ლორან ბლანი: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენში" სერიოზული ინვესტიციები ჩაიდო და გუნდმა დიდი ფული დახარჯა, თანაც ჭკვიანურად. ვის მოსწონს ეს და ვის არა, ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია - დედაქალაქელები საფეხბურთო ელიტაში დაბრუნდნენ. პსჟ-მა წინა სეზონშიც დაამტკიცა, რომ უკვე სერიოზული ძალაა, როდესაც "ბარსელონას" რეალურად არაფერი დაუთმო და მიმდინარეშიც შორს წასვლას აპირებს ჩემპიონთა ლიგაზე, ბევრად უფრო შორს.

ლორან ბლანის ხელში პარიზელები კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებიან და ლაღ ფეხბურთს გვთავაზობენ. ვნახოთ, რას ამბობს თავად პროფესორის იმიჯის მქონე მუსიე ბლანი "ლიგა 1-ის შოუსთან" საუბარში.

სკეპტიკოსები
კარლო ანჩელოტის ნაცვლად მთავარი
მწვრთნელის პოსტზე ლორან ბლანის დანიშვნას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. ბლანს პსჟ-ში არასოდეს უთამაშია. აი, მის მოსისხლე მტერ "მარსელში" კი ირიცხებოდა... "მონპელიეს" აღზრდილის სამწვრთნელო კარიერა "ბორდოში" დაიწყო, რასაც პირდაპირ საფრანგეთის ნაკრები მოჰყვა.

ევრო 2012-ის მეოთხედფინალში "მამლები" ესპანეთთან დამარცხდნენ და ბლანსაც არ დაუყოვნებია - ელეგანტურად გადადგა. მოკლედ, მას ბევრი უყურებდა ალმაცერად, მაგრამ ბლანმა აიღო და, 4-4-2-ის ნაცვლად, პსჟ 4-3-3-ით აათამაშა და აქცენტი არა კონტრიერიშებზე, არამედ ბურთის ფლობასა და პირველ ნომრად თამაშზე გააკეთა.

შედეგი სახეზეა - პარიზელები კიდევ უფრო მძლავრად გამოიყურებიან და თან მატჩებს ლამაზად იგებენ.

"რა ტაქტიკითაც უნდა თამაშობდე, მთავარი ფილოსოფიაა. სქემა ყოველთვის შეიძლება შეცვალო - თამაშის მსვლელობისას, შესვენებაზე, მატჩის შემდეგ... უშუალოდ ტაქტიკა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ფილოსოფია"
- გვეუბნება ბლანი.

რა არის ბლანის ფილოსოფია?
სიტყვები სიტყვებად, მაგრამ ყველას აინტერესებს, რა იგულისხმება უშუალოდ ამ ფილოსოფიაში. თავის სტილსა და მიდგომებზე "მონპელიეს", "ნაპოლის", "ნიმის", "სენტ ეტიენის", "ოსერის", "ბარსელონას", "მარსელის", "ინტერისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი ღიად საუბრობს.

"როდესაც ბურთს ფლობ, აიძულებ მეტოქეს, რომ თავი დაიცვას, ამას კი დიდი ენერგია სჭირდება. შესაბამისად, რაღაც პერიოდის მერე, უფრო მატჩის ბოლოსკენ, მეტოქეები იღლებიან. აქედან გამომდინარე, ისინი თავდაცვას კარგად ვეღარ ახერხებენ და სწორედ ამიტომ გვექმნება ხოლმე ამდენი საგოლე შანსი ბოლო 15-20 წუთში.

მეორე ფაქტორია ის, რომ დაცვისას მოწინააღმდეგე სიღრმეშია, თავის კართან ახლოს და თავისთავად, შენი კარისგან შორს. ეს ნიშნავს, რომ გოლის გასატანად მეტოქე გუნდმა ჯერ ბურთი უნდა მოიპოვოს, მერე გზად რამდენიმე ბარიერი დაძლიოს, შენს კარს მოუახლოვდეს და მომენტი შექმნას. ეს ყველაფერი კი ისე უშეცდომოდ უნდა გააკეთოს, რომ საბოლოოდ მიზანს მიაღწიოს, რაც ძალიან ძნელია.

ჩემი ფილოსოფიით თამაშიც არ არის ადვილი, მაგრამ პსჟ-ში არიან იმ დონისა და ტალანტის ფეხბურთელები, რომ ეს შეძლონ".


კლასით მოგებული "კლასიკი"
როგორც ჩანს, ფეხბურთელები სრულად იზიარებენ ბლანის თეორიებს და სჯერათ მისი. სამაგალითო და სანიმუშო მატჩად შეგვიძლია "მარსელთან" გამართული დაპირისპირება მოვიყვანოთ. პარიზელებმა საძულველ მარსელელებს "კლასიკი" იმათსავე "ველოდრომზე" მოუგეს, თანაც ისე, რომ აგებდნენ და ათი კაცით იყვნენ დარჩენილნი.

"მართალია, რომ "მარსელთან" მოგება გამოსარჩევი და საჭირო გახლდათ. თითქოს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ აეწყო, ტიაგო მოტას დარი საკვანძო ფიგურა გაგვიძევეს, გოლი გავუშვით... თუმცა დამტკიცდა, რომ გუნდს სჯერა იმისი, რასაც ვაკეთებთ და ფეხბურთელებმა ზუსტად იგივე ფილოსოფიითა და შემართებით ითამაშეს. ეს მართლაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო
" - თქვა ბლანმა.

შანსების გამოყენება
პარიზულ გუნდს ჯერ მატჩი არ წაუგია, ძირითადად, იგებს და ბევრი გოლიც გააქვს. თუმცა მწვრთნელს მიაჩნია, რომ მეტია შესაძლებელი და მომენტების რეალიზაციას სერიოზულად უნდა მიექცეს ყურადღება. მართალიცაა, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფებში უკვე თითოეულ მომენტს შეიძლება ოქროს ფასი დაედოს.

"ჩემი აზრით, ყველაზე მეტად, რაშიც უნდა მოვუმატოთ, ეს მომენტების გამოყენებაა. მატჩებს ხშირად დიდი სხვაობით ვიგებთ, საშუალოდ შეხვედრაში ორ გოლზე მეტი გაგვაქვს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ შანსებს და გადავთვლით მათ რაოდენობას, მეტი გოლი უნდა გაგვქონდეს"
- აღნიშნა ბლანმა.

სტაბილურობა
"მონაკოსთან" თამაშში დაცვის ბურჯმა ტიაგო სილვამ ტრავმა მიიღო და აქამდე აკლდა გუნდს. სამაგიეროდ, დაბრუნდა ალექსი, ხოლო 19 წლის მარკინიოსმა შემდეგ მატჩებში ისე დიდებულად ითამაშა, რომ კაპიტნის არყოფნა არავის აგრძნობინა და ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა. ბლანს ეს ძალიან მოეწონა და იგი ერთგვარ მუშკეტერადაც შეგვიძლია შევრაცხოთ, ხოლო მისი სიტყვები ასე გადავამღეროთ - ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის.

"ტიაგო სილვა ჩვენი კაპიტანი და უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მაგრამ იგი დაშავდა და ამას უნდა შევგუებოდით. ჩემი მიდგომის შემადგენელი ნაწილი ესეცაა - ვინც უნდა იყოს მინდორზე, ფილოსოფია იგივე რჩება. ყველა ფეხბურთელი საჭიროა, ყველა სასარგებლოდ უნდა გრძნობდეს და თვლიდეს თავს და მართლაც მოჰქონდეს სარგებელი. ეს უმთავრესია"
- განაცხადა საუბრის ბოლოს ბლანმა.

გიორგი კაკაბაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლორან ბლანი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული