პოლ პოგბა. თანაგუნდელები ვარსკვლავზე

AutoSharing Option
10 ივლისს თურქეთში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 1/2-ფინალური მატჩები გაიმართება - საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები განას შეხვდება, ერაყი კი ურუგვაის.

ფრანგთა ასეთი კარგი ასპარეზობის და წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი პოლ პოგბა გახლავთ, "იუვენტუსის" ნახევარმცველი, რომელიც ანდრეა პირლომ ასე დაახასიათა: "მეტოქეებისთვის მასთან თამაში ძალიან რთულია. პოგბა ფიზიკურად ძალიან ძლიერია. მას უყვარს ბურთთან ერთად სირბილი და გოლების გატანა".

20 წლის ფეხბურთელი უკვე ეროვნული ნაკრების წევრიც არის, თუმცა 20-წლამდელთა გუნდში ის ნამდვილი ლიდერი და კაპიტანია. ეს კი იოლი საქმე არ გახლავთ, რადგან საფრანგეთის ამ ახალგაზრდულ
ნაკრებში ძალიან ბევრი ნიჭიერი და ამბიციური ფეხბურთელი ირიცხება.

ფიფას ოფიციალური საიტი პოგბას თანაგუნდელებს გაესაუბრა და მისი ერთი სიტყვით დახასიათება სთხოვა. მოდი, ერთად გავიგოთ, რას ფიქრობენ "იუვენტუსის" ახალგაზრდა ნახევარმცველზე მისი თანაგუნდელები...

ალფონს არეოლა: კაპიტანი
"ის ნამდვილი კაპიტანია. როდესაც ის მოედანზეა, გუნდი უფრო მშვიდად არის. მას აქვს ის რაღაც, რაც სხვას არავის გააჩნია. პოლს ასევე ძალიან უყვარს ხუმრობა, ის მხიარული ბიჭია და ამის გამო გასახდელში მუდამ კარგი ატმოსფეროა".

ჟან-კრისტოფ ბაებეკი: მძვინვარე
"ის მძვინვარე ტიპია (იცინის). უზბეკეთთან თამაშის წინ ჩემთვის თმის შეჭრა სურდა. ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: "ჯეი-სი, ასეთი სულელური ვარცხნილობით ტელევიზორში ვერ გამოჩნდები". ამის შემდეგ მან მაკრატელი აიღო და გამუდმებით მეკითხებოდა: "სარკეში ჩაიხედე? დავიჯერო, შენი ვარცხნილობა მოგწონს?" და ა.შ.

ჩვენ ერთად უკვე წლებია ვთამაშობთ და ერთმანეთს, როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა, ძალიან კარგად ვუგებთ. პოლი სწორად მოიქცა, როდესაც "იუვეში" გადავიდა, რადგან ეს დიდებული კლუბია და მას იქ მშვენიერი სეზონი ჰქონდა. ის არ იცვლება, ყოველთვის ბევრს ხუმრობს და ჩვენც ხშირად ვეხუმრებით. პოლს განსაკუთრებით დიმიტრი ფულკიეს გვადელუპურ აქცენტზე უყვარს ხუმრობა (იცინის)".

ალექსი ბოსეტი: თავდაჯერება
"ის თვითრწმენას გვმატებს. როდესაც პოგბა მოედანზეა, გუნდი თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს. ის დიდ კლუბში თამაშობს და მას აქვს გამოცდილება, რომელიც ბევრ ჩვენგანს ჯერ არ გააჩნია. მოედანს მიღმა კი პოლი ჩვეულებრივი ბიჭია".

ლუკას დინიე: სამაგალითო
"წყნარი, მშვიდი, მოკრძალებული. მისი დახასიათება ბევრი სიტყვით შეიძლება. ის პანიკაში არასდროს ვარდება და მთელი გუნდის დამშვიდებას ახერხებს. მას გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ეროვნული გუნდის წევრია, 20-წლამდელთა გუნდში ისე მოვიდა, თითქოს ნაკრებში არც უთამაშია. ის ამაზე არასდროს საუბრობს. პოგბა სამაგალითოა, როგორ ფეხბურთელი და როგორც კაპიტანი".

დიმიტრი ფულკიე: გიჟი
"პოგბა ცოტათი გიჟია და ის ყოველთვის ხუმრობს. ის ხალხს აჯავრებს და დასცინის, მაგრამ ზედმეტი არასდროს მოსდის. მოედანზე, თავისი გრძელი ფეხების გამო, იმდენ ორთაბრძოლას იგებს, რომ პოლი გუნდისთვის ფასდაუდებელია (იცინის)".

პიერ მანკოვსკი: გავლენა
"მას უდიდესი გავლენა აქვს მოედანზე. ბრძოლის გარეშე არაფერს თმობს, პრაქტიკულად, ყველგან ასწრებს და ყოველთვის ბურთს ითხოვს. მოედანს მიღმა კი ის სიცოცხლით სავსე, მხიარული ახალგაზრდაა. პოგბა დადებითი ტიპაჟის ლიდერია და თანაგუნდელებისთვის მისი მოედანზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია".

პიერ-ივ პოლომატი: გამოცდილება
"ის გუნდში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია, რომელიც თავისი ხასიათით გუნდზე უდიდეს დადებით გავლენას ახდენს და მიუხედავად ამისა, მოედანს მიღმა ძალიან კეთილი და გულიანი ბიჭია. პოგბა კაპიტანი და ვარსკვლავია. მე ნაკრების განაცხადში სულ ბოლოს შემიყვანეს და მან ძალიან თბილი დახვედრა მომიწყო. ჩვენ ერთ ოთახში მოვხვდით და მისმა ასეთმა საქციელმა ადაპტაცია გამიადვილა".

მუჰამადუ ნაბი სარი: მოცეკვავე
"ის სულ ცეკვავს. როდესაც გასახდელში მუსიკა ირთვება, პოლი ცეკვას იწყებს და შემდეგ მას სხვებიც უერთდებიან. ის ძალიან ენერგიული ტიპია და მოედანზე მას მხოლოდ მოგება სურს".

ფლორიან ტოვენი: მიმი
"მას კარგად ეხერხება ადამიანების მიბაძვა. პოლს აბსოლუტურად ყველას იმიტირება შეუძლია. ბოლო პერიოდში ის Swagg Man-ის (ფრანგი რეპერი) იმიტაციით არის დაკავებული. პოგბა მუდამ კარგ ხასიათზეა და როდესაც დაძაბულობაა, ის ყოველთვის ახერხებს სიტუაციის განმუხტვას".

სამუელ უმტიტი: ხუმარა
"ის კარგი ბიჭი, ძალიან კარგი ადამიანია და მასთან ურთიერთობა იოლია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გუნდში ნათამაშები აქვს, მიწაზე მყარად დგას. ის ასევე ნამდვილი მასხარაა, რომელიც ყველას დასცინის. პოგბამ იცის, როგორ მიიღოს ცხოვრებისგან სიამოვნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პოლ პოგბა: მიხარია, რომ დუბლი გავიფორმე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული