საფრანგეთი. ლიგა 1. XVII ტური: გოლი და ზეიმი სინქრონულად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: პსჟ-ნანტი 2:1

ხშირად ნახავთ, საფრანგეთის ლიგა 1-ში საშუალოდ 3,5-ზე მეტი გოლი გავიდეს? აი, ასეთი უხვგოლიანი გამოდგა მე-17 ტური, ბევრი დრამატული, დაძაბული დუელითა და თრილერით.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დიმიტარ ბერბატოვის დუბლით "მონაკომ", პრინციპში, ადვილად მოუგო "ტულუზს" და კარგი ნიადაგი შეიმზადა, როგორც "ზენიტთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩის წინ, ასევე მომავალი ტურის შეხვედრისთვის, რომელიც "მარსელთან" აქვს.

დუბლი როგორი უნდა, ყველას ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აჩვენა, რომელმაც მორიგი შოუ დადგა და პირადად მოაგებინა პსჟ-ს "ნანტთან". "იადონები" პარიზში ყოჩაღობდნენ და იგებდნენ კიდეც ალეხანდრო
ბედოიას შესანიშნავი გოლით, მაგრამ... იბრაკადაბრამ ჯერ საუცხოო ჯარიმა ჩასვა მეტოქის კარში, ხოლო მერე ვარდნაში თან გაიტანა და თან იზეიმა, სინქრონში... ამ მომენტმა მთელი ინტერნეტსივრცე და ტელევიზიები მოიარა. ზლატანის ანგარიშზე უკვე 8 ბურთია.

წყვილი გოლი გაიტანა შეიკ დიაბატემაც, რომელმაც ასე უპასუხა ვილი სანიოლს იმაზე, რომ ახალგაზრდა მწვრთნელმა იგი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და გვიან ჩართო თამაშში. ჟირონდელები "ლორიანთან" ძალიან წვალობდნენ და ორჯერ მარცხდებოდნენ, მაგრამ დიაბატე მე-60 წუთზე შემოვიდა და 66-ეზე უკვე 3:2 იყო. ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა "მიშელ დ’ორნანოზე", ოღონდ სტუმრების სასარგებლოდ, "კაენმა" საკუთარ კედლებში ისევ წააგო. არადა, პირველი ტაიმის მერე 2:1-ს იგებდა, მაგრამ მერე "ნიცამ" იძალა.

"ტრაგიკულად" დასრულდა "რენის" ხანგრძლივი წაუგებელი სერია. ბრეტანელები, რომლებიც წინა ტურებში დაფრინავდნენ, მოულოდნელად განადგურდნენ თითქოს არც ისე კარგ ფორმაში მყოფ "მონპელიესთან" - 0:4. ბრეტანელებს მართლა ყველამ გაუტანა, ვისაც არ დაეზარა, თვით მოსკოვის "სპარტაკიდან" ნათხოვარმა ლუკას ბარიოსმაც, რომელზეც მონპელიელებს ხელი უკვე ჩაქნეული ჰქონდათ. პარაგვაელი იქამდე ჩატარებულ 10 შეხვედრაში უგოლოდ იყო და აი, ახლა პირადი ანგარიში გახსნა ლიგა 1-ში.

ასევე მტკივნეულად დამარცხდა "ევიანი", რომელიც ამ ტურამდე მიჯრით სამი მოგებით მოვიდა და ლიდერის, დანიელ ვასის გარეშე "ლიონსაც" უგებდა, თანაც ორჯერ. ორივე გოლი სედრიკ ბარბოსამ შეაგდო (აქედან ერთი ულამაზესი ჯარიმა), 38 წლის ვეტერანმა კლანჭები გამოაჩინა, მაგრამ ასევე დუბლი შეასრულა ალექსანდრ ლაკაზეტმა, ოღონდ ლიონელებს აშკარად გაუმართლათ და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 94-ე წუთზე მსაჯმა მათ სასარგებლოდ არარსებული პენალტი დანიშნა, რომლითაც მოიგეს კიდეც.

ისე, ამ ტურში 5-მა ფეხბურთელმა გაიტანა ორ-ორი გოლი, ხოლო ლაკაზეტი 13 გოლით ბომბარდირთა დავას სათავეში ერთპიროვნულად ჩაუდგა.

ლიონელთა თავდამსხმელთან დაწევა ანდრე-პიერ ჟინიაკს შეეძლო, მაგრამ "მარსელის" ფორვარდმა მხოლოდ ერთი გოლი იკმარა. მას დიმიტრი პაიემ გაუწია ასისტენტობა და ბოლოს თავადაც შეაგდო, შუალედში კი ანდრე აიუმ გაიტანა. პაიე 8 საგოლე გადაცემით მეპასეთა დავაში ლიდერობს, ხოლო მისი გუნდი ცხრილში აგრძელებს ლიდერობას, მარსელო ბიელსამ "მეცთან" მოგებით რამდენიმე საათით დაკარგული პირველი ადგილი დაიბრუნა.

"სენტ ეტიენი" აღარ ხუმრობს, "მწვანეებმა" საკუთარ თავს მწვანე აუნთეს და ზედიზედ მესამედ მოიგეს, გოლი ისევ არ გაუშვეს და უკვე 11 მატჩია, არ წაუგიათ. კვლავაც იხეირა რიკი ვან ვოლფსვინკელმა.

ანგარიში 3:2 ტურში ძალიან პოპულარული გახლდათ, სწორედ ამ ანგარიშით მოიგო "რეიმსთან" საგარეო "თრილერი" "გენგამმა" და ჟოსელინ გურვენეკი კიდევ უფრო მყარად ჩაეჭიდა სკამს. "ლანსმა" და "ლილმა" კი ზავი დადეს, რაც ნიშნავს, რომ ლილელებს უკვე 12 მატჩია, არ უმარჯვიათ.

ლიგა 1. XVII ტური
ტულუზი-მონაკო 0:2
გოლები: 0:1 ბერბატოვი (45), 0:2 ბერბატოვი (77-პენ.)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, ტულალანი, აბდენური, რაჯი - მოუტინიო, ბაკაიოკო - ბერნარდო სილვა, ბერბატოვი (89. ოკამპოსი), ფერეირა კარასკო (80. დირარი) - მარტიალი (72. ჟერმენი)

პსჟ-ნანტი 2:1
გოლები: 0:1 ბედოია (8), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (34), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (48)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ორიე, მარკინიოსი, ტაგო სილვა, დინი - ვერატი, რაბიო, პასტორე - ლავეცი, ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი

ბორდო-ლორიანი 3:2
გოლები: 0:1 ჟანო (31), 1:1 ხაზრი (43), 1:2 ლე გოფი (50), 2:2 დიაბატე (64), 3:2 დიაბატე (66)

კაენი-ნიცა 2:3
გოლები: 0:1 ამავი (32), 1:1 დუამელი (39-პენ.), 2:1 ნანჟისი (45), 2:2 ბოტიუ (64-პენ.), 2:3 პლეა (74)

რენი-მონპელიე 0:4
გოლები: 0:1 მარტინი (23), 0:2 სანსონი (55), 0:3 ბარიოსი (60), 0:4 მუნიე (90+2)

სტ. ეტიენი-ბასტია 1:0
გოლი: 1:0 ვან ვოლფსვინკელი (58)

ევიანი-ლიონი 2:3
გოლები: 1:0 ბარბოსა (28), 1:1 ბენზია (62), 2:1 ბარბოსა (64), 2:2 ლაკაზეტი (81), 2:3 ლაკაზეტი (90+4)

ლანსი-ლილი 1:1
გოლები: 0:1 გეიე (47), 1:1 ა. კულიბალი (90+1)

რეიმსი-გენგამი 2:3
გოლები: 1:0 შაბრონიე (6), 1:1 იაკობსენი (33), 1:2 მანდანი (47), 2:2 ონიანგი (68), 2:3 ბოვე (79)

მარსელი-მეცი 3:1
გოლები: 1:0 ჟინიაკი (43), 1:1 ფ. მალუდა (46), 2:1 ა. აიუ (59), 3:1 პაიე (90+2)

ბომბარდირები: 13 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 11 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 8 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), შეიკ დიაბატე (ბორდო); 7 - ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), ედინსონ კავანი (პსჟ), დანიელ ვასი (ევიანი)

მომდევნო ტური
12 დეკემბერი:
ლიონი-კაენი

13 დეკემბერი:
ნანტი-ბორდო, ბასტია-რენი, ლორიანი-მეცი, მონპელიე-ლანსი, რეიმსი-ევიანი

14 დეკემბერი:
ნიცა-სტ. ეტიენი, გენგამი-პსჟ, ლილი-ტულუზი, მონაკო-მარსელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული