ვინი სანიოლი - ლორან ბლანის მემკვიდრე "ბორდოში"

AutoSharing Option
ვილი სანიოლი კიდევ ერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი მწვრთნელია. სენტ ეტიენში დაბადებული სანიოლი მარტში 38 წლის გახდება, მაგრამ უკვე მოასწრო საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან მუშაობა და ამ სეზონის წინ "ბორდოს" ჩაუდგა სათავეში. ჟირონდელები ბოლო წლებში ღრმა კრიზისში იყვნენ, მაგრამ სანიოლმა ის შეძლო, რაც მისმა წინამორბედებმა ვერ მოახერხეს და გამოსავალი იპოვნა.

- თქვენი აზრით, ვინ იმსახურებს წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებას?
- მსოფლიოს ჩემპიონატების წლებში, ეს როგორც წესი, მუნდიალზე ტრიუმფატორი მწვრთნელია ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების გამო, კარლო ანჩელოტი ამ აღიარებას არანაკლებ
იმსახურებს, ალბათ მაინც უფრო სამართლიანი იქნება თუ საუკეთესოდ იოახიმ ლიოვს დაასახელებენ. ისე კი, ამ ორ სპეციალისტს შორის არჩევა რთულია, ისინი სხვადასხვა ხასიათის და სტილის არიან, მაგრამ ორივემ იცის წარმატების მიღწევა და გულშემატკივარიც სწორედ ამას ითხოვს.

ჩემი აზრით, საუკეთესო სწორედ მათ შორის უნდა აირჩეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში გუნდზე და მის შედეგებზე გავლენის მოხდენის მხრივ ყველაზე გამორჩეული დიეგო სიმეონე იყო. შეუძლებელია ეს არ შენიშნო, სიმეონეს მწვრთნელობის ისეთივე სტილი აქვს, როგორი ფეხბურთელიც გახლდათ. იგი არასოდეს ნებდება, თითოეულ პატარა დეტალს დიდ ყურადღებას აქცევს და მისთვის ერთობა, გუნდურობა, მოტივაცია და სპორტული აგრესია ძალიან მნიშვნელოვანია. "ატლეტიკო" სიმეონეს განასახიერებს და ამიტომაც აღწევს წარმატებებს.

- და ვის ანიჭებთ უპირატესობას ლიონელ მესის, კრიშტიანო რონალდოსა და მანუელ ნოიერს შორის?
- ვერც ერთს ვერ მივანიჭებდი უპირატესობას. ერთი მხრივ. ვსაუბრობთ ორ ფანტასტიკურ თავდამსხმელზე, რომლებიც ფეხბურთის ისტორიას ქმნიან და ძალიან დიდი ხნით დატოვებენ კვალს. მეორე მხრივ, ვსაუბრობთ მეკარეზე რომელიც მთელი წელი კედელივით იყო. ნოიერი მინდვრის მოთამაშედაც მშვენიერია და ეს მსოფლიოს ჩემპიონატზეც დავინახეთ, მას გამორჩეული, თავისი სტილი აქვს. იგი მსოფლიოს ჩემპიონია, ხოლო მესი და რონალდო რეკორდების დამყარებას აგრძელებენ. მათ შორის არჩევა რთულია, ჩემთვის განსაკუთრებით. ნოიერის ერთადერთი პრობლემა იმაშია, რომ ის მეკარეა და გოლკიპერებს "ოქროს ბურთის" მოგება უძნელდებათ.

- რომელმა მწვრთნელმა მოახდინა თქვენზე დიდი ზეგავლენა?
- რაღაც დოზით ყველამ. "მონაკოში" ჟან ტიგანასაგან და კლოდ პუელისგან კარგად გავიგე და გავითავისე, რას ნიშნავს იყო პროფესიონალი. "ბარიერნში" იყო ოტმარ ჰიტცფელდი, რომელიც მართლაც დიდი მწვრთნელი გახლდათ და ფელიქს მაგათი, ვის ხელშიც ძალიან ბევრი შრომა და ვარჯიში მიწევდა, მაგრამ სამაგიეროდ, ფორმის პიკში სწორედ იმ პერიოდში აღმოვჩნდი.

- თქვენი სამწვრთნელო კარიერა საკმაოდ წარმატებულია, არადა ჯერ ახალგაზრდა ხართ...
- საქმის შეფასება ნახევარი სეზონით არ მინდა. აჯობებს ამაზე მაისში ვისაუბროთ, როდესაც ჩემი პირველი წელი გავა. ჩემ თავზე ვმუშაობ, საკუთარ თავს შეკითხვებს ვუსვამ, ნელ-ნელა ვსწავლობ და გეგმაში შორეული წარმატებები და კარგი შედეგების მიღწევა მაქვს. 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცობისა და "ბორდოში" ჩემი ნახევარი სეზონის მიხედვით მსჯელობა და ანალიზის გაკეთება ნაადრევი მეჩვენება. თუმცა ფაქტია, რომ კარგი შედეგების მიღწევა ყველას სიამოვნებს, მათ შორის მეც.

- ყველაზე მეტად რომელ პრინციპებს სცემთ პატივს?
- ადამანურ ფაქტორს, რადგან პირველ რიგში პიროვნებაა და მერე ფეხბურთელი. ვმუშაობ იმაზე, რომ ჩემს მოთამაშეებს თავდაჯერება ყოველდღიურად აუმაღლდეთ და დამუხტულები იყვნენ. გარდა ამისა, სათამაშო კარიერისას სანახაობრივი ფეხბურთი შემიყვარდა და ვცდილობ, კლუბი მეც ასე ვათამაშო. ფეხბურთი ჩემთვის პირველ რიგში სანახაობაა და გარდა იმისა, რომ თავად ისიამოვნო, მაყურებელსაც უნდა მიანიჭო სიამოვნება. შეგირდებით ძალიან კმაყოფილი ვარ, მათ ყველაფერი სწრაფად და კარგად გაითავისეს.

- სულ რაღაც 37 წლის ბრძანდებით და თქვენ ზოგიერთ ფეხბურთელზე სულ ოდნავ უფროსი ხართ. მათთან თავს უშუალოდ და ახლოს გრძნობთ?
- ფეხბურთელებთან ახლოს ყოფნა ბუნებრივი და ძალიან კარგია, თანაც ასაკის ფაქტორის გათვალისწინებით. თუმცა გარკვეული დისტანციაც საჭიროა, რადგან როგორც მწვრთნელს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, რომელიც ყოველთვის ყველას არ ესიამოვნება.

- ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ნახევარი გზა გაიარეთ და თქვენ "ბორდოს" იმაზე მეტი ქულა აქვს, ვიდრე იგივე დროისთვის 2008/2009 წლების სეზონში საბოლოოდ გაჩემპიონებულ ლორან ბლანის "ბორდოს" ჰქონდა.
- სხვადასხვა პერიოდების და ეპოქების შედარება არ შეიძლება, არასწორია. ამ ორი "ბორდოს" შედარება იგივეა, რომ მიშელ პლატინი და პელე შეადარო, ეს შეუძლებელია.

კი, შესაძლოა, ეს დიდი ხნის წინ არ იყო, მაგრამ 5 წელი ფეხბურთში არც ისე ცოტა დროა. მით უმეტეს, მას მერე გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილები ვართ. შეიძლებოდა უკეთესი სიტუაციაც ყოფილიყო და მეტი ქულის მოგროვება შეგვეძლო, მაგრამ მთავარია ასე გავაგრძელოთ და მომავალშიც ბოლომდე დავიხარჯოთ, მაქსიმალურად მეტი ქულა დავაგროვოთ და რამე საინტერესოს მივაღწიოთ, მაგალითად ვეროსაგზური მოვიპოვოთ.

- როდესაც იმავე ლორან ბლანს უყურებთ, თუ როგორ ეპაექრება იგი ევროპის წამყვან კლუბებს, ალბათ თქვენც ძალიან გინდებათ რომ იგივე გამოსცადოთ არა?
- როდესაც ფეხბურთელი ხარ შეგიძლია მომავალში გაიხედო და კარიერა დაგეგმო და ნელ-ნელ განვითარებაზე იყო ორიენტირებული. თუმცა ბევრად უფრო რთულია გარკვეული გათვლების გაკეთება, როდესაც მწვრთნელი ხარ. შესაძლოა, გქონდეს ამბიციები, მიზნები და გეგმები, მაგრამ მწვრთნელის მიღწევები გუნდზეა დამოკიდებული, ხოლო ფეხბურთელის უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე. კლუბში კი 20-25 ფეხბურთელია და მხოლოდ ერთი მწვრთნელი. ერთი სიტყვით, ძალიან განსხვავებული სპეციფიკაა და უფრო რთულია რამის წინასწარ დაგეგმვა.

- თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელები დიდ პოპულარობით სარგებლობენ, ამაზე რას გვეტყვით?
- ვფიქრობ, სავსებით ბუნებრივი და ნორმალურია, როდესაც ისეთ ადამიანზე ლაპარაკობენ, როგორც ჟოზე მოურინიოა. იგი ძალიან წარმატებულია. იგივე ითქმის მაგალითად ხოსეპ გვარდიოლაზე. პიროვნებასა და ხასიათს, იმიჯსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

მოურინიო და გვარდიოლა კი ისეთი ტიპის სპეციალისტები არიან, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში იმყოფებიან. კარლო ანჩელოტიც ბევრს იგებს, მაგრამ მასზე შედარებით ნაკლებს საუბრობენ, რადგან თავად იგია უფრო მშვიდი და თავშეკავებული. არ ვიცი როგორი უნდა იყო, და როგორ ჯობია, ყველას თავისი აზრი აქვს, ზოგს რა ურჩევნია, ზოგს რა. სამაგიეროდ, ვიცი, რომ არაფერია განსაკუთრებული და ცუდი იმაში, რომ წარმატებული ადამიანები, მათ შორის მწვრთნელები, პოპულარობით სარგებლობენ.

დოსიე
ვილი სანიოლი

დაიბადა: 1977 წ. სენტ ეტიენი (საფრანგეთი)
კარიერა: 1995-97 - სენტ ეტიენი; 1997-2000 - მონაკო; 2000-09 - ბაიერნი
საფრანგეთის ნაკრები: 58 თამაში
სამწვრთნელო კარიერა: 2013-14 - საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები; 2014-დან - ბორდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული