ლიგა 1. XXVII ტურის წინ: "მონაკოსთან" იბრაჰიმოვიჩის გარეშე

AutoSharing Option
"მარსელს", რომელსაც ზედიზედ 3 ფრე აქვს და ლიდერ "ლიონს" უკვე 4 ქულით ჩამორჩა, ხოლო მეორეადგილოსან პსჟ-ს ორით, ის ევალება, რასაც 6 ტურია, ვერავინ ახერხებს და მათ შორის, ვერც "პარი სენ-ჟერმენმა" შეძლო - ანუ "კაენის" დამარცხება.

პატრის გარანდის ბიჭებს 5 მოგება და 1 ფრე აქვთ. მარსელო ბიელსას კლუბს კი, ჩემპიონობას სულ რომ შევეშვათ, მოგება მარტო იმიტომაც სჭირდება, რომ შესაშურად ათამაშებული "მონაკო" კუდზე აზის.

"მონაკოც" ვახსენეთ და "პარი სენ-ჟერმენიც" და სწორედ ეს გუნდები დახურავენ ტურს მთავარი მატჩით. ლეონარდო ჟარდიმის მონეგასკებმა ინგლისის დედაქალაქ
ლონდონში გმირულად იმოგზაურეს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ გიგანტური ნაბიჯი გადადგეს. ასეთ ხასიათსა და ტალღაზე მყოფი მონაკოელების ძლევა ადვილი არ იქნება, თანაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე.

დიახ, პარიზელებს თავიანთი ლიდერი დააკლდებათ დისკვალიფიკაციის გამო. ლორან ბლანმა, შესაძლოა, ვერც ტიაგო მოტა, ლუკასი, იოან კაბაი და სერჟ ორიე დაიხმაროს. შემადგენლობასთან პრობლემები ჟარდიმსაც აქვს, მასპინძელთა რიგებში რამდენიმე მცველის თამაშია საეჭვო.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს ზედიზედ 6 ფრე აქვთ ნათამაშები. 2010 წელს თასზე 0:0 ითამაშეს და მერე პარიზელებმა დამატებით დროში მოიგეს. იმავე წელს ლიგა 1-ის ეგიდით, "პარკ დე პრენსზე" 2:2 შემოგვთავაზეს, ხოლო ამის შემდეგ ზედიზედ 4 1:1 დააფიქსირეს. საინტერესოა ისიც, რომ ფრე დიდად არცერთს არ აძლევს ხელს.

პირველადგილოსანი "ლიონი" გასვლაზე ითამაშებს "ლილთან", რომელიც საუკეთესო სეზონს ნამდვილად ვერ ატარებს, მაგრამ რაც უნდა იყოს, რენე ჟირარის მძიმე გუნდი ურთულესი წასაქცევია. თუმცა მთავარია, ლიონელებს ალექსანდრ ლაკაზეტი დაუბრუნდათ და ბრწყინავს ნაბილ ფეკირიც.

"სენტ ეტიენი" აუტსაიდერად ქცეულ "ტულუზს" ეწვევა. ქულები ორივეს სჭირდება, სატურნირო კუთხით უმნიშვნელოვანესი მატჩია. ისევე, როგორც "ექვსქულიანი დუელი" გასავარდნ ზონაში მყოფ "მეცსა" და "ევიანს" შორის.

"ბორდო" იმ "რეიმსის" დამარცხებას ეცდება, რომელსაც 7 ტურია, არ უმარჯვია. კიდევ უფრო დიდი ხანია - 10 ტურია, არ მოუგია "რენს", რომელიც წყალწაღებულ "ლანსს" სტუმრობს. კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც დიდი ხანია, არ აუღია 3 ქულა (7 ტური), "ნანტია", რომელიც გათამამებულ "გენგამს" მასპინძლობს.

ლიგა 1. XXVII ტური
27 თებერვალი
მარსელი-კაენი 23:30

28 თებერვალი
ლილი-ლიონი 19:00
ბორდო-რეიმსი 23:00
ლანსი-რენი 23:00
ლორიანი-ბასტია 23:00
მეცი-ევიანი 23:00
ტულუზი-სტ. ეტიენი 23:00

1-ლი მარტი
ნანტი-გენგამი 17:00
მონპელიე-ნიცა 20:00
მონაკო-პსჟ 00:00

ბომბარდირები:
21 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 14 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 11 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 9 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 8 - შეიკ დიაბატე (ბორდო), ედინსონ კავანი (პსჟ), დანიელ ვასი (ევიანი), მატიე დუამელი (ევიანი), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), პოლ-ჟორჟ ნტეპი (რენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული