იბრაჰიმოვიჩის "ნეხვი ქვეყანა" - აურზაური არაფრის გამო?

AutoSharing Option
საფრანგეთში და ზოგადად, საფეხბურთო სამყაროში ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარშემო დიდი აურზაურია. საქმე იბრაკადაბრას სკანდალურ განცხადებას ეხება, რომელიც მან "ბორდოსთან" მატჩის მერე გააკეთა.

ჟირონდელებთან მატჩში ზლატანმა ორჯერ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ საბოლოოდ, პსჟ მაინც დამარცხდა და "ლიონს" ჩამორჩება. თამაშის მერე იბრა ძალიან გაბრაზებული იყო მსაჯობით, განსაკუთრებით კი, ერთი ეპიზოდით, როდესაც აშკარა უკან პასისას არბიტრმა თავისუფალი დარტყმა არ დანიშნა "ბორდოს" კარში, რამდენიმე წუთში კი ვილი სანიოლის გუნდმა გამარჯვების გოლი შეაგდო.

გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში იბრაჰიმოვიჩს ვერ ამშვიდებდნენ, იგი მსაჯებს უყვიროდა და შემდეგი სიტყვები თქვა: "15
წელი ასეთი ცუდი მსაჯობა არსად მინახავს, როგორიც ამ ნეხვ ქვეყანაშია. საფრანგეთი არ იმსახურებს პსჟ-ს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არც არის გასაკვირი, რომ ამ სიტყვებს აჟიოტაჟი მოჰყვებოდა, რადგან გამოვიდა, რომ იბრაჰიმოვიჩმა ცხელ გულზე მთელ ქვეყანას მიაყენა შეურაცხყოფა, ფრანგები კი ამაყი ხალხია...

ცნობილმა პოლიტიკოსმა, "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა: "მათ, ვინც მიიჩნევს, რომ საფრანგეთი ნეხვი ქვეყანაა, შეუძლიათ დატოვონ ის".

"მსაჯების შეცდომა იქნება თუ სხვა კუთხით იმედგაცრუება, ეს იბრაჰიმოვიჩს არ ამართლებს და არბიტრებზე გაბრაზებულმა მთელი ის ქვეყანა არ უნდა გალანძღოს, რომელმაც იგი მიიღო. მან ბოდიში უნდა მოიხადოს" - დაწერა საკუთარ "თვითერზე" საფრანგეთის სპორტის მინისტრმა პატრიკ კანეემ.

იბრაჰიმოვიჩის ბოდიშმაც არ დააყოვნა: "უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ჩემი სიტყვები საფრანგეთის მოსახლეობისადმი არ იყო მიმართული.

ისინი, ვინც ჩემი სიტყვების გამო განაწყენდნენ, მათი მნიშვნელობა სწორად ვერ გაიგეს, მაგრამ მაინც მინდა მოვიბოდიშო ყველას წინაშე. ამის პრობლემა არ მაქვს, მე ღირსების ადამიანი ვარ, მობოდიშებაც ღირსეული საქციელია.

ვფიქრობ, ფრანგები საკმარისად ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში გაერკვნენ და არასწორი ინტერპრეტაციები არ გააკეთონ. კიდევ ერთხელ - თუკი ვინმე თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, მისთვის ბოდიშის მოხდა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

მე პატივს ვცემ მათ, ვინც პატივს მცემს მე. ასე რომ, ნუ დაამახინჯებთ ჩემი სიტყვების მნიშვნელობას. მხოლოდ ფეხბურთს ვგულისხმობდი, რადგან ეს ჩემთვის უმთავრესია".

შთაბეჭდილება, რომ "პარი სენ-ჟერმენს" ებრძვიან, კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფისაც რჩება. საქმე ის არის, რომ კლუბმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას "სენტ ეტიენთან" სათასო ნახევარფინალის გადადება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

5 აპრილს პსჟ "ველოდრომზე" "მარსელს" სტუმრობს და ამ თამაშმა, შესაძლოა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. შანსები ორივეს აქვს და ორივე "ლიონს" მისდევს. 8 აპრილს "მწვანეებთან" ნახსენები თამაშია, ხოლო 11 აპრილს - ლიგის თასის შეხვედრა "ბასტიასთან".

აპრილში პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩების ჩატარებაც უწევთ და წარმოიდგინეთ, რამდენად დატვირთული გრაფიკი აქვს ლორან ბლანს.

"ძალიან განვიცდი იმას, რომ სწრაფად მივიღეთ უარი ჩვენს თხოვნაზე, თითქოს განხილვა საერთოდ არ ყოფილა.

ფეხბურთელებისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იქნება ყველა შეხვედრისთვის საუკეთესო კონდიციებში ყოფნა. ასეთ დამოკიდებულებას კი სირცხვილს დავარქმევ. ფედერაცია, ფაქტობრივად, გვაიძულებს, რომ არჩევანი გავაკეთოთ საშინაო და საგარეო ტიტულებს შორის" - თქვა ალ-ხელაიფიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული