-ე წუთზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა. იქამდე თავი ჟერემი მენეზმა გამოიჩინა და ამ სეზონში თავისი მესამე გოლი გაიტანა. პარიზელებმა რენში 2002 წლის შემდეგ პირველად იმარჯვეს და "ბარსელონასთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ კარგი განწყობა შეიქმნეს.

ანჩელოტიმ ტიაგო სილვა, ალექსი და ჟალე განაცხადშიც არ შეიყვანა, ხოლო დევიდ ბექჰემი, ესეკილ ლავეცი და ხავიერ პასტორე შეცვლაზე გამოიყვანა. განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია ლუკას მოურას. მოკლედ, ლიდერმა ძალების
მაქსიმალური დაზოგვით მოიგო და ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. სწორედ ამაზე საუბრობდა მატჩის შემდეგ იტალიელი სპეციალისტი:

"ჩემპიონის ტიტულთან მართლაც საკმაოდ ახლოს ვართ. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, რადგან გუშინ (პარასკევს) "მარსელმაც" იმარჯვა. ბოლო 20 წუთში საკმაოდ გაგვიჭირდა, მაგრამ საბედნიეროდ, ფეხი არ დაგვიცდა და 3 ქულის აღება მოვახერხეთ," - განაცხადა ანჩელოტიმ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარასკევს იმარჯვა "მარსელმაც" და მეორე ადგილი შეინარჩუნა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე ანდრე-პიერ ჟინიაკმა გაიტანა. 27 წლის ფორვარდი საკმაოდ კარგ ფორმაშია - ჟინიაკმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი, სულ კი ეს მისთვის უკვე მე-11 გოლი იყო. არადა, შეგახსენებთ, რომ მას საკმაოდ დიდი პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა.

მასპინძლებს ამ შეხვედრაში არ ჰყავდათ მატიო ვალბუენა, რომელმაც დაზიანება მიიღო და საკუთარ გუნდს კიდევ ორი კვირა ვერ დაეხმარება.

ხუთში ოთხი
ბოლო ხუთ ტურში მეოთხე მატჩები მოიგეს "ბასტიამ" და "ნანსიმ". კორსიკელებმა ფლორიან ტოვენის მორიგი საოცარი თამაშის წყალობით "ბრესტი" გაანადგურეს, "ნანსიმ" კი სატურნირო ცხრილის მეზობელ "ტრუას" სძლია და ეს გუნდი გასავარდნად გაწირა.

"ბასტიამ" ოთხი გოლი ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, ტოვენმა კი მიჯრით მესამე დუბლი შეასრულა. 20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც იანვარში "ლილმა" შეიძინა და ისევ "ბასტიაში" გაანათხოვრა, უკვე 9 გოლის გატანა მოასწრო. აქედან 6 ბურთი ტოვენმა ბოლო სამ შეხვედრაში გაიტანა. თავისი მე-11 გოლი შეაგდო ანტონი მოდესტმა, რომელიც ბომბარდირთა დავაში ჟინიაკს და ვისამ ბენ იედერს წამოეწია.

"ბასტიას" მსგავსად, შესანიშნავ ფორმაშია "ნანსი", ვისაც რომენ გრანჟემ მოაგებინა. პატრიკ გაბრიელის გუნდი ჯერ კიდევ გასავარდნ ზონაშია, მაგრამ მისი ფორმის გათვალისწინებით, სარელეგაციო სამეულიდან ამოსვლა დროის საკითხი უნდა იყოს.

სპექტაკლი ტულუზში
ტულუზში შესანიშნავი მატჩი გაიმართა, რომელშიც მაყურებელმა, პრაქტიკულად, ყველაფერი იხილა: შვიდი გოლი, ორი გაძევება და დრამატული ფინალი. თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა დარიო ცვიტანიჩმა, თუმცა "ნიცას" რიგებში გმირობა სულ სხვა ფეხბურთელებმა ითავეს. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ერიკ ბოტეაკმა, რომელმაც დუბლი შეასრულა, მაგრამ გამარჯვების მომტანი გოლი არა მან, არამედ კევინ ანენმა გაიტანა, თანაც 26 წლის ნახევარმცველმა ეს 94-ე წუთზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ანენს გოლი 2009 წლის 14 მარტის შემდეგ არ გაეტანა.

საკმაოდ კარგად ითამაშა ვისამ ბენ იედერმაც, რომელმაც ორი გოლი თავად გაიტანა და ერთი საგოლე პასიც შეასრულა, მაგრამ მისი მონდომება საკმარისი არ გამოდგა. არადა, 22 წლის ფეხბურთელმა თავისი მეორე გოლი 90-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 3:3 გახადა, თუმცა შემდეგ ანენის ჯერი დადგა...

ზედიზედ მე-12 მატჩი არ წააგო "სენტ ეტიენმა" და სამი ფრის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა. "მწვანეებმა" "ევიანს" მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგეს. არ გაუტანია პიერ-ემერიკ ობამეიანს. სამაგიეროდ, გოლის გემო გაიხსენა რომენ ამუმამ, ვისაც ბოლო ბურთი 23 ნოემბერს ჰქონდა გატანილი.

ამ მოგების წყალობით, კრისტოფ გალტიეს გუნდმა დიდი ხნის საწადელი აისრულა და საჩემპიონთალიგო ზონაში შევიდა.

მიჯრით მესამე მატჩი წააგო "ლიონმა", რომელსაც უკვე 5 ტურია, არ მოუგია და ამის გამო ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გამოვარდა. რემი გარდის გუნდი "რეიმსთან" დამარცხდა და მე-4 ადგილამდე ჩამოქვეითდა. 50-იანი წლების ევროპული ფეხბურთის გრანდმა შინ მორიგი მატჩი მოიგო. წინა ორ საშინაო შეხვედრაში "რეიმსმა" "რენს" და პსჟ-ს სძლია (ორივეს 1:0).

ლიგა 1. XXXI ტური

მარსელი-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 ჟინიაკი (41).

რენი-პსჟ 0:2
გოლები: 0:1 მენეზი (56), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (90).

ნანსი-ტრუა 1:0
გოლი: 1:0 გრანჟი (67).

სოშო-აიაჩო 0:0

მონპელიე-ვალანსიენი 3:1
გოლები: 1:0 ს. კამარა (18), 1:1 ნგეტე (40), 2:1 კონგრე (60), 3:1 ბელჰანდა (86).

ბასტია-ბრესტი 4:0
გოლები: 1:0 ხაზრი (41), 2:0 ტოვენი (50), 3:0 ტოვენი (71), 4:0 მოდესტი (79-პენ).
გაძევება: ჰარტოკი (77. ბრესტი).

ტულუზი-ნიცა 3:4
გოლები: 0:1 ბოტეაკი (1), 1:1 ბენ იედერი (8), 2:1 კაპუ (20), 2:2 ბოტეაკი (40), 2:3 ცვიტანიჩი (69), 3:3 ბენ იედერი (90), 3:4 ანენი (90).
გაძევება: აჰამადა (83. ტულუზი), ბოსეტი (90. ნიცა).

სტ. ეტიენი-ევიანი 1:0
გოლი: 1:0 ამუმა (78).
რეიმსი-ლიონი 1:0
გოლი: 1:0 კრიხოვიაკი (53-პენ)
გაძევება: ბიშევაცი (51. ლიონი)

ლილი-ლორიანი 5:0
გოლები: 1:0 კალუ (3), 2:0 პაიე (8), 3:0 დინე (31), 4:0 კალუ (34-პენ), 5:0 როდელინი (52)

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

შენიშვნა
: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 26 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ-ჟერმენი); 17 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 13 - ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 12 - ალიადიერი (ლორიანი); 11 - ბენ იედერი (ტულუზი), ჟინიაკი (მარსელი), მოდესტი (ბასტია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: მე დევიდ ბექჰემის არც ფანი ვარ და არც მეგობარი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული