ლიგა 1. XXXIV ტურის წინ: ორი ცენტრალური

AutoSharing Option
პირველი შეხვედრა არის კიდეც ტურის ცენტრალური თამაში. "ლიონის" ახალ, მშვენიერ და სუპერთანამედროვე "პარკ ოლიმპიკ ლიონზე" ადგილობრივი გუნდი "ნიცას" მასპინძლობს, რომელსაც ამ წუთისთვის 2 ქულით უსწრებს.

ნიცელები კარგ ფორმაში არიან, უფრო სწორად და პირდაპირ თუ ვიტყვით, ატემ ბენ არფა "დაფრინავს" და მასპინძლები, პირველ რიგში, მას უნდა უფრთხოდნენ. ამჟამად ლიონელებს "ნიცასთან" ზედიზედ ორი წაგება აქვთ. იქამდე მიჯრით 3 მოგება ჰქონდათ.

ახლა პირდაპირ ტურის უკანასკნელ მატჩზე გადავიდეთ: "მონაკომ" ორი კონკურენტის დაპირისპირებით უნდა ისარგებლოს და "ლუი მეორეზე" "მარსელს" აჯობოს. მარსელელებმა სეზონი ჩააგდეს და მათთან
წაგება ძნელად მოსახერხებელია, მაგრამ არც მოგებაა იოლი საქმე, "მარსელს" 33 მატჩიდან 16 ფრედ აქვს დასრულებული.

სამეულის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ "რენსა" და "სენტ ეტიენს", მაგრამ თუ ამ ტურში ვერ მოიგეს, შანსი თითქმის აღარ იქნება. პირველი ბრეტანულ "გენგამს" მასპინძლობს, ხოლო მეორე კორსიკაზე "ბასტიას" სტუმრობს.

ასევე კორსიკაზე ითამაშებს "ლილი", რომელსაც ზედიზედ 5 მოგება აქვს, ბოლო 12 შეხვედრიდან კი ფრედერიკ ანტონეტის ბიჭებმა მხოლოდ ერთი წააგეს. მოკლედ, ლილელებს ამბიციები მოაწვათ და ფორმაშიც არიან, რაც ცუდი ამბავია "გაზელეკ აიაჩოსთვის".

ჯაბა კანკავას "რეიმსი" ამ ეტაპზე, წესით, მშვიდად უნდა იყოს, რადგან უკვე დაქვეითებულ "ტრუასთან" ვოიაჟში მოგება რეიმსელებს არ უნდა გაუჭირდეთ.

15 აპრილი
ლიონი-ნიცა 22:30

16 აპრილი
პსჟ-კაენი 19:00
ტრუა-რეიმსი 22:00
ბორდო-ანჟერი 22:00
ლორიანი-ტულუზი 22:00
გაზ. აიაჩო-ლილი 22:00
ბასტია-სტ. ეტიენი 22:00

17 აპრილი
ნანტი-მონპელიე 16:00
რენი-გენგამი 19:00
მონაკო-მარსელი 23:00

ბომბარდირები: 30 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 16 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), ატემ ბენ არფა (ნიცა); 14 - ედინსონ კავანი (პსჟ), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), მიში ბატშუაი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული