საფრანგეთი. ლიგის თასი. 1/4-ფინალი: "ნანტის" მწარე შურისძიება

AutoSharing Option
"ნანტი" და "ნიცა" 5 იანვარს საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ის მატჩი ნიცელებმა 2:0 მოიგეს და ცხადია, "იადონებს" შურისძიება სწყუროდათ; თანაც, ამჯერად "სტად დე ლა ბუჟუარ-ლუი ფონტენოზე" ნახევარფინალისტის ბედი წყდებოდა.

"ნიცა" თავისმა კაპიტანმა დიდიე დიგარმა დააწინაურა, რომელმაც ამ სტადიონზე ათი დღის წინაც გამოიჩინა თავი. მეორე ტაიმი სულ ახალი დაწყებული იყო, როდესაც ფილიპ ჯორჯევიჩმა გოლის გემო გაიხსენა და სერბმა ოთხწუთიან მონაკვეთში 2 ბურთი შეაგდო. ორივე ეპიზოდში მონაწილეობა მიიღო 26 წლის ტოგოელმა სერჟ გაკპემ.

იმ მომენტისთვის გულშემატკივრებს ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინათ, თუ
რა ელოდათ წინ... ჯერ ტიმოტე კოლოძიეჩაკმა გაიტანა თავურით, 77-ე წუთზე კი ოსვალდო ვისკარონდოს თავურის დროც მოვიდა და მძლავრი დარტყმით ვენესუელელმა კიდევ ერთხელ გაიყვანა მასპინძელი გუნდი წინ.

თუმცა სტუმრებმა ამჯერადაც გაათანაბრეს. კლოდ პუელს შეცვლები კარგად გამოუცნია - ერიკ ბოატეკმა დარიო ცვიტანიჩს უპასა და - 3:3. ბოატეკი 20 წუთის გამოსული გახლდათ, აი, ცვიტანიჩი კი - სულ რამდენიმე წამის. აღსანიშნავია, რომ ნიცელთა გოლეადორს 3 ნოემბრის მერე არ გაეტანა და მისთვის ეს ბურთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ამ შესანიშნავ თრილერს წერტილი გაკპემ დაუსვა, რომელმაც სადღაც 30 მეტრიდან გაისროლა. ბურთი ვერონეზეს წინ დაეცა და კარში შევიდა - 4:3! "ნანტი" ლიგის თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც პსჟ-ს შეხვდება, რომელმაც ერთი დღით ადრე "ბორდო" დაამარცხა.

ამ სტადიაზე შემორჩენილი ერთადერთი ქვედალიგელი "ტრუა" საკუთარ კედლებში "ევიანს" მასპინძლობდა. ტრუელთა ვეტერანი ქარიზმატული ლიდერი ბენჟამინ ნივე ისევ შეუჩერებელი იყო. მან ეფექტური გოლით გახსნა ანგარიში, ხოლო ტაიმის მიწურულს გისლენ გიმბერს გაატანინა. თავის მხრივ, გიმბერი პირველი გოლისას იყო კომბინაციის მონაწილე.

პასკალ დუპრაზმა შეტევის გასაძლიერებლად მოდუ სუგუ, მარკო რუბენი და კლერკ ნსიკულუ შემოიყვანა. ეს უკანასკნელი მინდორზე წუთის გამოსული იყო, სხვაობა რომ შეამცირა. "ევიანმა" ბოლო წუთებში ნამდვილი შტურმი მოუწყო მეტოქეს, მაგრამ "ტრუამ" გმირულად გაძლო, მეტოქე აქეთ გამოიჭირა კონტრშეტევაზე და ყველასთვის მოულოდნელად ნახევარფინალშიც აღმოჩნდა.

ევიანელთათვის ეს, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ზედიზედ მეხუთე წაგება გახლდათ.

"ჟერლანზე" კი "ოლიმპიკების" დერბი იმართებოდა. ერთმანეთს ამ ტურნირის 2012 წლის ფინალისტები ხვდებოდნენ. საბოლოო ჯამში, "ლიონმა" დაამტკიცა, რომ მშვენიერ ფორმაშია შესული, უკეთ ითამაშა და მოიგო.

კრისტიან გურკუფმა თავისი მე-100 შეხვედრა გოლით აღნიშნა. ეს მისი მე-5 ბურთია მიმდინარე სეზონში. გურკუფმა კლემან გრენიეს მშვენიერ საჯარიმო დარტყმულს დაამატა.

მეორე გოლი რემი გარდის გუნდმა ლამაზი კომბინაციის შემდეგ შეაგდო - ენტონი ლაკასეტმა გურკუფთან კოხტა კედელი გაათამაშა და ბაფეტიმბი გომისსაც ელეგანტურად უპასა, ბაფემ კი ბოლო 8 მატჩში მერვე გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ გომისი "ლიონში" ბოლო სეზონს ატარებს. მან წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ გარდი მაინც მუდმივად შემადგენლობაში აყენებს.

"მარსელი" ორი ბურთის გამქვითავი არ ჩანდა და ერთადერთი, რაც ჟოზე ანიგოს ბიჭებმა შეძლეს, სხვაობის შემცირება იყო, ისიც ბოლო წუთზე. ჯიმი ბრიანმა ხელით ითამაშა და შეცვლაზე შესულმა ანდრე-პიერ ჟინიაკმა, რომელსაც მიკროტრავმა ჰქონდა, თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ შეასრულა. ეს ჟინიაკის მერვე გოლი გახლდათ ბოლო 7 თამაშში.

ამრიგად, 2010, 2011 და 2012 წლებში ლიგის თასის გამარჯვებული "მარსელი" ტურნირს გამოეთიშა.

ნანტი-ნიცა 4:3
გოლები: 0:1 დიგარი (17), 1:1 ჯორჯევიჩი (48), 2:1 ჯორჯევიჩი (52), 2:2 კოლოძიეჩაკი (72), 3:2 ვისკარონდო (77), 3:3 ცვიტანიჩი (86), 4:3 გაკპე (87)

ტრუა-ევიანი 3:1
გოლები: 1:0 ნივე (33), 2:0 გიმბერი (44), 2:1 ნსიკულუ (69), 3:1 კაბო (90)

ლიონი-მარსელი 2:1
გოლები: 1:0 გურკუფი (24), 2:0 გომისი (74), 2:1 ჟინიაკი (89-პენ.)
ლიონი (4-3-3): ენტონი ლოპეში - მიგელ ლოპეში, ბიშევაცი, უმტიტი, ბედიმო - ფოფანა, გონალონი, გრენიე (90+4. ფექირი) - გურკუფი (84. მალბრანკი), ლაკასეტი, გომისი (84. ბრიანი)
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ფანი, ნკულუ, ლუკას მენდეში, მორელი (82. მენდი) - რომაო, იმბულა, ლემინა - ტოვენი, პაიე (65. ვალბუენა), ხელიფა (69. ჟინიაკი)

ნახევარფინალი
4-5 თებერვალი
ნანტი-პსჟ
ლიონი-ტრუა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული