ლიგა 1. III ტური: უდანაკარგო მხოლოდ პსჟ-ია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პარი სენ-ჟერმენს" ისევ არ ჰყავდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ახალწვეული ანხელ დი მარია. ხავიერ პასტორეც დებიუტში დაშავდა... თუმცა ლორან ბლანის გუნდს შემტევები სულ არ დასჭირდა მატჩის მოსაგებად. ბლეზ მატუიდი ისეთ ფორმაშია, რომ ალბათ, ბოლო მნიშვნელოვანი გოლი არ არის, რომელიც მან შემოგვთავაზა.

მატუიდიმ მაქსველის პასი გამოიყენა. ეს პარიზელებს ეყოთ იმისთვის, რომ უსახური "მონპელიე" დაემარცხებინათ და ერთპიროვნულად გალიდერებულიყვნენ. მონპელიელებს კი არც ქულა აქვთ და ჯერ არც გოლი გაუტანიათ.

"მონპელიესავით" წყალწაღებულია კლაუდიო ბოვიუს გარეშე დარჩენილი "გენგამი", რომელიც კორსიკაზე შერცხვა. "ბასტია" აღარ ხუმრობს და მეორე
ადგილით იწონებს თავს. კორსიკელებმა იქამდე 6-ქულიან "რეიმსსა" და "კაენს" გადაასწრეს, რომლებმაც თავიანთი მატჩები მინიმალური სხვაობებით წააგეს: პირველმა "ნანტთან", მეორემ კი "ნიცასთან", რომლის მხრიდანაც ერთი გოლი ბენ არფამ გაიტანა.

რეიმსელთა რიგებში კი ჯაბა კანკავას დებიუტი შედგა. იგი ძირითადში იყო, მინდორზე 53 წუთი გაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო. "ნანტმა" კი რეიმსელების დამარცხების მერე უკვე 7 ქულას მოუყარა თავი, "იადონები" მძლავრად იწყებენ. 7-იანთა კლუბშია "ანჟერიც", რაც ყველაზე მოულოდნელია. ანჟერელებმა შეიკ ნ'დოის დუბლით მოუგეს ასევე აღზევებულ "გაზელეკ აიაჩოს".

ძალიან ცუდად გამოიყურება "ლიონი", რომელიც თავის "ჟერლანზე" დამარცხდა "რენთან". მეორე შემადგენლობით "მონაკომ" ქულაზე მეტი ვერ აიღო "ტულუზასთან", მონეგასკები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადებოდნენ.

"ლორიანი" პირველივე წამებზე 10 კაცით დარჩა, მაგრამ "სენტ ეტიენმა" გატანა მხოლოდ 87-ეზე მოახერხა, "მწვანეებს" რომენ ამუმამ მოაგებინა.

"ლილმა" მესამე მატჩში მეორე 0:0 ითამაშა, ამჯერად "ბორდოს" დაუზავდა. ჟირონდელებიც ძალიან მძიმედ იწყებენ.

სამაგიეროდ, გაილაღა "მარსელმა". მიჩელმა "ველოდრომზე" თავისი დებიუტი ძალიან ლამაზი გამარჯვებით აღნიშნა. მარსელელებმა "ტრუა" არ დაინდეს. მიში ბატშუაი ორი გოლითა და პასით გამოირჩა, რომენ ალესანდრინიმ პირიქით, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთი გაიტანა. დებიუტანტი და საფრანგეთში დაბრუნებული რემი კაბელიაც მოგვევლინა ასისტენტად. მოკლედ, ვისაც არ დაეზარა, "ტრუა" ყველამ დაჩაგრა. "მარსელს" ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება ამ რთულ პერიოდში ძალიან სჭირდებოდა.

ლიგა 1. III ტური
მონპელიე-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 მატუიდი (60)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - ტიაგო მოტა, მატუიდი, პასტორე (10. რაბიო) - ლუკასი (81. სტამბული), ლავესი (69. აგუსტენი), კავანი

ლიონი-რენი 1:2
გოლები: 0:1 ენრიკე (7), 1:1 ფეკირი (12), 1:2 ზეფანი (55)
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - რაფაელი, იანგა-მბივა, უმტიტი, ბედიმო - ფერი (77. გეზალი), გონალონი, ტოლისო - ვალბუენა (70. კორნიე), ფეკირი, ლაკაზეტი (62. ბოვიუ)

ნანტი-რეიმსი 1:0
გოლი: 1:0 ლენიანი (76)

გაზ. აიაჩო-ანჟერი 0:2
გოლები: 0:1 ნ’დოი (2), 0:2 ნ’დოი (20)

ნიცა-კაენი 2:1
გოლები: 1:0 ბენ არფა (66), 1:1 დელორი (67), 2:1 პლეა (77)

ბასტია-გენგამი 3:0
გოლები: 1:0 პალმიერი (5), 2:0 ბაკა (39-ს.კ-ში), 3:0 კულიბალი (90)

ტულუზა-მონაკო 1:1
გოლები: 1:0 დუმბია (22), 1:1 ლემარი (65)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ტურე, ტულალანი, უოლასი, კურზავა - ა. ტრაორე, ბაკაიოკო, ბალული (60. ლემარი) - დირარი (81. ლ. ტრაორე), კარილიო, ელ შაარავი (71. ბერნარდო სილვა)

ლილი-ბორდო 0:0

ლორიანი-სტ. ეტიენი 0:1
გოლი: 0:1 ამუმა (87)
გაძევება: ლეკომტი (1)

მარსელი-ტრუა 4:0
გოლები: 1:0 ბარადა (19), 2:0 დიარა (47), 3:0 ბატშუაი (56), 4:0 ოკამპოსი (63), 5:0 ალესანდრინი (87), 6:0 ბატშუაი (90)

მომდევნო ტური.
28 აგვისტო:
გენგამი-მარსელი.

29 აგვისტო:
კაენი-ლიონი, ანჟერი-ნიცა, ტუა-მონპელიე, ლილი-გაზ. აიაჩო, რეიმსი-ლორიანი, რენი-ტულუზა.

30 აგვისტო:
სტ. ეტიენი-ბასტია, ბორდო-ნანტი, მონაკო-პსჟ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული