09:30 03-08-2015
საფრანგეთის სუპერთასი: პარიზელთა მეხუთე სუპერთასი
AutoSharing Option
ლიონელები საკმაო ხანი სერიოზულ პრეტენზიას აცხადებდნენ ჩემპიონობაზე, თუმცა უშუალოდ ამ შეხვედრაში გუნდებს შორის კოლოსალური სხვაობა იყო. ერთი მატჩით მსჯელობა არასწორია, მაგრამ ფაქტად უნდა აღვნიშნოთ, რომ პსჟ ცალი ფეხით გაუსწორდა თავის მეტოქეს, თითქოს, მეორეადგილოსანს კი არა, ქვედალიგელს ეთამაშებოდა. ლიონელებს არანაირი შანსი არ ჰქონიათ.
დედაქალაქელებმა საწყისი წუთებიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და დებიუტში მოაგვარეს ყველაფერი. პირველი გოლი მშვენიერი კომბინაციის შემდეგ სერჟ ორიემ გაიტანა. ორიე მოსამზადებელ პერიოდში ძალიან მონდომებული გახლდათ, ენერგიული და სპორტულად აგრესიული. მან კარგი განაცხადი გააკეთა ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად.
მალევე მეორე გოლი ედინსონ კავანიმ შეაგდო, მან ზლატან იბრაჰიმოვიჩის დარტყმულს დაამატა. თავად იბრას არ გაუმართლა, რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა. ორიესი არ იყოს, ამხანაგურ შეხვედრებში შესანიშნავად თამაშობდა ჟან-კევინ აგუსტენი, რომელიც კავანის ნაცვლად შევიდა და 18 წლის თავდამსხმელმა კინაღამ ისევ გაიტანა. შეცვლებზე შევიდნენ ასევე ახალგაზრდა ჟან-კრისტოფ ბაებეკი და გუნდის ახალწვეული ბენჯამინ სტამბული. ლორან ბლანმა ძირითადში დააყენა და შეუცვლელად ათამაშა გერმანელი მეკარე კევინ ტრაპი. იტალიელი გოლკიპერი სალვატორე სირიგუ ისევ ისვენებდა, ისევე, როგორც ტიაგო მოტა, ლუკას დინი და მარკინიოსი.
უბერ ფურნიეს გუნდის რიგებში კი კლაუდიო ბოვიუ ვიხილეთ. 27 წლის გვადალუპელს "გენგამში" ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და იგი "ლიონმა" შეიძინა. თუმცა ვერც ბოვიუმ, ვერც წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა ალექსანდრ ლაკაზეტმა და ვერც ვინმე სხვამ ვერაფერი გააწყო. "ლიონმა" პირწმინდად წააგო, თანაც მატჩის ბოლო მონაკვეთი ათი კაცით ჩაატარა.
"პარი სენ-ჟერმენმა" საფრანგეთის სუპერთასი ზედიზედ მესამედ, სულ კი მეხუთედ მოიგო. 7 აგვისტოს ლიგა ერთის ახალი სეზონი სწორედ პსჟ-ის მატჩით გაიხსნება, ბლანის ბიჭები "ლილს" სტუმრობენ. "ლიონი" კი 9 აგვისტოს "ლორიანს" უმასპინძლებს.
"ბევრი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ კმაყოფილები ვიყოთ. უამრავი მომენტი შევქმენით, ორი გოლი გავიტანეთ და თითქმის სრულად ვაკონტროლებდით მატჩის მსვლელობას. მეტოქეს თითქმის არანაირი შანსი არ მივეცით. ძალიან მესიამოვნა, რომ ფეხბურთელებს დიდი შემართება და მონდომება შევატყვე. გუნდურად ვმოქმედებდით და მეტოქეს საკუთარი თამაში მოვახვიეთ თავზე. რასაკვირველია, კარგი თამაშის მიუხედავად, პროგრესზე უნდა ვიფიქროთ" - აღნიშნა ბლანმა.
უბერ ფურნიე ძალიან უკმაყოფილო იყო: "ჩვენ უკეთეს, უფრო ძლიერ გუნდს შევხვდით, სხვაობა დიდი გახლდათ და ტიტულის მოგების შანსი არ გვქონდა. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, სანამ პსჟ-სთვის პრობლემების შექმნაზე ვიფიქრებთ. გამარჯვების ტექნიკური რესურსი არ გვქონდა. წინა სეზონში უკეთ ვავლენდით პოტენციალს. თუმცა ამ თამაშით ძალიან შორს ვართ ოპტიმალური ფორმისგან. საშინლად გამოვიყურებოდით "არსენალთან" ამხანაგურ მატჩშიც. პსჟ-სგან მხოლოდ ორი გოლი გავუშვით, მაგრამ შეიძლებოდა საქმე გაცილებით მძიმედ ყოფილიყო".
პსჟ-ლიონი 2:0
გოლები: 1:0 ორიე (11), 2:0 კავანი (17)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - მატუიდი, ვერატი (70. სტამბული), რაბიო - ლუკასი (82. ბაებეკი), კავანი (63. აგუსტენი), იბრაჰიმოვიჩი
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - ჟალე, კონე, უმტიტი, ბედიმო - ფერი (78. მალბრანკი), გონალონი, ტოლისო - ბენზია (67. გეზალი), ბოვიუ, ლაკაზეტი
გაფრთხილება: ვერატი, დავიდ ლუისი -
გაძევება: გონალონი (64)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული