პსჟ პოლ პოგბას წელიწადში 8 მილიონს სთავაზობს

AutoSharing Option
საინტერესო ამბებია "პარი სენ-ჟერმენის" თავს. კულუარებში ისევ აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ პარიზელებს ჯიუტად გადაუწყვეტიათ პოლ პოგბას იანვარშივე ხელში ჩაგდება და მზად არიან, "იუვენტუსს" ახლავე გადაუხადონ 50-60 მილიონი ევრო, ხოლო თავად ფეხბურთელს წელიწადში 8 მილიონს სთავაზობენ, რაც ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ახალგაზრდა ტალანტის ტურინული ჯამაგირი.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, "შავ-თეთრებს" თავისუფლად შეუძლიათ ერთი ნახევარმცველის გასხვისება, რადგან მათ ამ ამპლუის ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავთ. ვნახოთ, გაუძლებენ თუ არა ცდუნებას "ბებერი ქალბატონი" და თავად პოგბა.

გამცნეთ ისიც, რომ პსჟ იოან კაბაიში
26 მილიონ ფუნტს სთავაზობს "ნიუკასლს", რომელიც, თავის მხრივ, "მონპელიეს" შეუთანხმდა იმაზე, რომ ზაფხულში რემი კაბელიას შეიძენს. ასე რომ, პსჟ-ს შანსები კაბაის ტრანსფერთან მიმართებაშიც გაეზარდა.

კვარტეტი წავა?
პარალელურად კი, გრძელდება საუბრები ხავიერ პასტორეს, ტიაგო სილვასა და ესეკიელ ლავეცის შესაძლო წასვლის შესახებ. თუმცა სამივე ფეხბურთელმა განაცხადა, აქ თავს კარგად ვგრძნობთ და წასვლაზე სულაც არ ვფიქრობთო. მიუხედავად ამისა, მაინც დიდი შანსია, რომ ამ სამიდან მინიმუმ ერთმა პარიზელთა ბანაკი სეზონის ბოლომდე მაინც დატოვოს და ყველაზე რეალური კანდიდატი პასტორეა. არგენტინელის თხოვება "რომას" სურს. მას ადრე "ინტერსა" და "ნაპოლისაც" უკავშირებდნენ, ისევე, როგორც ლავეცის.

ხოლო ტიაგო სილვას გადაბირება "ბაიერნმა" მოინდომა და მიუნხენელები მზად არიან, ბრაზილიელი მცველის გამო გვარიანად გაიკრან ჯიბეზე ხელი.

პასტორემ "რომას" ვარიანტი არც გამორიცხა და არც დაადასტურა: "აქ ბედნიერი ვარ და როგორც არაერთხელ ვთქვი, წასვლა არ მინდა. ძალიან ბევრი კლუბი ესაუბრა ჩემს აგენტს და პსჟ-ის ხელმძღვანელობას. "რომა"? ეს გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურება და ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს. თუ ვინმე შემეხმიანება, ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ამჟამად პარიზში თავს მშვენივრად ვგრძნობ".

"ჩემი სურვილია, მინიმუმ მოქმედი კონტრაქტის ბოლომდე პსჟ-ში ვითამაშო. ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი გვყავს და კიდევ უფრო ვვითარდებით. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული და გვსურს, დიდ წარმატებებს მივაღწიოთ, როგორც საფრანგეთის მასშტაბით, ასევე ევროსარბიელზე. სწორედ ამ გუნდის წყალობით მოვხვდი ფიფას სიმბოლურ ნაკრებში
" - ეს კი ტიაგო სილვას სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული