საფრანგეთის თასი. 1/16-ფინალი: ელიტამ ოთხი გუნდი დაკარგა

AutoSharing Option
ბოლო დროს ევროპასა და კერძოდ, საფრანგეთში უამინდობა კი მძვინვარებს, მაგრამ ამჯერად წვიმა გოლებისა იყო. თასის მეთექვსმეტედფინალის პირველ სათამაშო დღეს გამართულ 9 შეხვედრაში, მარტო ძირითადი დროის ბურთები რომ ავიღოთ, 27-ს გადავთვლით, ანუ საშუალოდ მატჩში 3-ს. მოულოდნელობები ტრადიციულად არ გვაკლდა, ლიგა ერთის 4 ბინადარი შეჯიბრებას გამოემშვიდობა და აქედან მხოლოდ ერთი დამარცხდა ასევე ელიტის წარმომადგენელთან, დანარჩენებს ქვედალიგელებმა აჯობეს.

ის ერთი "მარსელია", რომელიც ერთი კვირის წინ ლიგის თასიდან გამოვარდა და აქეთ მანც სურდა წარმატების მიღწევა. სწორედ ამიტომ გამოვიდა ჟოზე ანიგო მინდორზე საბრძოლო შემადგენლობით. სამაგიეროდ,
კლოდ პუელმა გადაახალისა შემადგენლობა, მან გუნდის გოლეადორი დარიო ცვიტანიჩი, კაპიტანი დიდიე დიგარი და მეკარე დავიდ ოსპინა დატოვა სათადარიგოთა სკამზე.

შეხვედრაში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა და გოლებიც პანტაპუნტით გადიოდა. 24-ე წუთზე, როდესაც ფლორიან ტოვენმა მშვენიერი დარტყმით გაუტანა სტუმართა 18 წლის გოლკიპერს, მიუზ ჰასენს, ანგარიში უკვე 2:2 გახდა. თუმცა ტაიმი მაინც "ნიცამ" მოიგო, რადგან პირველი ნახევრის მეორე დამატებულ წუთზე სულეიმან დიავარამ ავტოგოლი შემოგვთავაზა. დიავარამ მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზეც გაიტანა, თანაც უკვე მეტოქის კარში, მაგრამ გვიანი იყო... "ოლიმპიკს" არც ამან უშველა და არც ანდრე-პიერ ჟინიაკის იქამდელმა დუბლმა - 4:5.

"ერთი მხრივ, 4 გოლი გავიტანეთ და ეს ნიშნავს, რომ გუნდის ნახევარმა საქმე კარგად გააკეთა; მეორე მხრივ კი, 5 გავუშვით და ეს რამდენიმე ფეხბურთელის ცუდ თამაშზე მეტყველებს. ეს ჩაქუჩის ჩარტყმაზე უფრო დასანანი და მტკივნეული მარცხია. ისეთ შეცდომებს ვუშვებდით, როგორებიც არასდროს არ დაგვიშვია. ეს არ უნდა განმეორდეს"
- თქვა ანიგომ.

"სოშო" საგარეო ბრძოლის ველზე დაეცა "ანჟერთან", ხოლო აბსოლუტურად ორიენტაციადაკარგული "აიაჩო" საკუთარ კედლებში დამარცხდა "კაენთან". თუ აუტსაიდერების წაგებები შედარებით ნაკლებად მოულოდნელი იყო, მეორე კორსიკული გუნდის, "ბასტიას" ფიასკო ნამდვილი სენსაციაა. ფრედერიკ ჰანცის გუნდი ვაჰბი ჰაზრის გოლით იგებდა, მაგრამ პაბლო შავარიამ მატჩის მიწურულს გაათანაბრა, ხოლო დამატებით დროში დემე ნდიაიმ სულაც მოაგებინა ლანსელებს, რომლებიც ლიგა 1-ში დაბრუნებას აპირებენ და ამისი კარგი შანსიც აქვთ, ისინი ამჟამად გადმოსასვლელ ზონაში არიან.

"კაენის" მწვრთნელი პატრის ჟარანდი: "მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ მათ არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ გუნდურ დონეზეც უნდა დაემტკიცებინათ, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშს იმსახურებენ. თასზე წარმატებული გამოსვლა ჩემპიონატში წარმატებაშიც დაგვეხმარება".

ახალგაზრდა მცველის, კილიან გარგამის დუბლმა კინაღამ კიდევ ერთი სენსაცია მოახდინა და "კონკარნო" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა, მაგრამ "გენგამის" მხრიდან დუბლი მუსტაფა იატაბარემ გაახერხა, ხოლო მესამე გოლი კლაუდიო ბოვიუმ გაიტანა. სამაგიეროდ, შედარებით ადვილად მოიგო "რენმა" და ძალიან ადვილად "ლილმა".

აიაჩო-კაენი 0:2
გოლები: 0:1 ოტრე (63), 0:2 ფაირი (74)

ლანსი-ბასტია 1:1 (2:1 დ.დ.)
გოლები: 0:1 ხაზრი (63), 1:1 შავარია (87), 2:1 ნდიაი (94)

ანჟერი-სოშო 1:0
გოლი: 1:0 კონატე (70)

ბულონი-რენი 0:2
გოლები: 0:1 კონრადსენი (9), 0:2 რომერო (90)

სეტი-იურა სუდი 2:0
გოლები: 1:0 ჟელი (32), 2:0 ჟენსელი (62)

კრუა-ლილი 0:3
გოლები: 0:1 კიაერი (17), 0:2 ტულიო დე მელო, 0:3 ორიჯი (89)

კონკარნო-გენგამი 1:1 (2:3 დ.დ.)
გოლები: 0:1 იატაბარე (64), 1:1 გარგამი (84), 2:1 გარგამი (99), 2:2 იატაბარე (104), 2:3 ბოვიუ (105)

სა ბასტია-ნიორი 2:2 (5:4 პენ.)
გოლები: 1:0 მ. კამარა (35), 1:1 ლაფურსადი (72-პენ.), 1:2 ოსვალდი (86-ს.კ.), 2:2 მბა (89)

მარსელი-ნიცა 4:5
გოლები: 1:0 ჟინიაკი (3), 1:1 ბოსეტი (5), 1:2 მოპე (18), 2:2 ტოვენი (24), 2:3 დიავარა (45+2-ს.კ.), 2:4 ბრულსი (51-პენ.), 3:4 ჟინიაკი (58), 3:5 აბრიელი (88), 4:5 დიავარა (90+2)
მარსელი (4-3-3): მანდანდა - აბდალა (76. ფანი), დიავარა, ნკულუ, მენდი - რომაო, იმბულა (70. ხელიფა), ბენუა შეირუ - ვალბუენა, ტოვენი (81. პაიე), ჟინიაკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული