"მონაკო": რუსული ფულით და "პორტუს" ტალანტებით

AutoSharing Option
რამდენიმე კვირის წინ გამოვთქვით ვარაუდი, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში "პარი სენ-ჟერმენის" ერთადერთი კონკურენტი ახლად აღზევებული "მონაკო" თუ იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, ნამდვილად არ ველოდით, რომ ჩვენი პროგნოზი ასე სწრაფად ახდებოდა. რა თქმა უნდა, მომდევნო სეზონის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ "მონაკომ" უკვე ისეთი ტრანსფერები განახორციელა, რომ ეს გუნდი ლიგა 1-ის ერთ-ერთ ფავორიტად იქცა...

წარსული
მოკლედ გავიხსენოთ ამ გუნდის წარსული: "მონაკო" საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული გუნდია. საგრაფოს წარმომადგენლებმა ჩემპიონის ტიტული 7-ჯერ მოიპოვეს, თასზე კი 5-ჯერ იმარჯვეს. ასევე, "მონაკოს" ანგარიშზე 1
ლიგის თასია და რაც მთავარია, 2004 წელს კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ჟოზე მოურინიოს "პორტუსთან" დამარცხდა.

წლების განმავლობაში "მონაკოში" არაერთ ვარსკვლავს უთამაშია. აქ მხოლოდ გამორჩეულებს ჩამოვთვლით: ერიკ აბიდალი, ფაბიენ ბარტეზი, იური ჯორკაეფი, ტიერი ანრი, ლილიან ტურამი, დავიდ ტრეზეგე, ლუდოვიკ ჟიული, პატრის ევრა, იაია ტურე, ჯორჯ ვეა, ემანუელ ადებაიორი, იან კოლერი, გლენ ჰოდლი, ოლივერ ბირჰოფი, იურგენ კლინსმანი, მარკო სიმონე, კრისტიან ვიერი, ფერნანდო მორიენტესი, ხავიერ სავიოლა, სონი ანდერსონი, მაიკონი, რაფაელ მარკესი და კიდევ ბევრი სხვა.

2005 წლის შემდეგ, როდესაც გუნდიდან მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი წავიდა, "მონაკოს" პრობლემებიც დაიწყო. გუნდმა ზედიზედ რამდენიმე სეზონი სატურნირო ცხრილის შუაში დაასრულა და რამდენიმე მწვრთნელი შეიცვალა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე გი ლაკომბის მისვლამ სასურველი შედეგი არ მოიტანა.

საკმაოდ ახალგაზრდული და ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ჩემპიონატი (2009/10) მე-8 ადგილზე დაასრულა, მომდევნო სეზონის შუაში კი ლაკომბი მოხსნეს, რადგან "მონაკო" მე-17 პოზიციაზე იმყოფებოდა. მის ნაცვლად მოსულმა ლორან ბანიდემ კლუბი ვერ გადაარჩინა და "მონაკო" ლიგა 2-ში გავარდა. მომდევნო წელს კი "მონაკო" დმიტრი რიბოლოვლევმა შეიძინა...

დმიტრი რიბოლოვლევი
დმიტრი რიბოლოვლევი 46 წლის ბიზნესმენი გახლავთ, რომელიც ამჟამად "მონაკოს" და კვიპროსის ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელია. რიბოლოვლევი 1966 წლის 22 ნოემბერს პერმში დაიბადა და იქვე 1990 წელს სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა.

თავისი პირველი კომპანია, რომელიც სამედიცინო მომსახურებას ეწეოდა, მან მამასთან ერთად დააარსა და ჟურნალ "ფორბსის" ცნობით, პირველი მილიონი დოლარიც სწორედ ასე იშოვა. ამის შემდეგ, არეულ 90-იან წლებში, მთლიანად ბიზნესზე გადართულმა რიბოლოვლევმა რამდენიმე წარმატებული ინვესტიცია განახორციელა და რამდენიმე კომპანიის მფლობელიც გახდა.

2000 წელს რიბოლოვლევი "ურალკალიის" აქციათა საკონტროლი პაკეტის მფლობელი გახდა. 2011 წელს სწორედ ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტი გაყიდა და საცხოვრებლად მონაკოში გადავიდა. გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ იმავე "ფორბსის" ცნობით, რიბოლოვლევმა "ურალკალიის" აქციათა 53 პროცენტში 5,32 მილიარდი დოლარი მიიღო.

2011 წლის დეკემბერში რიბოლოვლევმა "მონაკოს" აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა და სწორედ აქედან დაიწყო "მონაკოს" აღზევება. რუსი მილიარდერი "ფორბსის" სიაში 2010 წელს 79-ე, 2012 წელს კი 119-ე ადგილს იკავებდა. მისი ქონება 9,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ახალი ეპოქა
2010/11 წლების სეზონი "მონაკომ" ლიგა 2-ში გაატარა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი მარკო სიმონე გახლდათ. იტალიელმა იმედები ვერ გაამართლა და "მონაკო" ლიგა 1-ში ვერ დააწინაურა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა იანვარში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი შეიძინა, "მონაკო" მხოლოდ მე-8 ადგილზე გავიდა და სიმონე დაითხოვეს.

იმავე წლის მაისში კლუბში კლაუდიო რანიერი მოვიდა. ხელგაშლილმა მფლობელმა იტალიელ სპეციალისტს გამოცდილი და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები მიჰგვარა. ყველაზე გამორჩეული, რა თქმა უნდა, ლუკას ოკამპოსი იყო - 18 წლის არგენტინელში "მონაკომ" "რივერ პლეიტს" 8 მილიონი ევრო გადაუხადა. ოკამპოსმა სეზონი საკმაოდ კარგად ჩაატარა და თინეიჯერმა 4 გოლიც გაიტანა.

მეკარეები: დანიელ სუბაშიჩი და ფლავიო რომა; მცველები: გეორგიოს ცაველასი, ანდრეა რაჯი და ანდრეას ვოლფი; ნახევარმცველები: ლუკას ოკამპოსი, ემირ ბაირამი და იაკობ პოულსენი; ფორვარდები: ემანუელ რივიერი და ვალერი ჟერმენი - "მონაკოში" ლიგა 2-ის კვალობაზე ძალიან ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა და ლოგიკურიც იყო ის, რომ გუნდმა საბოლოოდ პირველი ადგილი დაიკავა და "ნანტთან" და "გენგამთან" ერთად, ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა.

შოკისმომგვრელი ტრანსფერები
მოსაზრება, რომ "მონაკო" პსჟ-ის ღირსეული კონკურენტი უნდა გამხდარიყო, საკმაოდ ლოგიკური გახლდათ, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო ის ტრანსფერები, რომელიც მონტე-კარლოს გუნდმა უკვე განახორციელა. მთელი ევროპა და მსოფლიო შოკში ჩააგდო იმ ინფორმაციამ, რომ რადამელ ფალკაო, რომელსაც ლამის ყველა თავმოყვარე კლუბი ეპატიჟებოდა, "მონაკოში" გადადიოდა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა გონს მოგება ვერ მოასწრეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ "მონაკომ" "პორტუს" ორი ლიდერი: ჯეიმს (ხამეს, როგორც თავის თავს თვითონ უწოდებს) როდრიგესი და ჟოაო მოუტინიო შეიძინა. უნიჭიერეს კოლუმბიელში "მონაკომ" 45 მილიონი ევრო, ხოლო მოუტინიოში 25 მილიონი გადაიხადა.

რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ერთი პორტუგალიელის, რიკარდო კარვალიოს ტრანსფერის შესახებ გახდა ცნობილი. ვეტერანი მცველი მონტე-კარლოში უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ამის შემდეგ კი უკვე ფალკაოს ტრანსფერიც განხორციელდა - მადრიდის "ატლეტიკომ" 60 მილიონი ევრო მიიღო, კოლუბიელმა კი 5-წლიანი კონტრაქტი. უკვე ისიც არის ცნობილი, რომ ჯეიმს როდრიგესი 10 ნომერი იქნება, ფალკაო კი - 9.

ისე, შეგახსენებთ, რომ ფალკაო, როდრიგესი და მოუტინიო 2010/11 წლების სეზონში "პორტუში" ერთად თამაშობდნენ და მათ იმ წელს ყველა ტურნირი (პორტუგალიის ჩემპიონატი, პორტუგალიის თასი და ევროპალიგა) მოიგეს.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ბატონი რიბოლოვლევი ამაზე გაჩერდეს. კი, "მონაკო" სერიოზულად გაძლიერდა, მაგრამ ის რესურსი, რაც გუნდს გააჩნია, "პარი სენ-ჟერმენისთვის" სერიოზული კონკურენციის გასაწევად საკმარისი მაინც არ არის. ზაფხული სულ რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო და ეჭვიც არ გვეპარება, რომ კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ამა თუ იმ ფეხბურთელით "მონაკოს" დაინტერესების შესახებ დაწერა.

აქვე დავამატოთ, რომ გავრცელებული ცნობების თანახმად, "ლუი II"-ის სტადიონზე შესაძლოა შემდეგი ფეხბურთელები ვიხილოთ: ფაბიო კოენტრაო (რეალი), კარლოს ტევესი (მანჩესტერი სიტი), ჰალკი (ზენიტი), დანი ალვეში (ბარსელონა), დანიელ ვან ბუიტენი (ბაიერნი), ბაკარი სანია (არსენალი), ლისანდრო ლოპესი (ლიონი)... რამდენია აქედან სიმართლე და რამდენი ჭორი, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.

მომავალი და პრობლემები
მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ წარმოიდგინეთ, "მონაკოს" პრობლემებიც აქვს. მოგეხსენებათ, მონაკო საგრაფო გახლავთ, სადაც საფრანგეთში არსებული საგადასახადო წესები არ მოქმედებს. ამ ფაქტის გამო საფეხბურთო კლუბი, ლიგა 1-ის სხვა 19 კლუბთან შედარებით, მომგებიან პოზიციაშია. ამ საკითხზე საფრანგეთში ჯერ კიდევ 2003/04 წლების სეზონის შემდეგ დაფიქრდნენ, თუმცა პრობლემის მოგვარება მაშინ ვერ მოხერხდა.

ახლა, გუნდში რიბოლოვლევის მისვლის შემდეგ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ "მონაკოს" ოფიციალურად მოსთხოვა, რომ გუნდმა ბინა საფრანგეთის ტერიტორიაზე დაიდოს და გადასახადები საფრანგეთის ბიუჯეტში გადაიხადოს, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონს მოკვეთით დაემუქრნენ, რაზეც რიბოლოვლევმა და კომპანიამ უპასუხეს, რომ თუ ლიგა 1-ში ვერ ითამაშებდნენ, მაშინ "მონაკო" სხვა ქვეყნის, მაგალითად, ესპანეთის ჩემპიონატში გადავიდოდა...

რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოსავალს მიაგნო და საგრაფოს წარმომადგენლებისგან 260 მილიონი დოლარის გადახდა მოითხოვა. ამ შემთხვევაში, კლუბს შტაბბინის გამოცვლა არ მოუწევს, ის მონაკოში დარჩება, ეს თანხა კი ლიგა 1-ის კლუბებს შორის განაწილდება.

რიბოლოვლევი თანახმაა, ეს თანხა გადაიხადოს, ოღონდ რუს მილიარდერს ამის გაკეთება ეტაპობრივად სურს. ჯერჯერობით შეთანხმებამდე შორია და შესაძლოა, კიდევ ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ გამოსავალი აუცილებლად გამოიძებნება, რადგან არც "მონაკოს" უნდა სურდეს რომელიმე სხვა ქვეყნის ჩემპიონატში თამაში და არც პროფესიონალურ ლიგას - ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და რაც მთავარია, ტრადიციული გუნდის დაკარგვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთის ჩემპიონატი ვარსკვლავებისგან იცლება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული