საფრანგეთის თასი. ფინალი: პსჟ საფრანგეთში უკონკურენციოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მარსელმა" ზედიზედ მე-10 "კლასიკი" წააგო საძულველ "პარი სენ-ჟერმენთან". საშინაო არენაზე პსჟ კვლავ დომინანტად და ტრიუმფატორად მოგვევლინა - დააგვირგვინა რა სეზონი "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთის თასის ფინალის მოგებით. პარიზელებმა კომფორტულად იმარჯვეს და ზლატან იბრაჰიმოვიჩიც ღირსეულად წავიდა.

ლორან ბლანის გუნდი დებიუტშივე დაწინაურდა, როდესაც ანხელ დი მარიამ ბლეზ მატუიდის გაატანინა. მალევე ფლორენ ტოვენს კარგი შორეული დარტყმა გამოუვიდა და გაათანაბრა. მეორე ტაიმის დებიუტში კი იმავე მატუიდიმ პენალტი გამოიმუშავა და, რა თქმა უნდა, რეალიზაცია ზლატანისა გახლდათ.

შემდეგ იბრაკადაბრამ ედინსონ კავანის შესანიშნავი პასი გაუჭრა და ურუგვაელმაც
სხვაობა გაზარდა. ბოლოს კი თავად იბრაჰიმოვიჩმა ერთიც დააატა იმავე მატუიდის პასით. ერთადერთი, რაც "მარსელმა" მეორე ტაიმში გააკეთა, 87-ე წუთზე მიში ბატშუაის გოლია, რითაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 2:4 პსჟ-ის სასარგებლოდ.

როგორც გითხარით, მარსელელებმა მიყოლებით მე-10 "კლასიკი" წააგეს (აქედან 7 ჩემპიონატში) და 12 მატჩია, დედაქალაქელები არ დაუმარცხებიათ.

"მარსელის" მწვრთნელი ფრანკ პასი:
"ახლა ჩვენთვის პსჟ-ის კარში გოლები გატანა ძალიან რთული ამოცანა გახლდათ და ამიტომაც დაცვაში ასე უყურადღებოდ არ უნდა გვეთამაშა. მეტოქეს ძალიან მარტივად გავატანინეთ. რასაკვირველია, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და ფანებისაც მესმის. ეს რთული სეზონი იყო და პლუს, პრინციპულ მეტოქესთან დავმარცხდით, მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ მწვრთნელი მხოლოდ ერთი მატჩით არ შეაფასოთ".

"მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ჩავატარეთ და დამსახურებულად ვიმარჯვეთ. უფრო აგრესიულად და აქტიურად ვთამაშობდით, ტაქტიკურადაც უფრო გამართულად და უპირატესობას ვფლობდით.

ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს კიდევ ერთ ტიტულს. ეს სეზონიც წარმატებული გამოდგა. ცხადია, ჩვენ ევროტურნირებზეც გვსურს წარმატების მიღწევა და დასანანია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხ საუკეთესოს შორის ვერც ამჯერად მოვხვდით, მაგრამ შემდეგ სეზონში ახლიდან შევეცდებით. პსჟ-ის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა" - გვითხრა ლორან ბლანმა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "ოთხი ფანტასტიკური წლის შემდეგ გუნდთან და ფანებთან ასე გამომშვიდობება ფანტასტიკურია. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ, გვქონდა რთული პერიოდებიც და არაერთი წარმატება. აქ შესანიშნავი ადამიანები გავიცანი და ბევრი მეგობარი შევიძინე. ჩემთვის პატივი იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში პარიზელი ვყოფილიყავი და ეს რაღაცას ნიშნავს".

მარსელი-პსჟ 2:4
გოლები: 0:1 მატუიდი (3), 1:1 ტოვენი (12), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (47-პენ), 1:3 კავანი (57), 1:4 იბრაჰიმოვიჩი (82), 2:4 ბატშუაი (87)
მარსელი (4-4-2): მანდანდა - მანკილიო, ნ’კულუ, რეკიკი, მენდი - ტოვენი (81. ნ’კუდუ), ისლა, დიარა, ბარადა (70. ჯა ჯეჯე) - ბატშუაი, ფლეტჩერი (60. კაბელია)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ორიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი, რაბიო, მატუიდი, სტამბული (75. დავიდ ლუისი) - დი მარია, კავანი (75. ლუკასი), იბრაჰიმოვიჩი (90. კურზავა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული