დიდიე დეშამი დიდი თავგადასავლის მოლოდინში

AutoSharing Option
დიდიე დეშამი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია ფეხბურთელის რანგში, ახლა კი "მამლებს" მწვრთნელის ამპლუაში ეხმარება. რთული პერიოდის მერე დიდიმ ფანების ნდობა და სიყვარული დაიბრუნა.

მისი სიმპათიური ნაკრები კი ევრო 2016-ისთვის ემზადება, რომელსაც სწორედ საფრანგეთი მასპინძლობს. ვნახოთ, რას გვეტყვის მუსიე დეშამი...

- რას გვეტყვით ცოტა ხნის წინ გამართულ მსაჯების კონფერენციაზე, რა ტენდენციებია ტაქტიკური და ტექნიკური კუთხით თანამედროვე ფეხბურთში და რა შენიშნეთ ბრაზილიის მუნდიალზე?
- შემტევი ფეხბურთი იყო. ის, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შეხვედრა ძალიან მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. ასეთ შეჯიბრებებში ფიზიკური
მონაცემები განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ჩემი აზრით, თანამედროვე ფეხბურთელი ძალიან მაღალი დონის ათლეტი უნდა იყოს და თან მუდამ ვარჯიშობდეს ფორმის შესანარჩუნებლად.

- ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატი თქვენი პირველი დიდი ტურნირი გახლდათ მწვრთნელის რანგში. გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები და მიღებული გამოცდილება...
- მუნდიალზე ფეხბურთელის რანგში ნათამაშები მქონდა, მაგრამ საუბარიც არ უნდა იმას, რომ ნაკრების მწვრთნელობა რადიკალურად განსხვავებული რამ არის და ბევრად მეტ რაღაცაზე გიწევს ფიქრი.

შედეგები, რასაკვირველია, მთავარი და უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ადამიანური კუთხითაც საინტერესო თავგადასავალია. ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანების ერთ ჯგუფთან ერთად სრულ 6 კვირას ატარებ. ასევე ურთულესი მომენტია შემადგენლობის შერჩევა. ეს მხოლოდ მოთამაშეების არჩევა არ არის, უნდა გათვალო ისიც, კონკრეტულ ჯგუფს, შემადგენლობას ერთად და დიდ ასპარეზზე რამდენად შეუძლია შეთამაშებულად და კარგად გამოსვლა.

- პოლ პოგბა, ანტუან გრიზმანი და რაფაელ ვარანი ახალი თაობის ბრწყინვალე წარმომადგენლები არიან. რამდენად მოგეწონათ მათი თამაში მუნდიალზე?
- არ ვიცი, რამდენად მოვიხიბლე და შთაბეჭდილებების ქვეშ დავრჩი, მაგრამ ახალგაზრდები რომ არიან, ეს მართალია. 23-კაციანი განაცხადიდან 9 მოთამაშე 25 წელზე ახალგაზრდა გახლდათ. სამივე მათგანი დიდ გუნდში თამაშობს, მაგრამ მათ პირველად მიიღეს მონაწილეობა შესარჩევ მატჩებსა და დიდ ტურნირში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ითამაშონ, რადგან ფეხბურთელი საბოლოოდ სწორედ ასეთ შეჯიბრებებზე ყალიბდება, თან გამოცდილებას იღებს და ძლიერდება. ახლა იმ მოთამაშეებს, რომლებმაც უკვე მიიღეს მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატში, მცირე უპირატესობა ექნებათ ევრო 2016-ზე.

- გუნდის პროგრესზე რას იტყვით, კმაყოფილი ხართ?
- ყველა გუნდს აქვს პროგრესი, მათ შორის, ჩემსასაც. ფეხბურთელები ერთმანეთს უკეთ იცნობენ და როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მყავს, გამოცდილება კი ასე უცებ არ მოდის, ამას დრო სჭირდება.

თან შესაძლოა, რამდენიმე ახალგაზრდა კიდევ შემოგვემატოს. პრობლემა, რომელსაც უმაღლეს დონეზე აუცილებლად გადააწყდები, დეტალებს უკავშირდება - ყველამ ყველაფერი სწორ დროს და სწორ ადგილას უნდა გააკეთოს. ამას ფეხბურთელებიც უნდა გაუმკლავდნენ და ამისთვის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავს შეჯიბრებებში ძალიან დიდი ზეწოლაა და ამასთან გამკლავებაა საჭირო.

- მსოფლიოს ჩემპიონატის მერე პირველ ორ მატჩს როგორ შეაფასებთ? ესპანეთთან მოგებას (1:0) და სერბეთთან ფრეს (1:1)?
- ესპანეთთან მატჩი გამოსარჩევი გახლავთ, რადგან ის პირველი იყო მსოფლიოს ჩემპიონატის მერე და საკუთარი ფანების თვალწინ ვთამაშობდით. ჩვენი თავდაჯერებისთვის, მოგება ძალიან კარგი გახლდათ. შეხვედრამ აჩვენა, რომ ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ თამაშს.

ძლიერ გუნდს ვაჯობეთ. სამი დღის მერე კი ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც საკუთარ კედლებში ძალიან ძლიერია და მინდვრის საფარიც მძიმე მდგომარეობაში იყო. სერბებს კარგი გუნდი ჰყავთ და რთული მატჩი გვქონდა. შემადგენლობაც გადავახალისე. ვფიქრობ, ნელ-ნელა კიდევ უფრო მოვუმატებთ, ევრო 2016-მდე დრო კიდევ გვაქვს.

- როგორც მასპინძლებს, ევრო 2016-ზე თამაში გარანტირებული გაქვთ, მაგრამ I ჯგუფის წარმომადგენლებს: პორტუგალიას, დანიას, სერბეთს, სომხეთსა და ალბანეთს ორ-ორჯერ ეთამაშებით. როგორია თქვენი გეგმა?
- ეს ამხანაგური მატჩებია და ჩვენ ამხანაგურების გარდა, ვერაფერს ვიზამთ. ვეთამაშეთ ესპანეთს და ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე გრანდთან გაჯიბრებას. რაც შეეხება I ჯგუფის წარმომადგენლებს, ჩვენი მიზანი ყველაზე მეტი ქულის დაგროვება და პირველ ადგილზე გასვლაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირტუალურად მოხდება და რეალური მნიშვნელობა არ აქვს.

ვფიქრობთ, ეს კარგად მომზადებას შეუწყობს ხელს. პორტუგალიას და სერბეთს მშვენივრად ვიცნობთ, ალბანეთი და სომხეთი ის ნაკრებები არიან, რომლებსაც პროგრესი აქვთ. ვნახეთ, როგორ მოუგო ალბანეთმა პორტუგალიას და ერთი სიტყვით, საინტერესო მატჩები გველოდება.

- ამხანაგური მატჩები ისეთი მნიშვნელობით მაინც ვერ გამოირჩევა, როგორც ოფიციალური შეხვედრები და ეს პრობლემას ხომ არ შეგიქმნით?
- არის დადებითი და უარყოფითი მხარეები. წინასწარ ვიცით, რომ ორი წელი ამხანაგური მატჩები გვექნება და ფედერაციასთან ერთად სპეციალური გეგმა შევიმუშავეთ. შევხვდებით ძლიერ მეტოქეებსაც და თან შესარჩევი ჯგუფის იმიტაციასაც გავაკეთებთ. რასაკვირველია, ოფიციალური თამაშების ყველა ინგრედიენტს ვერ დავამატებთ, მაგრამ ვფიქრობ, კარგად მომზადებისთვის ყველა პირობა გვაქვს.

- გულშემატკივრები ისევ ბოლომდე მხარს უჭერენ ნაკრებს. ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია?
- დიახ. ფანებს ნამდვილად გადაუყვარდათ ნაკრები იმის მერე, რაც 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში მოხდა. თუმცა ბიჭების კარგმა თამაშმა გულშემატკივრებს ისევ თვალი მოჭრა, მათ სიამოვნება მიიღეს და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმას თქმაც არ უნდა, რომ ფეხბურთელებისთვისაც უკეთესია, როდესაც ისინი უყვართ და არ სძულთ. ახლა დანარჩენი ჩვენზე დამოკიდებული, რამდენად შევინარჩუნებთ ამ მხარდაჭერას, რომელიც გვჭირდება.

- როგორც ფეხბურთელს, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები ორწლიან ინტერვალში გაქვთ მოგებული. ახლა საფრანგეთის მაშინდელი მიღწევის გამეორებას გერმანია აპირებს. ახალ მსოფლიოს ჩემპიონებსა და თქვენს ნაკრებს თუ შეადარებთ, რას გვეტყვით?
- გერმანიას წინ კიდევ დიდი გზა აქვს. ისე კი, როგორც გახსოვთ, 2006 წლის მერე გერმანელები ან ნახევარფინალში გადიოდნენ, ან ფინალში. გუნდი რვა წელი მოდიოდა აქამდე და ბრაზილიაში ფინალში მოთამაშე შემადგენლობიდან უმეტესობას ერთად 6 წელი აქვს გატარებული. ეს დიდი გამოცდილებაა. საფრანგეთი კი ხელახლა ფეხზე ცოტა ხანია, რაც წამოდგა, მაგრამ აქედან ტიტულამდე ჯერ შორია. რასაკვირველია, ისეთი გუნდები, როგორებიც გერმანია, ჰოლანდია და ესპანეთი არიან, ჯერ კიდევ ჩვენზე წინ იმყოფებიან.

- საფრანგეთმა ევროპის 1984 წლის ჩემპიონატი და მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატი საკუთარ კედლებში მოიგო. განმეორდება ისტორია 2016 წელს?
- შესაძლოა. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს მოხდეს, ყველა ამას დაელოდება. თუმცა ევროპის ჩემპიონატი ცოტა სპეციფიკური ტურნირია და ისევე რთულია, თუ უფრო არა, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატი.

ჩვენ კონტინენტის უძლიერეს ნაკრებებთან მოგვიწევს ჭიდილი, რომლებიც ბრაზილიაში ძალიან კარგად გამოვიდნენ. შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპულმა გუნდმა ამერიკის კონტინენტზე ტიტული მოიგო. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება, მაგრამ მხოლოდ ერთი ნაკრები მოიგებს. ადვილი არასდროს არის, მაგრამ ჩვენ საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ და შემდეგ მაქსიმალურად დავიხარჯოთ.

- დიდი შეჯიბრების მასპინძლობა ყოველთვის დამატებით ზეწოლასთან არის დაკავშირებული. თქვენთვის რთული იქნება ამ ზეწოლასთან გამკლავება?
- დიახ, რადგან ფანები ორმაგად აღელვებულნი იქნებიან და მედიაც. ერთი შეხედვით, არ ჩანს მიზეზი და ალბათობა იმისა, რომ ნეგატიური ფონი შეიქმნას, მაგრამ აურზაურმა და ფსიქოლოგიურმა წნეხმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფეხბურთელებზე. ამიტომაც ამ მოსამზადებელი პერიოდისას და ფინალური ეტაპისას ისინი მაქსიმალურად უნდა დავიცვათ.

დოსიე
დიდიე კლოდ დეშამი

დაიბადა: 1968 წ. ბაიონი (საფრ)
ამპლუა: ნახევარმცველი
საფეხბურთო კარიერა: 1985-89 - ნანტი; 1989-94 მარსელი; 1990-91 - ბორდო; 1994-99 - იუვენტუსი; 1999-2000 - ჩელსი; 2000-01 - ვალენსია.
საფრანგეთის ნაკრები: 103 თამაში, 4 გოლი
სამწვრთნელო კარიერა: 2001-05 - მონაკო; 2006-07 - იუვენტუსი; 2009-12 - მარსელი; 2012-დან - საფრანგეთის ნაკრები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული