თუმცა რომელ მოგებაზეა ლაპარაკი, როცა ედინსონ კავანი "საჩემპიონოდ გამზადებული" პსჟ სულაც მარცხისგან იხსნა.
კვირას პსჟ-ს მესამე ცდა ექნება, ამჯერად, მეტოქე ლიგა 1-ში დაბრუნებული "ნანტია".
პარიზი მძიმედ იწყებს
ნანტში დიდი ინტერესით ელიან ჩემპიონს, "სტად ლა ბოჟუარზე" ყველა ბილეთი კარგა ხნის გაყიდულია.
ისე, პსჟ-ისთვის ცუდი სტარტი არახალია - ზედიზედ მესამე სეზონია, დედაქალაქურ კლუბს სასტარტო ორ ტურში არ მოუგია. თუმცა შარშან ამან ხელი არ შეუშალა კარლო ანჩელოტის გუნდს ჩემპიონატი საბოლოოდ 12-ქულიანი უპირატესობით მოეგო.
მართალია, ახლა პსჟ-ს თავკაცი სხვაა, მაგრამ ცხადია, ამ გუნდის ფავორიტობიდან ჩამოწერა მეტისმეტი იქნებოდა.
"ეს ის სტარტი არაა, რომელზეც ვოცნებობდით, მაგრამ არაფერი საგანგაშო არ ხდება, მზადებას განვაგრძობთ და ყველაფერი მოვა", - განაცხადა ლორან ბლანმა.
ახლა ბლანს და პსჟ-ს კარგი შანსი მიეცათ, დაკარგული აღიდგინონ - მომდევნო ორი ტური ლიგა 2-დან დაწინაურებულ კლუბებთან მატჩები ელით.
"გენგამი" პარიზში მიდის, მანამდე კი ლიგა 2-ის მესამეადგილოსანი "ნანტია".
სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ "იადონები" დაბალ ლიგაში "გალობდნენ" და 2009 წლის მერე ეს ორი კლუბი ერთმანეთს არ შეხვედრია, "ნანტი" გაცილებით ტიტულოვანი კლუბია - ის საფრანგეთის 8-გზის ჩემპიონია, მოქმედი გამარჯვებული კი მხოლოდ 3-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
მიშელ დერ ზაქარიანის გუნდს სეზონი ურიგოდ არ დაუწყია, შინ "ბასტია" 2:0 დაამარცხა. ერთია, ამ შეხვედრაში აბდულაი ტურე ათამაშეს. როგორც აღმოჩნდა, წესების დარღვევით. ასე რომ, "ნანტს" ჯარიმა და შესაძლოა, ქულების დაკლებაც ელის.
ურთიერთშეხვედრებში "იადონების" უპირატესობა აშკარაა - 35 ურთიერთშეხვედრიდან მათ 15 მოიგეს, პსჟ-მ კი მხოლოდ - 8.ლიგა 1-ში ბოლოს ეს გუნდები 2009 წლის თებერვალში შეხვდნენ, მაშინ ლუდოვიკ ჟიულიმ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი პეგი ლუინდულამ და სტეფან სესინიონმა გაიტანეს. ბოლო 7 საშინაო მატჩიდან "ნანტმა" პსჟ-ს მხოლოდ ერთი მოუგო.
ისტორია ფავორიტის წინააღმდეგ
ჩემპიონობის ერთმა კანდიდატმა (მონაკო) წუხელ ითამაშა, ერთიც 23 აგვისტოს თამაშობს - "მარსელი" "ვალანსიენს" ესტუმრება.
სამხრეთელები ჩრდილოეთში 6-ქულიანი სტარტით მიდიან. შარშანდელ სეზონში "მარსელის" სვლა სწორედ "ვალანსიენმა" შეაჩერა, როცა 4:1 გაანადგურა. თუმცა ელი ბოპის გუნდმა საბოლოოდ შეძლო მე-2 ადგილზე გასვლა. თქვენ წარმოიდგინეთ და ისტორიულადაც "ვალანსიენს" აქვს უპირატესობა - ჩრდილოელებმა სამხრეთელი მეტოქეები 25 ცდიდან 13-ჯერ დაამარცხეს და მხოლოდ 7-ჯერ დათმეს შეხვედრა.
სხვა თამაშებიდან აღვნიშნავთ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ბასკური "რეალ სოსიედადისგან" გალახული "ლიონის" მატჩს, რომელიც ჯავრის ამოყრას "რეიმსზე" შეეცდება.
საინტერესო იქნება "ლილისა" და "სენტ ეტიენის" დაპირისპირებაც.
საფრანგეთი. ლიგა 1. III ტური
23 აგვისტო
მონაკო-ტულუზი 0:0
24 აგვისტო
ვალანსიენი-მარსელი 19:00
ბორდო-ბასტია 22:00
ევიანი-რენი 22:00
გენგამი-ლორიანი 22:00
ლიონი-რეიმსი 22:00
მონპელიე-სოშო 22:00
25 აგვისტო
ლილი-სტ. ეტიენი 16:00
აიაჩო-ნიცა 19:00
ნანტი-პსჟ 23:00
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მონაკო 3 2 1 0 6-1 7
2. ლიონი 2 2 0 0 7-1 6
3. მარსელი 2 2 0 0 5-1 6
4. სტ. ეტიენი 2 2 0 0 2-0 6
5. ნანტი 2 1 0 1 3-2 3
6. ვალანსიენი 2 1 0 1 3-2 3
7. რეიმსი 2 1 0 1 3-3 3
8. რენი 2 1 0 1 3-3 3
9. ლილი 2 1 0 1 2-2 3
10. ლორიანი 2 1 0 1 2-2 3
11. ბასტია 2 1 0 1 2-2 3
12. ნიცა 2 1 0 1 2-5 3
13. პსჟ 2 0 2 0 2-2 2
14. ტულუზი 3 0 2 1 1-4 2
15. აიაჩო 2 0 1 1 1-2 1
16. სოშო 2 0 1 1 2-4 1
17. ევიანი 2 0 1 1 1-3 1
18. ბორდო 2 0 1 1 1-3 1
19. მონპელიე 2 0 1 1 2-5 1
20. გენგამი 2 0 0 2 1-4 0
ბომბარდირები:
4 - ემანუელ რივიერი (მონაკო); 3-3 - დიმიტრი პაიე (მარსელი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"